logo_geo
მართლმადიდებლური ეკლესია ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- +

17 დეკემბერი. 2016. 00:19



მართლმადიდებლური კალენდრის მიხედვით, 17 დეკემბერს ბარბარობის ბრწყინვალე დღესასწაული აღინიშნება.


წმინდა დიდმოწამე ბარბარე დაიბადა ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში. მდიდარი, წარჩინებული გვარიშვილის ოჯახში. მისი მშობლები წარმართები იყვნენ და თაყვანს სცემდნენ კერპებს. ბარბარეს დედა ადრე გარდაეცვალა. იგი ოჯახის ერთადერთი შვილი და მამისაგან განებივრებული იყო. ახალგაზრდა ბარბარე ისე დამშვენდა, ვერავინ შეედრებოდა სილამაზით. დიოსკორეს, მამამისს, მიაჩნდა, რომ მდაბიო, უზნეო ადამიანები ღირსნი არ იყვნენ მისი ხილვისა, ამიტომ მაღალი კოშკი ააგო და გოგონა შიგ ჩაკეტა, მიუჩინა ერთგული მსახურები და მოახლეები.


კოშკში დამწყვდეულს სულით და გულით ეწადა, გვერდით ჰყოლოდა ვინმე ჭეშმარიტი გზის მასწავლებელი, მაგრამ მის გარშემო ასეთი არავინ იყო და თავად ღმერთი გახდა მისი მოძღვარი და დამრიგებელი. ქალწული თანდათან ივსებოდა უფლის მადლით და სულიერად ძლიერდებოდა, მის გულში ერთი სიყვარული ენთო, ჭეშმარიტი სიყვარული - ღვთის სიყვარული, და არ ფიქრობდა არც გათხოვებაზე, არც ძვირფას ჩასაცმელსა და მოსართავზე და საერთოდ მიწიერ კეთილდღეობაზე.


ღვთის განგებით, მან ქრისტიანი თანატოლებისაგან ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ შეიტყო. წმიდა ბარბარემ აღიარა იესო ქრისტე და მამისაგან ფარულად მოინათლა, როცა დიოსკურემ შვილის გაქრისტიანების შესახებ გაიგო, ისე განრისხდა, ბრძანა შვილი შიშველი გამოეყვანათ ქალაქში, მაგრამ ამ დროს სასწაული მოხდა - და წმიდა ბარბარეს სხეული, ზეციურმა ნათელმა შემოსა.


ამჟამად წმინდა ბარბარეს ნაწილები იმყოფება ქ. კიევში, წმიდა ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარში, ეკვდერის შუაში, შემაღლებულ ადგილას. მის წმიდა ნაწილებთან მრავალი სასწაულია დაკავშირებული. წმიდა ბარბარეს განსაკუთრებით ყრმათა კურნებისათვის, შვილიერებისათვის და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისაგან დაცვისათვის ევედრებიან.


ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოში არსებობს ხალხური ტრადიცია, რომლის მიხედვით ყველა ოჯახში ლობიანი უნდა გამოცხვეს. საზოგადოება ბარბარობის დღესასწაულს ბედობასა და მეკვლეობას მიაწერს, თუმცა ეკლესიურად ამ დღეს ბედობასთან არანაირი საერთო არ აქვს.


 

big_banner
არქივი