logo_geo
მამუკა ხაზარაძე: ყველაფერი კარგად იქნება
- +

20 დეკემბერი. 2016. 14:03



„თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

 

„თუ თვალს გადავავლებთ სხვა ვალუტებს, მივხდებით, თუ რამხელა ვარდნები აქვს იგივე ფუნტ სტერლინგს და სხვა ნებისმიერ ვალუტას. მე ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება. დარწმუნებული ვარ იმაში და ძალიან დიდი იმედით ვართ, რომ 2017 წელი იქნება წარმატებული ეკონომიკაში", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.


მისი თქმით, ლარის გაუფასურების ფუნდამენტური მიზეზი არ არსებობს.

 

„ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილები. 2017 წელს ველოდებით სერიოზულ განვითარებას, ბევრი პროექტია დაძრული სხავადასხვა მიმართულებით და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ იქნება სიმშვიდე და კარგი წინსვლა", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.


რაც შეეხება სესხების გალარებას, რომელიც 2017 წლის 1 იანვრიდან დაიწყება, მისი თქმით, „თიბისი ბანკი" მზად არის ამ პროცესისთვის და მიდის ძალიან აქტიური მუშაობა მთავრობასთან და ეროვნულ ბანკთან.


„ყველაფერი მიდის დაგეგმილად. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგია მთლიანად ეკონომიკისთვის, ლარის განვითარებისთვის, იმიტომ რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ აზროვნება ლარში და, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ლარში აქვს შემოსავალი და მათ აღარ ექნებათ საფიქრებელი, რომ დოლარის კურსის გამო გაეზრდებათ გადასახადი. ეს ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება. მე მგონი, ეს კარგი ინიციატივაა", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.


რაც შეეხება ბანკების მოგებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ „თიბისი ბანკი" ბოლო 15 წლის განმავლობაში არის მოგებაზე და ეს არავითარ კავშირში არ არის ლარის კურსთან.

 

„ლარის გაუფასურება პირდაპირ უკუპროპორციულად მოქმედებს ბანკების მომგებიანობასა და მის ღირებულებაზე, რამეთუ კლებულობს მისი კაპიტალი. ჩვენი ინვესტორები, რომლებიც ინვესტიციას დოლარში აკეთებენ, მათი ინვესტიცია მცირდება, ეს არის ძალიან მარტივი. მეორე მხრივ, ის მსესხებლები, რომლებსაც დოლარში ჰქონდა სესხი, მათ უჭირთ გადახდა და ბანკი შესაბამისად იძულებულია, რომ ეს სესხები ჩამოაწეროს ან რესტრუქტურიზაცია გააკეთოს. რაც შეეხება ბანკის მონაწილეობას ლარის კურსში, ბანკები ყოველთვის იღებენ იმ მომსახურების საფასურს, რომელიც თეთრებითაა განსაზღვრული, ვალუტის გადახურდავება-გადმოხურდავების დროს, ანუ აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ რაღაც იაფად იყიდა და ძვირად გაყიდა. ასეთი რამ არ ხდება, ეს რეგულირებადია", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.


 

big_banner
არქივი