logo_geo
სახურავზე გიჟია! - აზიზ ნესინი
- +

6 დეკემბერი. 2017. 16:41



- სახურავზე გიჟია, გიჟი!- დაიძახა ვიღაცამ.

მთელი უბანი ფეხზე დადგა.

ქუჩა თავიდან ბოლომდე ხალხით გაივსო. ყველას სეირის ყურება უნდოდა. პოლიციელები ზოგი საგუშაგოდან მოდიოდა, ზოგიც - თვით სამმართველოდან, სახანძრო რაზმიც უცებ გამოიძახეს, არ დაუყოვნებიათ.


- ჩემო შვილო, ჩემო საყვარელო, ჩემო ჭკვიანო, ჩამოდი ძირს! - ეხვეწებოდა დედა გიჟს.


- სოფლის თავად თუ არ ამირჩევთ, აქედან გადმოვვარდები! - პასუხობდა გიჟი.

მეხანძრეებმა თადარიგი დაიჭირეს და ქვევით დიდი ხალიჩა გაშალეს. ცხრა მეხანძრე გაშლილი ხალიჩით დარბოდა სახლის ირგვლივ - რა ვიცით, გადმოხტომა სად მოეპრიანებაო. იმდენი ირბინეს, არაქათი გამოელიათ, ოფლი წურწურით ჩამოსდიოდათ სახეზე.


- ძალიან გთხოვ, ძმობილო, ჩამოდი ქვევით! - ეძახდა გიჟს კომისარი. მის ხმაში მუქარაც იგრძნობოდა და მუდარაც.


- სოფლის თავი გამხადეთ და ჩამოვალ, არადა, თავს მოვიკლავ, ჩამოვვარდები,- პასუხობდა გიჟი.

ცუდად იყო საქმე,


- ჩამო, ძმაო! ჩამო, თუ კაცი ხარ...


- ერთი ამას დამიხედეთ! თქვენ გინდათ, მე ჩამომიყვანოთ ძირს და თვითონ ახვიდეთ მაღლა?.. არ გამოვა.


- კარგი, კარგი, გირჩევთ სოფლის თავად! - დაიძახა ვიღაცამ.


- ტყუილია. გიჟი და სოფლის თავი?! ვერ მომატყუებთ, ვერა!


- ალაჰის მადლმა, მართლა აგირჩიეთ,- ასძახა ერთმა ხელჯოხიანმა მოხუცმა.


- არ მჯერა, მეხუმრებით.


- ჩამოდი, არ გეხუმრებით.


- არ ჩამოვალ, ქვემოთ ჩამოსვლა ეგრე იოლი კი არ არის! სხვებს ხედავთ? ვინც მაღლა ავიდა, ძირს არც ერთი არ ჩამოსულა, ყველას მაღლა ყოფნა უნდა.


- კარგი ახლა, ჩამოდი!


- რად მინდა სოფლის თავობა! ქალაქის მეჯლისის წევრად თუ არ ამირჩევთ, თავს მოვიკლავ, აქედან გადმოვვარდები,

ბერიკაცები განზე გადგნენ.


- ახლა როგორღა მოვიქცეთ?


- შევუსრულოთ, რაც სურს.


- მაინც არ ჩამოვა, გიჟი თავიდანვე არ უნდა აუშვა მაღლა, თორემ ძირს ვეღარ ჩამოიყვან მერე.


მაინც დაუძახეს:


- გადავწყვიტეთ, ძმაო, ქალაქის მეჯლისის წევრად აგირჩიეთ... ჩამოდი, მეგობრებს ნუ ალოდინებ.


- არ ჩამოვალ, ვიდრე ქალაქის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარედ არ გამხდით.


- ხომ გითხარით. აი, სადამდე მივიდა! - თქვა გაბრაზებით ერთმა მოხუცმა. - მაგას რაღა ჩამოიყვანს.


- რა მოხდება, თავმჯდომარედ რომ ავირჩიოთ? - იკითხა სახანძრო რაზმის უფროსმა, რომელიც გვარიანად გაოფლილიყო აქეთ-იქით სირბილით. მერე ტუჩთან ხელი მიიტანა და გიჟს ასძახა:


- ჩამოდი, ძმაო, მუნიციპალიტეტის თავმჯდომარედ აგირჩიეთ, ჩამოდი და მოვალეობის ასრულებას შეუდექი.


გიჟმა მუცელი შეათამაშა და ცეკვა დაიწყო.


- არ ჩამოვალ, რა მინდა თქვენთან? რა საერთო მაქვს იმ ხალხთან, გიჟს რომ ქალაქის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარედ ირჩევს? არა, არ ჩამოვალ.


- კი მაგრამ, აბა რა გინდა?


- მინისტრობა მინდა. მინისტრი გამხადეთ და ჩამოვალ.


ქვემოთ ერთხანს ისევ ითათბირეს და შემდეგ ასე გადაწყვიტეს:


- იყოს ნება შენი, მინისტრი ხარ! ახლა მაინც ჩამოდი, ხომ ხედავ, რამდენი ხალხი გელოდება?


გიჟმა ხელი ცხვირთან მიიტანა, თითები გაშალა და დაიტრიალა:


- ვერ მოგართვით! რა საქმე მაქვს იმ ხალხთან, გიჟი რომ მინისტრი გახადა.


- ამაოდ ცდილობთ, არ ჩამოვა. მე ძალიან კარგად ვიცნობ მაგნაირ გიჟებს. მინისტრად კი აირჩიეთ, მაგრამ თავი ისე უნდა მოაჩვენოთ, თითქოს ჩამოსვლას არ სთხოვდეთ, - თქვა ისევ იმ მოხუცმა.


- პრემიერ-მინისტრად ამირჩიეთ, თორემ გადმოვვარდები და თავს მოვიკლავ, - აყვირდა გიჟი.


- კი, ბატონო, კი, ბატონო, პრემიერ-მინისტრი ხარ, ჩამოდი!


- არ ჩამოვა! - თქვა მოხუცმა.


გიჟმა კვლავ დაიწყო ცეკვა.


- მეფედ ამირჩიეთ. მეფობა მინდა. ამირჩიეთ და ჩამოვალ.


მოხუცის სიტყვები მართლდებოდა.

ისევ მოითათბირეს.


- აწი უკან დახევა არ შეიძლება. რახან ამდენს შეჰპირდით, მიჰყევით ბოლომდე, - თქვა მოხუცმა.


- აგირჩიეთ, მეფე ხარ! - ასძახეს გიჟს. - ახლა მაინც ჩამოდი.

გიჟმა კვლავ აათამაშა მუცელი.


- არ ჩამოვალ.


- რაღა გსურს, მეფე გაგხადეთ და მეტი რა გინდა?


- არა, არა. იმპერატორად თუ არ ამირჩიეთ, ერთ ნაბიჯსაც არ გადმოვდგამ... თავს მოვიკლავ!


- მართლა გადმოვარდება, თქვა მოხუცმა.


- კარგი, ეგრე იყოს, - იყვირა ერთხმად ყველამ, - იმპერატორი ხარ, ჩამოდი.


- ჩემნაირ იმპერატორს თქვენისთანა გამოშტერებულ ხალხთან რა ხელი აქვს?


- კი მაგრამ, ეს მაინც გვითხარი, სხვა რა გსურს? გვითხარი და გავაკეთებთ.


- უკვე იმპერატორი ვარ, არა? - იკითხა გიჟმა.


- იმპერატორი ხარ, იმპერატორი!


- რახან იმპერატორი ვარ, როცა მომეპრიანება, მაშინ ჩამოვალ, თუ არ მომინდა, სულაც არ ჩამოვალ.


- გადმოვარდება და გადმოვარდეს, - გაბრაზდა კომისარი, - ერთი გიჟით ნაკლები იქნება ქვეყანაზე.


- ახლა როგორღა მოვიქცეთ? - მიუბრუნდა მეხანძრეთა უფროსი მოხუცს, - ეს გიჟი ქვევით ჩამოსვლას არ აპირებს.


- ჩამოვა, - უთხრა მოხუცმა.


- როგორ?


- მაცადეთ, ახლავე ჩამოვიყვან...


- ჩვენო დიდო იმპერატორო, - ასძახა მოხუცმა გიჟს, - იქნებ თქვენმა უპატივცემულესობამ მეექვსე სართულზე ჩამობრძანება ინებოს?

გიჟმა თავი მოისერიოზულა.


- სიამოვნებით.


გიჟი კიბეზე დაეშვა და მეექვსე სართულის ფანჯრიდან ხალხს გამოხედა.


- ჩვენო დიდებული, ჩვენო მხსნელო, მეხუთე სართულზე ჩამოსვლა არ გნებავთ?


- რატომაც არა, - უპასუხა გიჟმა.


ყველანი გაოცებული შეჰყურებდნენ მოხუცს. გიჟმა მეოთხე სართულის ფანჯრიდან რომ გადმოიხედა, მოხუცმა ასძახა:


- თქვენო ბრწყინვალებავ, ჩვენო იმპერატორო, იქნებ მესამე სართულზე ჩამობრძანება მოიწადინოთ?


- შეიძლება, - იყო პასუხი.


გიჟი უკვე მესამე სართულის ფანჯრიდან იხედებოდა. ახლა ისე აღარ ცეკვავდა, ისე აღარ ათამაშებდა მუცელს, როგორც სახურავზე ყოფნისას. ახლა მათკენ თითქოს ნამდვილი მეფე მიდიოდა.


- თქვენო უბრწყინვალესობავ, მეორე სართულზე ჩამოსვლას ხომ არ ინებებდით?


- სიამოვნებით.


ხოლო როცა გიჟი მეორე სართულზე ჩამოვიდა, მოხუცმა ასძახა:


- თუ თქვენი უპატივცემულესობა პირველ სართულზე ჩამობრძანდება, ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ექნება...


გიჟი ქუჩაში გამოვიდა. ხალხში შეერია. მერე მოხუცისაკენ გაემართა, მიუახლოვდა, ხელი მოჰხვია და უთხრა:


- ეი, ძმობილო, გეტყობა, ერთ დროს შენც გიჟი იყავი. გიჟის ენა გიჟმა იცის. - მერე კომისარს მიუბრუნდა და უთხრა:- აბა, ერთი ვნახოთ, როგორ ბრძანებ, შეჰკარით და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წაიყვანეთო! ახლა ხომ მაინც ისწავლე, როგორ უნდა მოუარო გიჟს?


გიჟის წასაყვანად შეკრებილი ცნობისმოყვარე ხალხი მოხუცს მოუბრუნდა:


- მოხუცო, როგორ მოახერხეთ, როგორ ჩამოიყვანეთ?


- ეეჰ, ეგ არც ისე იოლია. ორმოცი წელი პოლიტიკაში მედგა ფეხი!.. - მერე ერთი ძლიერ ამოიოხრა და დასძინა: - ახლა რომ ძალა მქონდეს, მეც ავიდოდი მაღლა და აბა ნახავდით, თუ ვინმე ჩამომიყვანდა ძირს.



აზიზ ნესინი

თარგმნა გურამ ბათიაშვილმა










 

big_banner
არქივი