logo_geo
აღწერის თანახმად, საქართველოში მოსახლეობის რაოდენობამ იკლო და მისი მაჩვენებელი 3,7 მილიონია
- +

15 ნოემბერი. 2017. 15:15



სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ თენგიზ ცეკვავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 2014 წელს ჩატარებული აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის რაოდენობამ იკლო და მისი მაჩვენებელი 3,7 მილიონია. მისივე თქმით, ამის მიზეზი, ძირითადად დიდი მიგრაცია და ერის ნაადრევი დაბერებაა.


მისივე თქმით, საქართველოში მოსახლეობის დაბერების პროცესი მიმდინარეობს და ის 2014 წლის მდგომარეობით დაახლეობით, 21%-ს შეადგენს.


„2014 წლის აღწერამ აჩვენა, რომ საქართველოში მუდმივი მოსახლეობის რაოდენობა 3,7 მილიონს შეადგენს, რაც არის მნიშვნელოვანი ცვლილება, მნიშვნელოვანი კლება 2002 წლის აღწერასთან შედარებით, როდესაც 4,3 მილიონი დაფიქსირდა ქვეყანაში. ბუნებრივია, კიდევ უფრო დიდი კლებაა 1989 წლის ბოლოს საბჭოთა აღწერასთან შედარებით, როდესაც 5,5 მილიონი იყო საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა. ამის მიზეზი არის, რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირის რღვევა, რა თქმა უნდა, ჩვენი ორი რეგიონის, აფხაზეთის და სამაჩაბლოსთან მიმართებაში მიმდინარე პროცესები. გარდა ამისა, ის დიდი მიგრაცია, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1990-იან წლებში. მოსახლეობის რაოდენობა განპირობებულია ორი ფაქტორით, ბუნებრივი მოძრაობით, შობადობა პლუს გარდაცვალება და მიგრაციით. საქართველოში მაღალი მიგრაციული პროცესებია, ის გაცილებით მაღალი იყო 1990-იანებში და 2000-იანი წლების პირველ ნახევარში. ამიტომ ათასობით ადამიანი გადიოდა ქვეყნიდან და შესაბამისად, მოსახლეობა იკლებდა. ევროპაში საპირისპირო პროცესებია. ევროპაში მეტი ადამიანი ჩადის და შესაბამისად, მოსახლეობის რაოდენობა არ კლებულობს, სწორედ ჩამოსულთა ანუ ემიგრანტების ხარჯზე. ჩვენს პირობებში პირიქითაა, ჩვენი შობადობის დონე უახლოეს წლებში შემცირდება, სწორედ იმის გამო, რომ 90-იანებში ჩავარდნა გვქონდა", - განაცხადა ცეკვავამ.


მისივე განმარტებით, დადგინდა, რომ საქართველოში გარდაცვლილთა რაოდენობამ შობადობას გადააჭარბა.

 

„2017 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით დავინახეთ, რომ შობადობა პირველად ჩამორჩა გარდაცვალებას. ანუ გარდაცვლილთა რაოდენობამ შობადობას გადააჭარბა. ეს პროცესი არის სწორედ იმის გამოძახილი, რომ 1990-იან წლებში შობადობამ იკლო და ის მოსახლეობა და ახალგაზრდები, რომლებიც ფერტილურ ასაკში შედიან, განსაკუთრებით ქალები, მათი რიცხვი ფაქტობრივად განახევრდა. თუ 80-იან წლებში დაიბადა დაახლოებით 450 ათასი ქალი საქართველოში, 1990-იან წლებში დაბადებულ ქალთა რაოდენობა 230 ათასი იყო, ანუ განახევრდა და სწორედ ის ქალები, რომლებიც დღეს შედიან ფერტილურ ასაკში, სწორედ მათ მიერ გაჩენილი ბავშვების რაოდენობა დაიწყებს კლებას", - განაცხადა ცეკვავამ.


მისივე განმარტებით, მსოფლიოში აღწერა ათწლიანი პერიოდულობით ტარდება, რომელიც გაერო-ს ეგიდით მიმდინარეობს. მისივე განმარტებით, საქართველოში დაბერების და მიგრაციული პროცესების წინააღმდეგ მთელი რიგი ღონისძიებებია გასატარებელი, რაც გულისხმობს იმას, რომ ეკონომიკური აქტივობა, სამუშაო ადგილების და შესაბამისი გარემოს შექმნაა აუცილებელი.




 

big_banner
არქივი