logo_geo
ნოდარ ბერიძე: 2018 წელს სოხუმისა და ცხინვალის გავლით შემოვალთ თბილისში...
- +

15 დეკემბერი. 2016. 15:14


 

 

ჯუმბერ ლეჟავას გზის გამგრძელებელი, მისი დამხმარე და მოსწავლე ნოდარ ბერიძე „ქართულ აზრთან" საუბარში ამბობს, რომ მან ჯუმბერ ლეჟავას გარდაცვალების შემდეგ, პატრიარქის თხოვნით, გააგრძელა მსოფლიო მასშტაბის ველოტურების მოწყობა. ბერიძემ 2014 წლიდან ექვსი ველოტური განახორციელა და ახლა დაბრუნდა ვლადივოსტოკიდან. როგორც თავად ამბობს, რამდენიმე დღეში ისევ აპირებს ტურის გაგრძელებას და 40 000 კილომეტრის გავლას გეგმავს.


„2012 წლიდან ვიყავი ჯუმბერ ლეჟავას მენეჯერი, მისი დამხმარე და მოსწავლე. განვახორციელეთ საქართველოს 17-დღიანი ველოტური. დაგეგმილი გვქონდა ველოტურები ევრაზიის 30 ქვეყანაში, მაგრამ უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ, რომ უკრაინაში გაგვეკეთებინა ჯუმბერ ლეჟავას ველოტური - „ყველა მშვიდობისთვის".

 

2014 წლის 25 ივლისს ჯუმბერ ლეჟავას გარდაცვალების შემდეგ, გადავწყვიტე, განმეხორციელებინა მხოლოდ ერთი, უკრაინის ველოტური მისი ხსოვნის პატივსაცემად. ამ ტურის განხორციელების შემდეგ საქართველოში ჩამოვედი, დიდუბის პანთეონში მის საფლავზე მოხსენებით გამოვედი, საზოგადოება შეიკრიბა, შემდეგ პატრიარქმა მიმიღო და ილია მეორის თხოვნა იყო, თუ შემეძლო, არ გავჩერებულიყავი.

 

ამ 2 წელიწადში უკვე გავაკეთე 6 ველოტური: „საქართველო მშვიდობისათვის", „კავკასია მშვიდობისათვის" და ა.შ. მეშვიდე ველოტური დაიწყო 22 იანვარს. იანვრიდან აპრილის ჩათვლით ვიყავი აზერბაიჯანში, ირანსა და შუა აზიის ქვეყნებში, ალმა-ათამდე გავედი.  ძალიან საინტერესო და ემოციური შეხვედრები იყო. შემდეგ იყო ერთთვიანი ტური ბელარუსში,ხოლო 17 ოქტომბერს წამოვედი ვლადივოსტოკიდან, გავიარე თითქმის 3 000 კილომეტრი. რამდენიმე დღეში ხელახლა გავაგრძელებ ორსკის ოლქიდან ველოტურს, რომელიც იქნება თითქმის 40 000 კილომეტრი. გავივლი მთელ რუსეთს და ევროპას. 2018 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით ძალიან  ბევრი ველოსიპედისტი შემომიერთდება ფინიშის დროს და გავაკეთებთ სპორტულ აღლუმს თბილისში", - განაცხადა ნოდარ ბერიძემ.

 

ნოდარ ბერიძის თქმით, 2018 წლის გაზაფხულზე იგეგმება მასშტაბური პროექტი, რომელშიც ჩართული იქნება არა მხოლოდ ქართველი საზოგადოება, არამედ რუსეთი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, უკრაინა და ევროპა და ისინი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გავლით ჩამოვლენ თბილისში. როგორც „ქართულ აზრთან" საუბარში აღნიშნა, ისინი ამ პროექტით გრანდიოზულ სამშვიდობო სიტყვას იტყვიან.

 

„2018 წლისათვის, გვინდა შემოვიდეთ  თურქეთიდან, ბათუმის გავლით გავიაროთ სოხუმი, მთელი ჩრდილოეთ კავკასია და ცხინვალიდან შემოვიდეთ თბილისში. როცა გამოუვალი მდგომარეობა იყო, უინსტონ ჩერჩილმა თქვა: განგება და სამყარო ისე დალაგდება, ყველაფერი მოხდება ისე, როგორც საჭიროაო.  ჩემს შემთხვევაშიც, ვფიქრობ, ასე იქნება. ეს იქნება სახალხო პროექტი, რომელშიც ჩართული იქნება მთელი საზოგადოება, არა მხოლოდ ქართველები, არამედ რუსები, აფხაზები, ოსები, უკრაინელები, ევროპიდანაც... 2018 წლის გაზაფხულზე იმის დრო ნამდვილად უნდა დადგეს, რომ ჩვენ აფხაზებთან და ოსებთან ნორმალური ურთიერთობის საშუალება გვქონდეს. ეს ქიშპობა, შუღლი უნდა დასრულდეს და როგორც რუსთაველი ამბობდა: „რაც მტრობას დაუქცევია, სიყვარულს უშენებიაო" ამ განწყობით და ამ ლოზუნგით ჩვენ ვიტყვით გრანდიოზულ სამშვიდობო სიტყვას ამ პროექტში", - განაცხადა ნოდარ ბერიძემ.






 

big_banner
არქივი