logo_geo
300 არაგველის მემორიალიდან მეტეხის ხიდამდე ხუთ ნაწილად გაყოფილი სარეკრეაციო სივრცე მოეწყობა
- +

10 იანვარი. 2018. 10:26


თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის ჯგუფი დედაქალაქის მთავრობას კიდევ ერთი, ახალი სარეკრეაციო სივრცის შექმნას სთავაზობს. მათ მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, 50-55 მეტრის სიგანის გამწვანებული ზონა დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილში, 300 არაგველის მემორიალიდან მეტეხის ხიდამდე უნდა გაშენდეს. ტერიტორიას მწვანე ბულვარის სახე ექნება, გაკეთდება მცირე დახრილობის ფილებიანი დაღმართი, რომელიც ვიზიტორისთვის მდინარის ნაპირთან ერთგვარი მოსასვენებელი ტერიტორია იქნება. ორ ადგილას მონიშნულია მოტივტივე ტერასის მოსაწყობი ადგილი, მწვანე საფარი კი, ქალაქის კონტექსტში ერთგვარი ურბანული ტყის ფუნქციას შეასრულებს.


​როგორც გენგეგმის ჯგუფში აცხადებენ, მტკვრის, როგორც სარეკრეაციო სივრცეზე საუბრისას აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ხშირად რელიეფის სიმაღლეთა სხვაობა არ იძლევა საშუალებას პირდაპირი კავშირი ვიქონიოთ მტკვრის ნაპირებსა და თავად მდინარეს შორის. 300 არაგველის მომორიალის მიმდებარე ტერიტორია კი, სწორედ ამით გამოირჩევა საინტერვენციოდ შერჩეული ტერიტორიების უმრავლესობისგან.


„აქ გვაქვს საშუალება სიმაღლეთა ცვლილების გარეშე შევქმნათ პირდაპირი კავშირი მდინარესთან",- აცხადებენ გენგეგმის ჯგუფის წევრები.


მათ მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, ახალი სარეკრეაციო სივრცე 5 ნაწილად გაიყოფა, მემორიალის ტერიტორია, რომელიც ერთგვარი საფეხმავლო მოედნის ფუნქციასაც ითვისებს, ფილებიანი დაღმართი, სადაც მსურველს აქვს საშუალება ჩამოჯდეს, ითამაშოს ან თუნდაც ისრიალოს სხვადასხვა სპორტული ინვენტარით, 3 მეტრიანი ზოლი მდინარის ნაპირის გასწვრივ, მოტივტივე ტერასები და ურბანული ტყე.


​იდეის განხორციელებისთვის ერთადერთ წინაღობას, ამ ტერიტორიაზე არსებული მარცხენა საავტომობილო ზოლი წარმოადგენს. ამიტომ, პროექტის ავტორები თბილისის მთავრობას მის მარჯვენა ზოლის ქვეშ, გვირაბში გადატანას სთავაზობენ.


„ამ ადგილას, 25-27 მეტრის გამწვანებული ზოლი საავტომობილო მოძრაობას ორ ნაწილად ყოფს. ჩვენი პროექტის მიხედვით არ იცვლება გზის გამტარუნარიანობა და ინტენსივობის თვალსაზრისით იგივე დარჩება. უბრალოდ საუბარია ორდონიანი გზის აშენებაზე. არსებულ გამწვანებულ არეალს, მიმატებული სამანქანო გზა თავისი ტროტუარითა და მდინარის სანაპიროთი, დაახლოებით 50 - 55 მეტრის სიგანის, ძალიან კარგი ბულვარის, მოქალაქეთათვის სასეირნო სივრცის მოწყობის საშუალებას იძლევა",- აცხადებს გენგეგმის ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, არქიტექტორი მერაბ ბოლქვაძე.


​მისივე თქმით, ​​პროექტის განხორციელებამდე საჭიროა გაიწმინდოს მდინარე, რომელსაც ფეკალური კანალიზაცია, არა მხოლოდ თბილისში, არამედ მცხეთაშიც უერთდება.


აღსანიშნავია, რომ თბილისს მტკვარი 30 კმ-ის მანძილზე მიუყვება.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი