logo_geo
ათონელმა ბერმა ჩვენს დროში სიწმინდის მიღწევის ოთხი წესი დაასახელა
- +

18 დეკემბერი. 2016. 15:30



ათონის ვათოპედის მონასტრის ბერმა ნიფონტმა პირეაში (ათენში) თავისი გამოსვლა - „ჩვენი განწმენდა: განწმენდა სამყაროში" - ადამიანის განწმენდის საკითხს მიუძღვნა. მამა ნიფონტმა ხაზი გაუსვა, რომ ადამიანის უმთავრესი მიზანი და დანიშნულება მისი განწმენდაა. თუ ეს უფლის ნება იქნება, ყველაფერი შესაძლებელია. ამიტომაც უფლის სწავლება „იყუნეთ თქუენ წმიდა" (ლევ.20,7) დროს არ ექვემდებარება.


„ეს დაადასტურა ბევრმა წმინდანმა, რომელთაც ქრისტეს მადლი ჩვენს დროში მიიღეს. უფალი იესო ქრისტე გამოაჩენს ხოლმე წმინდანებს, რათა ქრისტიანები მათ დაეყრდნონ და მაგალითი აიღონ მათგან. ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ მხოლოდ ბერებს და განდეგილებს შეუძლიათ განწმენდა და განღმრთობა", - აღნიშნა მამა ნიფონტმა.


„სიწმინდემდე გასავლელი გზა რომ რთულია, ყველამ ვიცით, მაგრამ შეუძლებელი არ არის. ასევე ცნობილია, რომ ორივე გზამ - ბერობამაც და ქორწინებამაც შეიძლება მიგვიყვანოს სიწმინდემდე. თითოეულს აქვს თავისი სიძნელეები და პრობლემები, ბოროტის მახეები, მაგრამ ამავე დროს აქვს თავისი სილამაზე, სიტკბო და უხილავი სულიერი მომენტები", - თქვა მან.


„განწმენდისათვის პირველი აუცილებელი პირობა არის ის, რომ ადამიანი, უპირველეს ყოვლისა, მთელი ძალით ისწრაფოდეს უფლის ურყევი რწმენისაკენ. მეორე პირობაა მოთმინება. ყველა წმინდანი თავისი რწმენითა და მოთმინებით იმარჯვებდა და განიწმინდებოდა".


„აღტაცებას გვგვრიან ადამიანები, რომელთაც სიწმინდეს მიაღწიეს უამრავი მწუხარებით, სიძნელეების გადატანით, სიღარიბით, ავადმყოფობით, დათმენით და არ გამოუხატავთ უკმაყოფილება, მხოლოდ მადლობდნენ და ადიდებდნენ უფალს. კიდევ ერთი პირობა განწმენდისათვის სამყაროში ჩვენი ბრძოლისა არის მორჩილება. და ამ ყველაფრის გვირგვინი - უფლისა და მოყვასის სიყვარულია", - აღნიშნა ათონელმა ბერმა.


გამოსვლის დასარულს, მამა ნიფონტმა თქვა, რომ ქრისტეს სიტყვები „იყუნეთ თქუენ წმიდა" ეკუთვნოდა ყველას, ვისაც რწმენა აქვს. და როცა ვინმე ქრისტეს რწმენით, მოთმინებით, მორჩილებით და სიყვარულით აიღებს თავის ჯვარს ამ დროებით სამყოფელში, ქრისტეს ნებით შეიძლება განიწმინდოს.



ავტორი: თამარ მამაცაშვილი


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი