logo_geo
თბილისელი ქალი, რომელიც გაყინულ მგზავრებს მანქანით უფასოდ დაატარებს - ამბავი ჩვენი რეალობიდან
- +

20 დეკემბერი. 2016. 23:30



რა არ გადაგხდება შენს ქალაქში, ვდგავართ, ყინავს, მარშრუტკა არ ჩანს.


- ხომ არ მოდიხართ, წაგიყვანთ უფასოდ, დინამო-წერეთელი-დიდუბე-დიღომი, - ხმამაღლა იძახის დედაჩემის ტოლი ქალი.


- მიდი, გოგო, ხომ მიდიხარ, - მეუბნება მეგობარი და მეც ვჯდები მძღოლის უკან.


- ერთი კვირაა კბილის ექიმთან დავდივარ, ასე მიმყავს ხალხი. დგანან ყინვისგან გაძუძგულები, მარა კი არ მისხდებიან. რატომ უნდა ვიმგზავრო მარტო დიღმამდე?! გაჩვენო ახლა როგორ ეშინიათ ადამიანის? დინამო-წერეთელი-დიდუბე უფასოდ წაგიყვანთ, უფა-სოდ! - გადაყო თავი ქალმა.


გასუსულები დგანან გაჩერებაზე.


- აა, ხომ გითხარი! ვგავარ საშიშს? - მეკითხება გაკვირვებული ქალი, თავზე ბერეტით.


„სად ჩავჯექი, რა მინდოდა, ვინაა?| - ვფიქრობ მე.


სადღაც მეხუთე გაჩერებასთან ქალი ჩაგვიჯდა.


- ნინო მქვია, ქალბატონო. რა კარგია, რომ არ შეგეშინდათ. დღეს უკვე ათი მადლობა მაქვს. მადლობა რა არის, მაგრამ კარგი აურით მავსებს. ეშინიათ ამ ქალაქში ადამიანის..


- ან უკვირთ... -ამატებს ასაკოვანი ქალი.


- მხოლოდ ამ გოგომ გაბედა,-ამბობს მძღოლი.


- მე გიცანით. მაღაზია მქონდა და ნაყინი მოგქონდა ჩემთან... ციური, აბა, გაიხსენე, ციური!


- ციურიი! მიცანი, ხო? - მომიბრუნდა, - მე ვარ პირველი დისტრიბუტორი ქალი, პირველი! დღეს მერამდენე ნაცნობს გადავეყარე...


ერთი-სამი გაჩერების შემდეგ ნაზიკო ჩაგვიჯდა. ნუნუ მასწავლებლის შვილი ხარ, გიცანიო... მერე გურამ მასწავლებელი გაიხსენეს, მერე დირექტორი, რომელმაც გურამ მასწავლებელი გააგდო და კი ჩაძაღლდა ამის გამო.


- ახლა დასუფთავებაში ვმუშაობ. შემთხვევით გადავაწყდი მის საფლავს. როგორ უხაროდა, მძლეოსნობაზე რომ დავდიოდი.ეგ იყო მამა, ყველას მამა, - ამბობს ჩვენი მძღოლი. - მაგის სიყვარულით ახლა მის შვილს ვეფერები...


- გაჩვენოთ ახლა, როგორ ეშინიათ ადამიანის? ხომ ასე სცივათ, არავინ ჩაჯდება მანქანაში. - და დაიწყო, - დიდუბე-დიღომი, ერთი კაცი, უ-ფა-სოდ, უ-ფა-სოდ!... აი,ხომ გითხარი, ნაზიკო!


მე ჩამოვედი. იმათ გააგრძელეს გზა. მეთერთმეტე მადლობა ვიყავი.


ნინო ეტყოდა იმ ქალებს: მიკვირს, ამ გოგოს არ ეშინია ადამიანების.


მაიკო ქსოვრელი


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი