logo_geo
საინვესტიციო ფონდ „გაზელ ფაინენსის“ ინვესტიციის დახმარებით სწრაფი კვების წამყვანმა ობიექტმა „დეგუსტომ“ ახალი ობიექტი გახსნა
- +

10 ნოემბერი. 2017. 14:54



რესტორნების ქსელმა „დეგუსტომ“, „გაზელ ფონდის“ მიერ განხორციელებული ინვესტიციის დახმარებით, ახალი ობიექტი გახსნა. გახსნის ცერემონიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, „დეგუსტოს“ ფინანსური დირექტორი გიორგი მუშკუდიანი, „გაზელ ფაინანსის“ აღმასრულებელი დირექტორი ჯეფრი ლიბერტი, „გაზელის“ საინვესტიციო დირექტორი ნათია ჯანელიძე, აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი, ჰოლანდიის ელჩი ჯოშ დოუმა და საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე დაესწრნენ.

 

„გაზელ ფაინანსმა“ შპს „გურმანოში“ 700 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

 

„დეგუსტოს“ ობიექტის გახსნაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა აღნიშნა, რომ მათი უწყება მიესალმება აღნიშნულ პროექტს და სასიხარულოა, რომ ამ პროექტში საპარტნიორო ფონდია ჩართული. მისივე განმარტებით, ეს კარგ საშუალებას იძლევა საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის.

 

„დეგუსტოს“ ფინანსური დირექტორის, გიორგი მუშკუდიანის განცხადებით, „გაზელ ფაინენსის“ მიერ გაწეული ფინანსური და პარტნიორული მხარდაჭერა მათ ქსელის სწრაფი ტემპით გაფართოების საშუალებას მისცემს.

 

„გაზელ ფაინანსის“ მიერ გაწეული ფინანსური და პარტნიორული მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს, საქართველოში ჩვენი ქსელი სწრაფი ტემპით გავაფართოვოთ. ჩვენი საბოლოო მიზანია, მომხმარებელს ჯანსაღი, ახლად დამზადებული კერძები მივაწოდოთ“, - აცხადებს გიორგი მუშკუდიანი.

 

„გაზელის“ საინვესტიციო დირექტორმა ნათია ჯანელიძემ ადგილობრივი ბრენდის ხელშეწყობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ინვესტიცია, გარდა კომერციული ეფექტისა, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.

 

„დეგუსტო“ „გაზელ ფაინანსის“ პირველი წარმატებული ინვესტიციაა, ჩვენ ხელს ვუწყობთ ადგილობრივ ბრენდს განვითარებაში. ისინი თბილისის ტერიტორიაზე, დამატებით 7 ობიექტს გახსნიან, ეს არის კომპანია, რომელიც ჯანსაღ პროდუქტს მომხმარებელს შედარებით ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს. ინვესტიციის მიზანი, გარდა კომერციული ეფექტისა, დამატებითი სამუშაო ადგილის შექმნაა“, - აღნიშნა „გაზელის“ საინვესტიციო დირექტორმა ნათია ჯანელიძემ.

 

„გაზელ ფონდის“ მიერ განხორციელებული ინვესტიცია „დეგუსტოს“ საშუალებას მისცემს, სწრაფად გააფართოოს საკუთარი ქსელი თბილისის მასშტაბით და ორწლიან პერიოდში ობიექტების რაოდენობა ხუთიდან თორმეტამდე გაზარდოს, რის შედეგადაც, ბაზარზე 100-ზე მეტი დამატებითი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

 

როგორც საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ განაცხადა, სასიხარულოა, რომ „გაზელ ფონდი“ საქართველოშია წარმოდგენილი. მისივე თქმით, ასეთი ქართული ქსელის, სწრაფი კვების ობიექტების გახსნა ტურიზმის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.

 

„ძალიან სასიხარულოა, რომ „გაზელის ფონდი“ წარმოდგენილია საქართველოში და ეს მისი პირველი პროექტის განხორციელებაა. „გაზელის ფონდში“ ამერიკული „ოპიკი“, ჰოლანდიის ორი საინვესტიციო ბანკი და საპარტნიორო ფონდი მონაწილეობენ. ის ორიენტირებულია, რომ საქართველოში ფინანსური აქტივების 70% იყოს დაბანდებული. „დეგუსტოს“ ქსელის განვითარება საკმაოდ საინტერესოა, ტურიზმის აღმასვლას ყველა ვხედავთ და რაც მეტი ასეთი ქართული ქსელის სწრაფი კვების ობიექტი გაიხსნება, მით უკეთესი იქნება“, - განაცხადა დავით საგანელიძემ.

 

ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი დადებითად აფასებს „დეგუსტოს“ ახალი ობიექტის გაიხსნას. მისივე თქმით, ეს არის „გაზელის“ პირველი ამერიკული ინვესტიცია და ასევე მოხარულნი არიან იმით, რომ საქართველოში ინვესტიციას „ოპეკიც“ ახორციელებს.

 

ჰოლანდიის ელჩმა ჯოშ დოუმამ დამსწრე საზოგადოებას „დეგუსტოს“ გახსნა მიულოცა. მან საქართველოში მსხვილი ფინანსური ინსტიტუტის, „საპარტნიორო ფონდისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკის თანამშრომლობის (FMO) მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ეს ურთიერთობა უფრო გაღრმავდება.

 

აღსანიშნავია, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით გატარებული რეფორმების კუთხით, საქართველოს რეგიონში მოწინავე პოზიცია უჭირავს. „გაზელ ფონდი“ ადგილობრივ და საერთაშორისო ინსტიტუციონალურ ინვესტორებს შორის კონსტრუქციული თანამშრომლობის შესანიშნავ მაგალითს წარმოადგენს, რომელიც ევროპისა და აშშ-ს განვითარების ფინანსური ინსტიტუტების, მათ შორის, FMO (ჰოლანდიური განვითარების ბანკი)-ს, ჰოლანდიის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის (DGGF), ამერიკის მთავრობის საზღვარგარეთ ინვესტიციების კორპორაციისა (OPIC) და საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სახელმწიფო ფინანსური ინსტიტუტის, სს „საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით სარგებლობს.

 

„დეგუსტოს“ საქმიანობა 2015 წელს დაიწყო და ამჟამად, თბილისში ის ხუთი სწრაფი კვების ობიექტითაა წარმოდგენილი. რესტორნების ქსელი მომხმარებელს ადგილობრივი წარმოების ინგრედიენტებისგან დამზადებულ ქართულ-ევროპულ კერძებს ხელმისაწვდომ ფასად თანამედროვე და სასიამოვნო გარემოში სთავაზობს.

 

„დეგუსტოს“ სწრაფი კვების იაფიან ობიექტებსა და სრული სერვისის მქონე რესტორნებს შორის შუალედური ნიშა უჭირავს. ამასთანავე, ის მზა პროდუქციის მიწოდებას კორპორაციული კლიენტებისთვის, როგორიცაა სუპერმარკეტების მსხვილი ქსელი საქართველოში – „კარფური“ წარმატებით ახორციელებს.

 

„დეგუსტომ“ ქართული დიზაინის აქცენტების გამოყენებით, ყურადღებიანი და თავაზიანი პერსონალით, მარტივად შეძლო ერთგული კლიენტურის მოპოვება.

 

2017 წელს საქართველოს მშპ-ის 4%-ანი ზრდისა და ტურიზმის 20%-ანი მატების ფონზე, რესტორნების ქსელი შეძლებს, ეფექტურად უპასუხოს საშუალო კლასისა და მრავალფეროვანი საერთაშორისო კლიენტების მზარდ მოთხოვნას.

 

„გაზელ ფაინანსი“ კი ინვესტიციების მმართველ კომპანიას წარმოადგენს, რომელიც კერძო წარმომადგენლობებს ფლობს ევრაზიის რეგიონში და მიზნად ისახავს ორმაგი ამოცანის შესრულებას: ფინანსური უკუგების მიღებას მის მიერ მართული ფონდებიდან და სოციალური თუ სხვა კეთილდღეობის უზრუნველყოფას იმ ქვეყნებში, სადაც საინვესტიციო ფონდები ეწევიან თავიანთ საქმიანობას.

 

„გაზელ ფაინანსის“ მიერ „გაზელ ფონდის“ დაფუძნება ევრაზიის რეგიონში ზრდის პოტენციალს და კაპიტალის საჭიროებების მქონე მცირე და საშუალო მეწარმეთათვის ინვესტიციებისადმი გამარტივებული წვდომის უზრუნველყოფას ემსახურება. დღესდღეობით, „გაზელ ფაინანსის“ ოფისები საქართველოსა და სომხეთშია წარმოდგენილი. კომპანია საქმიანობის გაფართოებას რეგიონის სხვა ქვეყნებშიც გეგმავს. „გაზელ ფაინანსის“ ინვესტიციების მმართველ კომპანიად ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულა „ევრაზიის ფონდმა“ – არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც ხელს უწყობს მცირე ბიზნესის განვითარებასა და დემოკრატიული ჩართულობის გაძლიერებას ევრაზიასა და ახლო აღმოსავლეთში.

 

 







 



 


 


 






 

big_banner
არქივი