logo_geo
4 ქართველი, რომელმაც 2017 წელს ხალხი აალაპარაკა
- +

27 დეკემბერი. 2017. 12:55



ეს წელიც მიიწურა, სულ მალე ახალი წელი მოვა საინტერესო სიახლეებითა და სიურპრიზებით. ყოველი მომდევნო წლის დადგომას თან ახლავს იმედები და მოლოდინი. რა გველის 2018 წელს, აგვისრულდება თუ არა ოცნებები, რა გაგვახარებს და რა დაგვწყვეტს გულს, როცა თვალს გადავავლებთ წლის მოვლენებს? ყველაფერს დრო გვიჩვენებს, მაგრამ მომავალზე ფიქრში წარსული არ უნდა გადაგვავიწყდეს. როგორ ჩაიარა წლევანდელმა წელმა? თვალი გადავავლოთ უახლოეს წარსულში მომხდარ მოვლენებს, რომლებმაც საზოგადოების დიდი ყურადღება გამოიწვია.


ხატია ბუნიათიშვილისა და ბრიტანელი მსახიობის, ორლანდო ბლუმის ურთიერთობამ მთელი საქართველოს, ორლანდოსა და მისი ყოფილი შეყვარებულის, კეტი პერის ფანების დიდი ყურადღება მიიქცია. 




ზაფხულში ორლანდო და ხატია პაპარაცებმა პარიზის ქუჩებში დააფიქსირეს. წყვილი ფოტოებზე ხელჩაკიდებული და ზოგან ჩახუტებულია. პერიოდულად ქართველი პიანისტი ეფერებოდა კიდეც ორლანდო ბლუმს, რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა საზოგადოების ინტერესი. მოგვიანებით ორლანდო კვლავ კეტი პერისთან ერთად გამოჩნდა, რამაც ყველა დაარწმუნა, რომ ის ყოფილ სიყვარულს დაუბრუნდა, ხატია კი წარსულს ჩააბარა. თუმცა ნაადრევი დასკვნები არასდროსაა მართებული, ნოემბერში ხატიასა და ორლანდოს როიალთან გადაღებული ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. უცნობია, რა ხდება მათ შორის, მაგრამ რაც უნდა იყოს, ფაქტია, რომ ამ წყვილის კავშირმა მსოფლიო აალაპარაკა.


თაკო ნაცვლიშვილი წარმატებული ქართველი მოდელია, რომელსაც უთანამშრომლია ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორებიცაა: Versace, Giorgio Armani, Dolce & Gabbana, Elie Saab, Christian Dior, Yohji Yamamoto, Ermanno Scervino, Moncler, Antonio Berardi, Roland Mouret, ZUHAIR MURAD, Ralph & Russo.





მან 2017 წელს victoria's secret-თან თანამშრომლობაც სცადა. სამწუხაროდ, თაკომ ქასთინგი წარმატებით ვერ გაიარა, მაგრამ დიდი გამოცდილება მიიღო და მთელი საქართველო აალაპარაკა.


გიორგი გილიგაშვილის ხსენებაზე ცოტა თუ მიხვდება, ვისზეა საუბარი, მაგრამ საკმარისია ვახსენოთ ორი სიტყვა: "ჩემმა მზემ", ყველაფერს ნათელი ეფინება. გიორგი თანამედროვე ახალგაზრდებისგან იმდენად განსხვავდება ლაპარაკის მანერით, ლექსიკითა და სტილით, რომ ბევრი მას არაადეკვატურ პიროვნებადაც კი აღიქვამს. გიორგი პირველად საზოგადოებამ სერიალი „ტიფლისის" დამსახურებით გაიცნო, თუმცა ბევრად უფრო დიდი ყურადღება მიიქცია მოგვიანებით, „პრაიმ შოუში" სტუმრობის შემდეგ თავისი არაორდინარულობითა და უცნაურობით. მას ხალხი წინა ეპოქიდან მოსულს უწოდებს.




ნათია თოდუა, ყოფილი „იქს ფაქტორის" კონკურსანტი, რომელიც ნახევარფინალშიც ვერ გადავიდა და მეტიც, ჟიურის წევრებმა მის ნამღერს „ხელოვნური" და „სასაცილო" უწოდეს, 2017 წელს გერმანული „იქს ფაქტორის" გამარჯვებული გახდა. 



ნათია გერმანიის აუდიტორიამ ძალიან შეიყვარა. მან ხალხის აგრესიულ კომენტარებს ქართული „იქს ფაქტორის" ჟიურის წევრებისადმი ასე უპასუხა: „დღეს მოლოცვებთან ერთად ვხედავ, რომ უმრავლესობა მათ კრიტიკასა და შეურაცხყოფაზე გადადიხართ, რაც ნამდვილად არ არის საჭირო.

 

პ.ს. მე პირადად არ მსურს, შეურაცხყოფას შეურაცხყოფით ვუპასუხო, მე მოგებით ვუპასუხე".


 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი