logo_geo
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განახლებული ოფისი 5 დეკემბერს გაიხსნება
- +

4 დეკემბერი. 2017. 16:24



5 დეკემბერს, 14.00 საათზე, გაიხსნება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განახლებული ოფისი.  სამსახურის ახალი ოფისის გახსნას საქართველოს აღასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს 2016 წლის დეკემბრიდან  უწყებას ბრიგადის გენერალი ვლადიმერ იმნაძე ხელმძღვანელობს. ოფისი აღჭურვილია უახლესი, თანამედროვე მოთხოვნების ტექნიკით, რაც ეფექტურს ხდის სახელმწიფო უწყების ფუნქციონირებას.


ცერემონიის ფარგლებში გაიხსნება ფოტოხელოვან შაჰ აივაზოვის მუდმივმოქმედი ექსპოზიცია. გამოფენა მიეძღვნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას. ფოტოხელოვანმა საკუთარი უნიკალური ფოტოკოლექცია საჩუქრად გადასცა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს.


საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტი, როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაში დამოუკიდებლად მოქმედი სამთავრობო დაწესებულება, 1997 წელს NATO-სთან თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში შეიქმნა. 2004 წლის დეკემბრიდან  ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებად ჩამოყალიბდა, ხოლო 2011 წელს დეპარტამენტი თავდაცვის სამინისტროს დაექვემდებარა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურულ ქვედანაყოფად გარდაიქმნა. ხოლო „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ" საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების შემდეგ, 2014 წლის 23 იანვრიდან, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურად ჩამოყალიბდა.




სამსახურის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა, რომელიც ზედამხედველობას უწევს სამსახურის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას, აგრეთვე სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებას, მიზანშეწონილობასა და ეფექტურობას.








 

big_banner
არქივი