logo_geo
„პირბადის გარეშე გავლა შეუძლებელია“ - კახა კალაძე მიწისქვეშა გადასასვლელში იმყოფებოდა
- +

8 ნოემბერი. 2017. 10:00


თბილისის არჩეულმა მერმა კახა კალაძემ ზოოპარკისა და ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელი დაათვალიერა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.


კახა კალაძე მიწისქვეშა გადასასვლელში „თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელობასთან ერთად იმყოფებოდა, რომელსაც დღეიდან, დასუფთავებისა და გადასასვლელების მოწესრიგების სამუშაოების დაწყება სთხოვა.


„მიწისქვეშა გადადასვლელებში არსებული მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს. ძალიან მძიმე ვითარებაა. „თბილსერვისის" ხელმძღვანელს მინდა ვთხოვო, რომ დღესვე დაიწყოთ სამუშაოების შესრულება - მორეცხვა, ელექტროგაყვანილობა და განათება, რადგან აღარაფერი არსებობს.

 

ყველაფერი, რაც ადრე იყო, დაზიანებულია. შესაბამისად, ეს ყველაფერი მალე უნდა მოვიყვანოთ მწყობრში და მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ გადაადგილება კომფორტულად შეეძლოთ", - განაცხადა კახა კალაძემ.


მისივე თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ ქალაქში ზოგიერთი მიწისქვეშა გადასასვლელი გასხვისებული ან იჯარით არის გაცემული.


„ასევე მინდა, გთხოვოთ, მიწისქვეშა გადასასვლელები, რომელიც არის გასხვისებული და იჯარით გაცემული, ერთიანი სტანდარტი იქნეს შემუშავებული, სრული სურათი წარმოადგინოთ 10 დღის განმავლობაში. ყველა ადამიანმა, მესაკუთრემ კეთილი უნდა ინებოს და არსებული მდგომარეობა ერთიან სტანდარტში მოიყვანოს. ჩვენ შევიმუშავებთ საკრებულოსთან ერთად, რომ ელემენტარული მიწისქვეშა გადასასვლელით სარგებლობა იყოს ადამიანისთვის კომფორტული და არ იყოს ის სიტუაცია, რაც დღეს ვნახეთ. შეუძლებელია, პირბადის გარეშე გაიარო გადასასვლელი", - აღნიშნა კახა კალაძემ.


ამასთან, არჩეულმა მერმა ახალგაზრდებს მიმართა და მიწისქვეშა გადასასვლელების მოხატვასთან დაკავშირებით, მათი ნიჭის გამოყენების შესაძლებლობაზე ისაუბრა.


„ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვყავს და ალბათ შევიმუშავებთ კონკრეტულ გეგმას, რომელიც ზოგადად, გვირაბების მოხატვას ეხება. შესაბამისად, მომდევნო დღეების განმავლობაში, როდესაც მიწისქვეშა გადასასვლელებზე სრული სურათი გვექნება, ახალგაზრდებს კონკრეტულ ადგილებს შევთავაზებთ, სადაც გვირაბების მოხატვა უნდა განხორციელდეს", - განაცხადა არჩეულმა მერმა.


მისივე თქმით, დედაქალაქში არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში არსებული ინფრასტრუქტურა დააზიანეს, რასაც მომავალში კონტროლს გაუწევენ. შესაბამისად, კახა კალაძემ „თბილსერვისის" ხელმძღვანელ ლევან ჯღარკავას მიმართა, სამუშაოების განხორციელების დროს დროებითი პატრულირება გამოიყენონ.

 

„იყო გაკეთებული ეს ყველაფერი, თუმცა დაანგრიეს, გატეხეს, კამერები დააზიანეს და ა.შ. ამიტომ, გავაკეთოთ დროებითი პატრულირება. თუ დაგჭირდებათ გამოიყენეთ შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც ყველაფერში დაგეხმარებათ, რადგან სანამ კამერების დამონტაჟებას დაიწყებთ, მოქალაქეები, რომლებიც ამას აკეთებენ, არ შემოვიდნენ და იგივე არ გაიმეორონ", - მიმართა კახა კალაძემ ლევან ჯღარკავას.



 

big_banner
არქივი