logo_geo
ექიმი: ბავშვებში სიმსივნის მატება მობილურების და კომპიუტერების გადაჭარბებულ მოხმარებას უკავშირდება
- +

17 თებერვალი. 2018. 15:18


 

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ონკოჰემატოლოგმა ნინო ტოტოღაშვილმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" ბავშვებში სიმსივნის განვითარების მიზეზებზე ისაუბრა. 

 

„სიმსივნის განვითარების რისკი ბავშვთა ასაკში სამ ნაწილად იყოფა - ორსულობამდე პერიოდი, ორსულობის და ორსულობის შემდგომი პერიოდი.

 

ორსულობამდე და ორსულობის პერიოდი ჯანსაღ ცხოვრებასთანაა დაკავშირებული. ალკოჰოლი, ნარკოტიკი, თამბაქოს მოხმარება, არაეკოლოგიური პროდუქტი და გარემო ძალიან მაღალი რისკფაქტორია, რომ მუტაცია ჩანასახის პერიოდშივე მოხდეს და ბავშვს სიმსივნე ან დაბადებისთანავე ჰქონდეს, ან სიცოცხლის რომელიღაც პერიოდში განუვითარდეს", - განაცხადა ტოტოღაშვილმა.


როგორც მან აღნიშნა, დაბადების შემდგომი რისკფაქტორებიც მრავალია და ძირითადად, ის უსაფრთხო ეკოლოგიურ გარემოს უკავშირდება.


„ეს არის მინერალებით გაღარიბებული საკვები, რადიაცია, ჰაერში არსებული მავნე ნივთიერებები, სამშენებლო მტვერი, მძიმე მეტალები და ა.შ. ამ ფაქტორებს ვერც ექიმი აკონტროლებს და ვერც მშობელი, მაგრამ ის, რაც მშობელს შეუძლია, ბავშვის კვების სწორი მართვაა. კვების მიმართ დედების მხრიდან აბსოლუტურად გაუკუღმართებული მიდგომაა. დედას ურჩევნია, ბავშვს კონსერვირებული საკვები, ჩიფსები, გაურკვეველი ეტიმოლოგიის საღეჭი რეზინები უყიდოს. სახლში ჯანსაღი ფაფის, ბოსტნეული სუპის გაკეთება და ა.შ. ძალიან დაბალ დონეზეა და ისეთ მშობელს, რომელიც ამას აკეთებს, ძალიან იშვიათად შეხვდებით", - განაცხადა ონკოჰემატოლოგმა.


ნინო ტოტოღაშვილმა ასევე თქვა, რომ არაჯანსაღი კვების საკითხი მხოლოდ სიმსივნის პრობლემას არ უკავშირდება.


„მაგალითად, მოდის პაციენტი, რომელსაც ძალიან დაბალი ჰემოგლობინი, დეფიციტური ანემია აქვს, ანუ კვებასთან დაკავშირებული ანემია და მშობელი ამბობს, რომ ბავშვს ძეხვს და ყველაფერს აძლევს, მაგრამ ამ ყველაფერს სუპერმარკეტში ყიდულობს. ამ დროს, ბავშვს აძლევს კვებას, რომელიც ბავშვისთვის საჭირო მიკროელემენტებით არანაირად არ არის გამდიდრებული. სამაგიეროდ, გამდიდრებულია ძალიან ბევრი კონსერვანტებით, რომელიც კარცენოგენს, ანუ კიბოს გამომწვევს წარმოადგენს", - განაცხადა ტოტოღაშვილმა.


როგორც იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ონკოჰემატოლოგმა აღნიშნა, რისკფაქტორია ასევე მობილური ტელეფონებისა და კომპიუტერის გადაჭარბებული მოხმარება.

 

„ჩვენ ვაკვირდებით და ვიცით, რომ ორი წლის ასაკის ბავშვს უკვე მრავალფუნქციური მობილური აქვს, რომელსაც 24 საათის განმავლობაში მოიხმარს და შემდეგ უკვე, კომპიუტერზე გადადის. ასეთ ტელეფონებსა და მოწყობილობებს კი, ძალიან დიდი გამოსხივება აქვს. პაციენტისთვის რა ტიპის ელექტრონული მოწყობილობის დაშვება შეიძლება, ან დროში შეზღუდვა როგორ უნდა მოხდეს, საქართველოში ეს წესი არ არსებობს და სამწუხაროდ, დადგინდა, რომ თავის ტვინის სიმსივნეების მატება სწორედ ამას უკავშირდება", - განაცხადა ტოტოღაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად".


 

big_banner
არქივი