logo_geo
ირაკლი კობახიძე: ეს არის ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი შემთხვევა, რომელიც ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში მოხდა...
- +

2 დეკემბერი. 2017. 22:47



 

„შეძრული ვარ ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიით, რომელსაც ორი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი და შემაძრწუნებელი შემთხვევა, რომელიც ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში მოხდა", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

 

„სიტყვები უძლურია იმ მწუხარების გამოსახატად, რასაც ჩემთან ერთად, თითოეული ჩვენგანი განიცდის. ეს არის ტრაგედია არა მხოლოდ გარდაცვლილთა ოჯახებისთვის, არამედ მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის. მომხდარი ნათლად გვაჩვენებს, რომ ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ახალგაზრდა თაობის მიმართ გვმართებს და განსაკუთრებული ყურადღებითა და სიფრთხილით სწორედ ბავშვებს და მოზარდებს უნდა მოვეკიდოთ.

 

პოლიტიკოსებმა, და ჩვენთან ერთად, მთელმა საზოგადოებამ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პირველ რიგში, დაცული იყოს ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ მსგავსი ტრაგედია აღარ განმეორდეს.

 

იმედი მაქვს, რომ დანაშაული უსწრაფესად იქნება გამოძიებული.

 

საქართველოს პარლამენტის სახელით, სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილი მოზარდების ოჯახებს, მეგობრებს და ახლობლებს. ამ უმძიმეს წუთებში ჩვენ მათ გვერდით ვართ", - ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.







 

big_banner
არქივი