logo_geo
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს საფრანგეთის ელჩი ეწვია
- +

25 იანვარი. 2018. 19:10



სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მისი აღმატებულება ბატონი პასკალ მენიე ეწვია. მას უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ უმასპინძლა. გაცნობითი სახის შეხვედრაზე რექტორმა ელჩს უნივერსიტეტის განვითარების გეგმა და საუნივერსიტეტო დიპლომატიის კონტექსტი გააცნო, რომელიც ჯერ კიდევ გამოუყენებელი საგანმანათლებლო რესურსის ჩართულობით, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას გულისხმობს.


რექტორმა სტუმართან იმ სიახლეების შესახებაც ისაუბრა, რომელიც უნივერსიტეტში კვლევითი ცენტრების - აფხაზური ენისა და კულტურის და რეგიონული კონფლიქტების შესწავლას, ასევე საგარეო საფრთხეების ანალიზს უკავშირდება. ელჩი განსაკუთრებით დაინტერესდა უნივერსიტეტში განხორციელებული პროექტით, რომლის ფარგლებშიც აფხაზი და ქართველი სტუდენტები კახეთში ერთად იყვნენ. მან გაიხსენა 2016 წელს პარიზში, ევროკავშირის ეგიდით განხორციელებული მსგავსი პროექტი,  სადაც აფხაზ და ქართველ ახალგაზრდებს ერთმანეთის გაცნობის საშუალება მიეცათ. ელჩმა ამ პროექტში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩართვის სურვილი გამოთქვა.


შეხვედრამ ორ საათს გასტანა. საუნივერსიტეტო ხედვებზე ელჩს რამდენიმე კითხვა ჰქონდა, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღო. შემდეგ ელჩი უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ფრანგულენოვან სტუდენტებს შეხვდა. სპეციალურად მათთვის, ბატონმა პასკალ მენიემ, ჩაატარა  პრეზენტაცია თემაზე: „ქართულ-ფრანგული დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავი".  საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩთან შეხვედრა სტუდენტებისთვისაც საინტერესო აღმოჩნდა. მათ შესაძლებლობა მიეცათ, კითხვებზე ელჩის პასუხი მიეღოთ.


პრეზენტაციის ბოლოს ბატონმა პასკალ მენიემ განაცხადა, რომ მისთვის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე სიახლეები გარკვეულწილად მოულოდნელია. მან აღნიშნა, რომ აფხაზეთის თემისადმი უნივერსიტეტის დამოკიდებულება კონფლიქტის დარეგულირების ახლებურ ხედვას წარმოადგენს. ამ საქმეში მან რექტორს სრული მხარდაჭერა აღუთქვა და შემდგომი, კონკრეტული ნაბიჯები დაიგეგმა.



 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი