logo_geo
როგორ შეიცვალა ტრაგედიის შემდეგ მეკო კვირიკაშვილის ცხოვრება და ვინ ეხმარება მას შვილების აღზრდაში
- +

20 დეკემბერი. 2016. 14:10



მორაგბეების ავტოავარიიდან 6 თვე გავიდა. ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოკატასტროფაზე, რომელსაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.


მძიმე ავარიის დროს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი - გიორგი პაპასკირი და ნუცა კალანდარია, ასევე მათი მეგობარი ანი ჩხაიძე გარდაიცვალნენ. მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი და გიორგი ლომინაძე მეუღლეებთან ერთად მძიმედ დაშავდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ, კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძე გარდაიცვალა.


შემთხვევის დროს საჭესთან ქართველი „ბორჯღალოსანი" მერაბ კვირიკაშვილი იჯდა, რომელსაც 4 შვილი დარჩა აღსაზრდელი. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ავარიის დღეს მერაბ კვირიკაშვილსა და ანანო ბუაძეს ქორწინების 14 წელი შეუსრულდათ. ისინი საფრანგეთიდან ათი დღის დაბრუნებულები იყვნენ. სამწუხაროდ, ქორწინების 14 წლისთავზე, მათი სამაგალითო სიყვარულის ისტორია ტრაგიკულად დასრულდა.


ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მეკო კვირიკაშვილი სათამაშო მოედანს დაუბრუნდა. ის კარიერას კლუბ „ლელო სარასენსში" აგრძელებს. ცნობილია, რომ ამიერიდან ის მხოლოდ საქართველოში ითამაშებს და მთელ დროს ბავშვების აღზრდას დაუთმობს, რაშიც დედა და მეგობრები ეხმარებიან. სწორედ ამიტომ კვირიკაშვილმა ფრანგულ კლუბ „სენ-ჟუნიენთან" კონტრაქტი გააუქმა.


მეკო მომხდარი ტრაგედიის შესახებ არსად საუბრობს. ავარიის შემდეგ მასთან ერთად მუდმივად იმყოფება მისი მეგობარი, მორაგბე ირაკლი ყიასაშვილი. ისინი ახლა საფრანგეთშიც ერთად არიან, მეკოს ვიზიტი „სენ-ჟუნიენთან" კონტრაქტის საბოლოოდ გაუქმებას უკავშირდება.


Ambebi.ge „ლელო სარასენსის" მწვრთნელს ლევან მაისაშვილს დაუკავშირდა:


- იმ საზარელი ამბის შემდეგ ფრანგულ გუნდთან გააუქმა კონტრაქტი და ჩვენთან აგრძელებს თამაშს. ახლა ალბათ ფორმალურ მხარეებს აგვარებს. ვარჯიშობს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ფორმა შეინარჩუნოს.


- ემოციურად როგორ არის?


- მისი განწყობა ისევ ისეთი მძიმეა, როგორიც იყო ტრაგედიის შემდეგ, ეს კი ბუნებრივია.


- რას ჰყვება მომხდარის შესახებ?


- რა არის მოსაყოლი? ის მძიმედ არის ემოციურად, მაგრამ ამის მიუხედავად ყველაფერს აკეთებს.




თამარ ბოჭორიშვილი

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი