logo_geo
ვინ და რატომ მალავდა ბერიას გაკეთებულ საქმეებს?!
- +

2 თებერვალი. 2018. 02:27



ისტორია შეიძლება გიყვარდეს ან არ გიყვარდეს. ეს პირადი საქმეა, მაგრამ, თუ ადამიანს ნამდვილად სურს, პიროვნებად ჩამოყალიბდეს, თავისი ქვეყნის ისტორიას პატივი უნდა სცეს და არ დაყოს ის ცუდ და კარგ ისტორიად. მისი შეცვლა დიდი სისულელეა. ჩვენ მხოლოდ მომავლის შეცვლა შეგვიძლია.


ადამიანს, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში (და არამხოლოდ) სხვადასხვანაირად აფასებენ (საინტერესოა, რომ სსრკ-ის, რუსეთის მტრები მის პიროვნებას მხოლოდ უარყოფითად აფასებენ), რუსმა რეჟისორმა იური როგოზინმა დოკუმენტური ფილმი მიუძღვნა - „ლავრენტი ბერია. დაბრუნება არარსებობიდან". სწორედ ამ დოკუმენტური ფილმის ტექსტურ ვერსიას გთავაზობთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის, შემდგომ _ სსრკ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის, თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილისა და სსრკ-ის სახალხო კომისრების საბჭოს თავმჯდომარის, საბჭოთა კავშირის მარშლის - ლავრენტი ბერიას პიროვნების უკეთ გასაცნობად.


სად იყო ბერია ომის დროს?


ომს ბერია სახალხო კომისრების საბჭოს (მინისტრთა საბჭო _ ლ. მ.) თავმჯდომარის მოადგილის, ანუ ვიცეპრემიერის რანგში შეხვდა. რჩებოდა რა შინაგან საქმეთა სახალხო კომისრად, ამასთანავე, კურატორობდა ქვანახშირის, ნავთობის, ხეტყის, ელექტროტექნიკურ მრეწველობებს, აგრეთვე, ფერად და შავ მეტალურგიას.


1941 წლის 30 ივნისს საბჭოთა კავშირში შეიქმნა მართვის საგანგებო ორგანო - თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტი (თსკ), შედეგად ქვეყანაში ძალაუფლება მის ხელში იყო. თსკ-ში შევიდა ქვეყნის 5 უმაღლესი ხელმძღვანელი: სტალინი - კომიტეტის თავმჯდომარე, მოლოტოვი - თავმჯდომარის მოადგილე, ვოროშილოვი, მალენკოვი და ბერია. 1953 წლის შემდეგ გამოცემულ ისტორიის სახელმძღვანელოებში თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის წევრების სიიდან ბერიას გვარი გააქრეს, თითქოს დიდი სამამულო ომის პერიოდში, ის, საერთოდ, არ არსებობდა.


ომის დასაწყისში თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტმა ბერიას დაავალა უაღრესად საჭირო საქმე - ქარხნების ევაკუაცია. მათი გადატანა რომ ვერ მოესწროთ, სსრკ ფაშიზმზე გამარჯვებას ვერაფრით გამოჭედავდა. მხოლოდ დილეტანტებს შეეძლოთ, სერიოზულად ელაპარაკათ, რომ ევაკუაცია იყო გმირული ექსპრომტი, ქარხნები ციმბირის თოვლში ღია ცის ქვეშ მუშაობდნენ. სინამდვილეში ჯერ კიდევ 1920-იანი წლების ბოლოდან საბჭოეთის მთავრობას შემუშავებული ჰქონდა (და მასში რეგულარულად შეჰქონდა შესწორებები) სტრატეგიული ობიექტების ევაკუაციის საიდუმლო გეგმა ომის შემთხვევაში. ამის მიუხედავად, ომის ქაოსურ პირობებში ყველაფრის თავმოყრა ბოლო ხრახნამდე, შეფუთვა, დატვირთვა და უმოკლეს ვადაში უზარმაზარი ქარხნების გადატანა ქვეყნის ერთი ბოლოდან მეორეში წარმოუდგენლად რთული საქმე იყო, მაგრამ ბერიამ ეს შეძლო.


საინტერესო ეპიზოდი: ბერია ჩუმად აპარებდა ხოლმე სტალინს ხელმოსაწერად ანგარიშებს ასიათასობით თექის ჩექმაზე, რომელთა საფასურიც უნდა გადაეხადა თავდაცვის კომიტეტს, რომელსაც ამასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა, მაგრამ სხვა უწყებებთან შედარებით ჰქონდა გაცილებით მეტი ფული და სახსრები. სტალინი კი ტექნიკურ საბუთებს გაუცნობლად აწერდა ხელს, თუ ადამიანს სრულად ენდობოდა. შემდეგ ეს თექის ჩექმები იგზავნებოდა ურალსა და ციმბირში, რადგან ადამიანებს, რომლებიც იქ მუშაობდნენ, თბილი ფეხსაცმელი არ ჰქონდათ.


გამოდის, ბერია, რომელიც ყოველდღიურად წყვეტდა მასშტაბურ საკითხებს, ისეთ წვრილმან საკითხებსაც არ ივიწყებდა, როგორიც არის ჩექმები მუშებისთვის.


1942 წლის თებერვალში ბერიას, აგრეთვე, დაავალეს თვითმფრინავების, ნაღმსატყორცნების, ქვემეხების, ძრავების, საომარი მასალების წარმოება, შემდეგ კი - ტანკებისაც. ბერიამდე ტანკების წარმოების ორგანიზებით დაკავებული იყო მოლოტოვი - სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. ერთ-ერთ თათბირზე სტალინმა ბერიას ჰკითხა: „როგორ ართმევს თავს ამ საქმეს მოლოტოვი?" ბერიამ ყოველგვარი დიპლომატიის გარეშე უპასუხა, რომ მოლოტოვს კავშირი არ აქვს ქარხნებთან, ღრმად არ არის ჩახედული საწარმოების საქმეებში და ნაცვლად იმისა, რომ საკითხები ოპერატიულად გადაწყვიტოს, იწვევს ხანგრძლივ თათბირებს. ეს, რა თქმა უნდა, არ მოეწონა მოლოტოვს, მაგრამ დიდად არ უნაღვლია, რადგან სტალინმა ტანკების წარმოება ბერიას დაავალა და საქმეც სწრაფად დაიძრა ადგილიდან _ არნახულად მოკლე პერიოდში, 45 დღეში, ამუშავდა ახალი ტანკების კონვეიერი. ამასთანავე, ბერია კვლავ რჩებოდა შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის პოსტზე. ის აკონტროლებდა დაზვერვას, კონტრდაზვერვას, დივერსიებს, პარტიზანულ მოძრაობას, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს. კარგად აღჭურვილი საჯარისო შენაერთები გმირულად იბრძოდნენ ფრონტზე, ხოლო კომისარიატის თანამშრომლები უზრუნველყოფდნენ წესრიგს ზურგში.


1941-ში გერმანელებმა თავდაცვითი ზღუდეები გაარღვიეს და 10-15 კმ-ით მიუახლოვდნენ მოსკოვს, მაგრამ თვით დედაქალაქში ფაშისტების აგენტებმა ვერც ერთი დივერსიის მოწყობა ვერ შეძლეს.


ჰიტლერი იმედოვნებდა, რომ ომის დასაწყისში სსრკ-ში მწყობრიდან გამოვიდოდა ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა და ქაოსი დაისადგურებდა. მართლაც ასე მოხდა. გზების სახალხო კომისარი კაგანოვიჩი საქმეს ვერ გაუმკლავდა და პოსტს ჩამოაშორეს. თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტში ტრანსპორტზე პასუხისმგებლობა ბერიას დააკისრეს და სატრანსპორტო სისტემა სწრაფად აღდგა.


1942 წელს გერმანელები ვოლგამდე მივიდნენ და გადაჭრეს სარკინიგზო მაგისტრალი მდინარის მარჯვენა ნაპირზე. მაშინ ბერიამ რელსები და შპალები მოხსნა ბაიკალ-ამურის მშენებლობიდან და მცირე ხანში ვოლგის მარცხენა ნაპირის გასწვრივ გაიყვანა სარკინიგზო ხაზი - ყიზლარი-ასტრახანი-სარატოვი. სწორედ ამის წყალობით, სტალინგრადთან კონტრშეტევის დაწყების წინ იქ გადაიტანეს ათასობით ვაგონი აუცილებლად საჭირო ტვირთისა.


კიდევ ერთი მაგალითი: ომის ორი წლის განმავლობაში გერმანელებმა ვერ შეძლეს ზაპოროჟიეში დნეპრზე გამავალი სარკინიგზო ხიდის აღდგენა. გერმანელების სამხრეთის არმია დნეპროპეტროვსკის ერთადერთი ხიდის მეშვეობით მარაგდებოდა. ამ საქმეში ყველაზე სწრაფებად ამერიკელები ითვლებოდნენ. მათ მდინარე რაინზე გადასასვლელი ხიდი შენების დიდი ტემპით (დღე-ღამეში 56 მეტრის) ააგეს. ბერიას მშენებლები კი 1943 წლის ნოემბერში დნეპრზე გადასასვლელ ხიდებს 1,5-ჯერ სწრაფად აშენებდნენ.


ომის დასაწყისისთვის გერმანიას, რომლითვისაც მუშაობდა ქედმოხრილი ევროპა, ჰქონდა 43 ათასი ქვემეხი, სსრკ-ს _ 36 ათასი. ერთი წლის შემდეგ სსრკ დაეწია გერმანიას. 1944 წლის იანვარში კი ჰიტლერს 55 ათასი ქვემეხი ჰქონდა, სსრკ-ს _ 89 ათასი. ამ იარაღის მწარმოებელ სახალხო კომისარიატებს ბერია კურატორობდა. დიახ, ბერიას განკარგულებაში იყო შინაგან საქმეთა კომისარიატისა და სასაზღვრო ჯარები; დიახ, თვითონაც არაერთხელ გასულა ფრონტის წინა ხაზზე, მაგრამ სრულიად გაუგებარია, როდის მოასწრო მან სამხედრო საქმის ისე ზედმიწევნით შესწავლა, რომ შეძლო კავკასიის გადარჩენა 1942 წლის აგვისტოში. დაპყრობის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა ბაქო და ნავთობსაბადოები. მტერი კავკასიის მთებისკენ მოიწევდა. გერმანელმა ფაშისტებმა ფრონტის ხაზი გაარღვიეს და სერიოზულ წინააღმდეგობას აღარ აწყდებოდნენ. როდესაც მდგომარეობა კრიტიკული შეიქნა, სტალინმა კავკასიის დასაცავად მარშლები კი არ გაგზავნა, არამედ ბერია, მიუხედავად იმისა, რომ ის არასოდეს ყოფილა პროფესიონალი სამხედრო.


გაფრენამდე რამდენიმე საათით ადრე ბერიამ განკარგულება გასცა, სხვადასხვა ფრონტიდან შეეკრიბათ ქართველი ოფიცრები, მათი ნაწილი ბერიასთან ერთად ჩაჯდა თვითმფრინავში. დღე-ღამეში შეგროვდა 150 ალპინისტი, რომლებმაც შემდეგ ადგილზე გაანადგურეს გერმანელთა მოტორიზებული ქვეითი ჯარი. მისი ბრძანებით, კავკასიაში გადაისროლეს შინაგან საქმეთა კომისარიატის რამდენიმე სასაზღვრო ნაწილი. ბერიამ თანამდებობიდან გაათავისუფლა ფრონტის სარდალი, მარშალი ბუდიონი, სამხედრო საბჭოს წევრი კაგანოვიჩი და რამდენიმე გენერალი, რომელთა ბრალიც იყო კავკასიაში თავდაცვის ჩაფლავება. ბერიამ გამოიძახა ყველა რანგის მეთაური და პირადად მათგან მიიღო ინფორმაცია ვითარების შესახებ. ამის შემდეგ კი გადაწყვიტა, შეექმნა ორი არმია, რადგან ერთობლივი ფრონტით ყველა ამოცანას ვერ უმკლავდებოდნენ. მისი ბრძანებით, გადაიკეტა უღელტეხილები, რათა ხელი შეეშალათ მტრის გადაადგილებისთვის. დახმარების მისვლამდე საჭირო იყო დროის მოგება. შეკრიბეს სნაიპერების მობილური ჯგუფები, მისცეს მათ ახალდამზადებული უხმაურო შაშხანები ინფრაწითელი სამიზნეებით და ეს ჯგუფები მხოლოდ 1 დღე-ღამის განმავლობაში 500-ჯერ ჩაუსაფრდნენ მტერს. სნაიპერებმა გაანადგურეს გერმანელი მზვერავები და ფაშისტების სვლა დამუხრუჭდა. ამ დღეების განმავლობაში საბჭოთა კავშირის სარდლობამ შეძლო კავკასიაში ტანკებისა და რამდენიმე სამხედრო შენაერთის გადასროლა. გერმანელების საბოლოოდ შეჩერებამდე და ვითარების შეცვლამდე ბერია კავკასიაში იმყოფებოდა.


1943 წლის 30 სექტემბერს იარაღის წარმოებაში შეტანილი საგანგებო წვლილისთვის ბერიას საბჭოთა კავშირის შრომის გმირის წოდება მიანიჭეს, 1944 წლის მაისში კი დანიშნეს თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ და ოპერატიული ბიუროს თავმჯდომარედ, რომელიც განიხილავდა ყველა მთავარ მიმდინარე საკითხს. ამრიგად, 1944 წლის გაზაფხულიდან ბერია ოფიციალურად გახდა მეორე კაცი საბჭოთა კავშირში.


ეს ფილმი არის მე-20 საუკუნის ყველაზე საშინელი მისტიფიკაციის შესახებ, ყველაზე ბინძურ სიცრუეზე, რომელიც ოდესმე თავს დაუტეხავთ ერთი ადამიანისთვის. ისინი კი, ვინც ეს გააკეთა, კიდევ დიდხანს ცოცხლობდნენ, გემრიელად მიირთმევდნენ და მშვიდად ეძინათ. სიმართლის გზა გრძელი და მტანჯველია, მაგრამ, როგორც უნდა მალონ ის, როგორ ღრმადაც დამარხონ, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გამომზეურდება და მივა ადამიანებამდე. ბერიას არქივი განადგურებულია, მის შესახებ არსებული დოკუმენტები _ ფალსიფიცირებული, მაგრამ ჩვენ არ შევეცდებით რაღაცის მტკიცებას ან უარყოფას. ჩვენ, უბრალოდ, მოგითხრობთ მის საქმეებზე, რომელთა უარყოფაც შეუძლებელია, ისევე, როგორც შეუძლებელია პატარა გორაკს დაარქვა „ცასაწვდენილი იალბუზი".









 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი