logo_geo
ახალ ავტობუსებში შესაძლებელია მობილური მოწყობილობების დამუხტვა
- +

19 დეკემბერი. 2016. 15:25


 



​თბილისის მუნიციპალურ ავტოპარკს „Man"-ის ფირმის ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა, CNG ძრავზე მომუშავე და ადაპტირებული კიდევ 15 ახალი ავტობუსი შეემატა, რომლებიც N51 ხაზზე დაინიშნება და გრძელ დისტანციაზე - გლდანიდან დიღმის მასივის, დიდუბის, საბურთალოსა და ვაკის გავლით ბაგების სტუდქალაქამდე იმოძრავებს.

​ავტობუსები აღჭურვილია USB როზეტით, რომლის მეშვეობითაც მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ დატენონ ტელეფონები, სმარტფონები, პლანშეტები და სხვა მობილური მოწყობილობები. ​


​ახალი ავტობუსები დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ დღეს, მოადგილე ირაკლი ლექვინაძესთან, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროს მამუკა მუმლაძესთან, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" უფროს ნუგზარ ჭეიშვილთან და საკრებულოს წევრებთან ერთად წარმოადგინა.


​მისი თქმით, ავტობუსები ხაზზე პირველ იანვარს გავა, მანამდე ავტობუსებში დამონტაჟდება გადახდის სისტემა, ტაბლო და სრულად აღიჭურვება იმისათვის, რომ კომფორტულად მოემსახუროს მგზავრებს. მგზავრობის საფასური სტანდარტულად 50 თეთრი იქნება. შენარჩუნდება დაწესებული შეღავათებიც.


ჩამოვიდა ახალი ავტობუსების მორიგი ნაკადი, რომელიც იანვარში უნდა მიგვეღო, თუმცა მომწოდებელმა კომპანიამ გაითვალისწინა რა ჩვენი თხოვნა, დააჩქარა მოწოდების პროცესი. ასე რომ, ჩვენ მათთან შეთანხმებულ გრაფიკს ვუსწრებთ. მომდევნო ავტობუსებაც დროზე ადრე მივიღებთ. კომპანია მაქსიმალურად ითვალისწინებს ჩვენს ბაზაზე არსებულ მდგომარეობას და დაჩქარებით გვაწვდის ავტობუსებს, რათა უფრო ადრე მოვემსახუროთ კომფორტულად ჩვენს თანამოქალაქეებს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

​როგორც „სითი კვირას" თბილისის მერიაში განუცხადეს, პირველი რეისის შესრულებამდე ახალ ავტობუსებს განაბაჟებენ და ტექნიკურად მოამზადებენ. შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" მიერ კონკურსის წესით შერჩეული მძღოლები გადამზადდებიან.


გერმანულმა კომპანია „Man Truck and Bus AG"-მა ახალი ავტობუსების მოწოდების მეორე ეტაპი წინსწრებით განახორციელა: ხელშეკრულების მოთხოვნების შესაბამისად, თბილისმა პირველი 10 ავტობუსი სექტემბერში მიიღო, რომლებიც N61 მარშრუტზე 6 ოქტომბერს გავიდნენ. მეორე ეტაპზე „Man"-ს თბილისისთვის 13 ავტობუსი იანვარში უნდა ჩაებარებინა, ხოლო თებერვალ-მარტში კიდევ 60-60, თუმცა, მომწოდებელმა ქართული მხარის თხოვნა გაითვალისწინა და ავტობუსების ნაწილის ვადაზე ადრე გამოგზავნა შეძლო.

მათივე ინფორმაციით, თბილისი წინსწრებით კიდევ 10 ავტობუსს მიიღებს და იანვრის ბოლოდან ისინი N 37 ხაზზე - სადგურის მოედნიდან აეროპორტის მიმართულებით იმოძრავებენ. 12-მეტრის სიგრძის, ახალი ავტობუსები შშმ პირებისა და ჩვილ ბავშთა ეტლებისთვის სრულად არის ადაპტირებული და საამისოდ, სპეციალური პანდუსებით არის აღჭურვილი, ხოლო სალონში მათთვის განკუთვნილი სივრცეა გამოყოფილი.


​„Man"-ის ავტობუსებში კონდიცირების სისტემა მუდმივად 22 გრადუსზეა დაპროგრამებული, რაც ზამთარ-ზაფხულ თანაბარი და კომფორტული ტემპერატურის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. 143 ახალი ავტობუსის შემოყვანის პროცესი 2017 წლის აპრილში დასრულდება. მერიის გადაწყვეტილებით, ლურჯი ავტობუსები დიდ, ყვითელ „ბოგდანის" ფირმის ავტობუსებს ჩაანაცვლებენ. გამოთავისუფლებული დიდი „ბოგდანები" კი, ტექნიკური შემოწმებისა და რემონტის შემდეგ იმ მარშრუტებს დაემატებიან, სადაც ავტობუსების განსაკუთრებით მწვავე ნაკლებობაა.


ამგვარად, N 61 მარშრუტიდან მოხსნილი ყვითელი ავტობუსები N 11 ხაზზე მოძრაობენ. მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური N51 მარშრუტზე არსებული ყვითელი ავტობუსების გადანაწილების ვარიანტებს განიხილავს.


თბილისში მგზავრებს ყოველდღიურად 522 მუნიციპალური ავტობუსი ემსახურება. ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი ავტობუსების შემოსვლის პარალელურად, დიდ დიღომში 377 ავტობუსზე გათვლილი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ავტობაზა შენდება, რომელიც ექსპლუატაციაში 2017 წლის გაზაფხულზე შევა და ქალაქში მოძრავ ავტობუსებს სრულყოფილად მოემსახურა", - აცხადებენ მერიაში.



Description: http://www.city.kvira.ge/wp-content/uploads/2016/12/4I0A5495-copy-640x431.jpg

 

 

 

 

Description: http://www.city.kvira.ge/wp-content/uploads/2016/12/4I0A5622-copy-e1482144436758.jpg

 

 

 

 

 




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი