logo_geo
„ბრიუსელში სავიზო ჯგუფის შეხვედრაზე საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება არც ერთ ქვეყანას არ მოუთხოვია"
- +

24 იანვარი. 2018. 02:01


 

„ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში მოქმედმა სავიზო ჯგუფმა ბრიუსელში გამართა შეხვედრა, რომელზეც შეშფოთება გამოთქვეს ორი ქვეყნის, საქართველოსა და ალბანეთის გამო", - ამის შესახებ ინფორმაციას რადიო „თავისუფლება" ავრცელებს.  მათივე ინფორმაციით, როგორც ბრიუსელიდან რადიო „თავისუფლების" კორესპონდენტი იუწყება, ევროკავშირის არც ერთ ქვეყანას არ მოუთხოვია საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება, თუმცა ამ საკითხის განხილვა წინასწარ გაფრთხილებად უნდა ჩაითვალოს.


„ამავე წყაროს თანახმად, საქართველოზე მსჯელობის მიზეზი გახდა ერთ წელიწადში (2016-2017 წწ) საქართველოდან ევროკავშირის ზოგ ქვეყანაში თავშესაფრის მაძიებელთა, დაახლოებით, 50%-ით გაზრდა. 2017 წლის 28 მარტს საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის უფლება მხოლოდ მას შემდეგ მიენიჭათ, რაც ძალაში შევიდა მიგრაციის ტალღების გასაკონტროლებლად შემუშავებული სპეციალური მექანიზმი. „შეჩერების მექანიზმი" ამოქმედდება, მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუკი უვიზო მიმოსვლის უფლების მქონე რომელიმე ქვეყნიდან მიგრანტთა დიდი ნაკადი მიაწყდება რომელიმე მიმღებ ქვეყანას ევროკავშირში. სავიზო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე, ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ნატალი საბანაძემ დაადასტურა, რომ ევროკავშირის ზოგ ქვეყანაში შეინიშნება თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის მატების ტენდენცია.


„თუმცა ეს არ არის ისეთი ტენდენცია, რომელმაც გამოიწვია საგანგაშო რეაქცია. კომისიას ჩვენთვის არ მოუმართავს. აქ გასათვალისწინებელია, რომ თავშესაფრის მოთხოვნების ძალიან მცირე პროცენტი თუ დაკმაყოფილდება. ეს ფაქტობრივად ავტომატურად უარის მიღებას ნიშნავს იმიტომ, რომ ბევრი ქვეყნის მიერ საქართველო შეყვანილია უსაფრთხო ქვეყნების სიაში", - უთხრა საბანაძემ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსს", - წერს რადიო „თავისუფლება".


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი