logo_geo
ლევან ვასაძე: ჩვენი მიზანი არის საქართველოს დასახლება ძლიერი, ჯანმრთელი ოჯახებით
- +

2 დეკემბერი. 2017. 15:54



„დემოგრაფიული საზოგადოება 21"-ის თავმჯდომარე ლევან ვასაძემ დღეს, საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც ქვეყნის დემოგრაფიულ პრობლემებს მიეძღვნა, განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა ამჟამად მცხოვრები 3,700 მლნ ადამიანის ნაცვლად, 8,200 მლნ უნდა იყოს.


მისი თქმით, ზემოაღნიშნულის თქმის საფუძველს მას აძლევს ის ფაქტები, რომლებიც საქართველოში დემოგრაფიული თვალსაზრისით ბოლო წლებში დაფიქსირდა.


„საქართველოდან 1,200 მილიონი ადამიანი გავიდა; 800 ათასი ვადაზე ადრე გარდაცვლილია; 1,500 მლნ ბავშვი აბორტის შედეგადაა მოკლული; 300 ათასი ბავშვი სავარაუდოდ არ დაიბადა საქართველოში იმის გამო, რომ ნარკომანთა და ციხეში მოხვედრილთა არანორმალურად მაღალი პროცენტი იყო; 720 ათასი ბავშვი სავარაუდოდ ქვეყნიდან წასულ 1,200 მლნ ადამიანს გაუჩნდა, ეს ყველა მონაცემი რომ შევაჯამოთ, 8,200 მლნ გამოვა", - განაცხადა ვასაძემ.


მისი თქმით, შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი პრიორიტეტების სწორ განსაზღვრაშია.


„ჩვენი მიზანი არის საქართველოს დასახლება ძლიერი, ჯანმრთელი ოჯახებით - ეს უნდა იყოს სახელმწიფოს იდეოლოგია. ერის გამრავლება ვერ მოხდება ურბანულ გარემოში. სახელმწიფომ უნდა შექმნას პირობები, რათა ადამიანებმა, ახალგაზრდებმა თავად მოისურვონ გადავიდნენ ქალაქიდან და გაავსონ დაცლილი საქართველო. უნდა იყოს კარგი სკოლები, კარგი ჯანდაცვა და სამუშაო ადგილები. თუ მე-20 საუკუნე იყო საქართველოს დაღუპვის საუკუნე, ანუ ურბანიზაციის საუკუნე, 21-ე საუკუნე უნდა გადავაქციოთ დეურბანიზაციის საუკუნედ. ოჯახი, ჯანმრთელი ცხოვრება, ბუნებასთან ახლოს ყოფნა და სიმშვიდე - აი, ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანი და არა კაზინო, საბანკო კრედიტი და აფთიაქი", - განაცხადა ლევან ვასაძემ.









 

big_banner
არქივი