logo_geo
ქართველი კარიკატურისტი, რომელიც მსოფლიოს კარიკატურისტთა ათეულშია
- +

2 თებერვალი. 2018. 11:41

 

ქართველი კარიკატურისტები, გარდა იმისა, რომ ჩვენს ქართულ გამოცემებთან აქტიურად თანამშრომლობენ, პარალელურად ცდილობენ, საკუთარი ხელოვნება უცხოელებსაც გააცნონ. ისინი ამა თუ იმ კონკურსში მონაწილეობენ და არცთუ ურიგოდ. ორი დღის წინ ბესიკ დუღაშვილმა მსოფლიოს კარიკატურისტთა საიტზე მესამე ადგილი დაიკავა. Ambebi.ge ბესიკ დუღაშვილს დაუკავშირდა:


- მსოფლიოს კარიკატურისტთა საიტზე კვირაში ერთხელ კონკურსი ცხადდება, რომელშიც 2009 წლიდან ვმონაწილეობ. თავიდან, რა თქმა უნდა, გამარჯვებით არ დამიწყია... სანამ ალღო ავუღე, თუ რა ტენდენციები იყო მსოფლიოს კარიკატურისტთა „ბაზარზე", დრო გავიდა.


პირველად 2011 წელს, თებერვალში გავიმარჯვე... ცნობილი მსახიობის, გლენ კლოუზის პორტრეტი იყო საკონკურსოდ გამოტანილი და მისი შექმნისთვის მე-2 ადგილი დავიკავე.


შემდგომში, მონაცვლეობით, სულ 10 გამარჯვება მაქვს მოპოვებული (5-ჯერ - პირველი ადგილი, 3-ჯერ - მეორე და 2-ჯერ - მესამე).


ბოლო გამარჯვების მიხედვით, მსოფლიო კარიკატურისტთა ლიდერების ათეულში მოვხვდი და იმ საიტის რეიტინგით ახლა მე-8 ადგილს ვიკავებ.


ბოლო კარიკატურა, რომელიც უნდა შემექმნა, ცნობილი მსახიობის, რეჟისორის, პროდიუსერისა და შოუმენის Danny Glover-ის იყო.


ყველაზე დიდი სიხარული კი ჩვენი დიდი მსახიობის - სერგო ზაქარიაძის კარიკატურისთვის დაკავებული პირველი ადგილი აღმოჩნდა.


როგორც ლიდერთა ოცეულის წარმომადგენელს (მაშინ მე-13 ადგილზე ვიყავი), უფლება მქონდა, მომეთხოვა ცნობილი პიროვნების დასახელება და 2 კვირის მანძილზე „გუგლის" სათარგმნი გვერდის მეშვეობით, კატეგორიულად ვუტევდი კონკურსის და საიტის ორგანიზატორებს, რომ დასახატი კარიკატურების ნუსხაში საკონკურსოდ ქართველი პიროვნება ჩაესვათ და ჩემი გავიტანე.


ყველაზე გულდასაწყვეტი კი SAMMY DAVIS JR-ის კარიკატურა იყო, როცა მე-2 ადგილი დავიკავე, არადა, მე და პირველი ადგილის მფლობელს თანაბარი ხმათა რაოდენობა გვქონდა.


- ზოგადად რა მნიშვნელობა აქვს კარიკატურისტებისთვის ასეთ კონკურსებს?

 

- Wittygraphy-ის კონკურსზე არც ფულადი პრემიაა და არც რაიმე ხელმოსაკიდი პრიზი. ხმებს თავად კარიკატურისტები, კოლეგები გაძლევენ. ეს იგივეა, რაც დავუშვათ, „ფრანს ფუტბოლის" რეიტინგი. თან, სულ ფორმაში ხარ, სულ ამოწმებ საკუთარ თავს... ლიდერები მსოფლიოში ცნობილები ხდებიან და მათთან ურთიერთობას პოპულარული გამოცემები ცდილობენ...

 

- ქართველ კარიკატურისტს რამდენად აქვს იმის საშუალება და შესაბამისი აღჭურვილობაც, ამ დარგში მსოფლიოს სტანდარტებს ფეხი აუწყოს...


- მე, სამწუხაროდ, მოკლებული ვარ ხატვისთვის იმ საჭირო საშუალებებს, რითაც შემეძლება მსოფლიო „ბაზარზე" გავიდე... იმისთვის, რომ დახატო „ფიგაროსთვის" ან „ნიუ-იორკ თაიმსისთვის", ჩემი Genius-ის 48-ლარიანი პლანშეტი არ გიშველის, „ცოტა" სერიოზული რამ არის საჭირო...


 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი