logo_geo
ყველაზე ხშირად რა სწყინთ შვილებს მშობლებისგან და რას ვერ პატიობენ მათ - ფსიქოლოგის პასუხები
- +

4 მარტი. 2018. 20:27



მშობლების და შვილების ურთიერთობა ამოუწურავი თემაა, რომელზეც ბევრი დაწერილა. ეს ის თემაა, რომელიც აქტუალობას არ კარგავს. ხშირად მშობლები უკმაყოფილონი არიან საკუთარი შვილებით, აკრიტიკებენ, კიცხავენ და სრულყოფილებისკენ მოუწოდებენ მათ. ყველაზე ხშირად რა სწყინთ შვილებს მშობლებისგან და რას ვერ პატიობენ მათ, რეალურად როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ შვილთან მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდეს, ამ და სხვა საინტერესო კითხვებს ფსიქოლოგი ინგა ბლესსი პასუხობს.


- მშობლებსა და შვილს შორის როგორ ყალიბდება ურთიერთობა, რა როლი აკისრია ამ დროს მშობელს?

 

- მშობელსა და შვილს ურთიერთობა ყალიბდება ჯერ კიდევ მაშინ, როცა ბავშვი არამცთუ მოვლენილი არ არის, არამედ იქნება თუ არა, ისიც ჯერ არავინ არ იცის. ეს ურთიერთობები იწყება მაშინ, როცა თავად მშობელი არის ბავშვი და როდესაც ის სწავლობს თავის მშობლებთან ურთიერთობას. თავისი მშობლებისგან სწავლობს, თუ როგორი მშობელი უნდა იყოს თავად. ჩემი აზრით, სწორედ აქედან იწყება პატარა ბავშვში „მშობლის" ჩამოყალიბება, რომელიც წლების შემდეგ თავად ხდება მშობელი.


- როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ შვილთან სრულფასოვანი, ჯანსაღი ურთიერთობა ჩამოუყალიბდეს და ბოლომდე შეინარჩუნოს ეს ურთიერთობა?

 

- პირველ რიგში ჩამოსაყალიბებელია იმის განმარტება, რა არის სრულფასოვანი, ჯანსაღი ურთიერთობა. რაც არ უნდა ზოგადი განმარტებები ჩამოვაყალიბოთ, ყველა ადამიანი თავის აზრს დებს სიტყვებში - ჯანსაღი და სრულფასოვნება. ამიტომ ძნელია რაღაც რეცეპტის მიცემა. ჩემი მხრივ მინდა ვთქვა, რომ თანამედროვე მშობლები ბევრს მუშაობენ და ძალიან დაკავებულები არიან. შესაძლებელია ბევრი მათგანისთვის მაინცდამაინც საინტერესო არც იყოს ბავშვთან ურთიერთობა. ბავშვთან ურთიერთობა რომ იცოდე, ამის ინტერესი და ხალისი უნდა გქონდეს. ამას კიდევ ცალკე ნიჭი სჭირდება და ეს ყველა ზრდასრულს არ აქვს. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ნიჭი მხოლოდ ერთეულებს აქვთ. ჩემი აზრით, მთავარია ბავშვის უპირობო სიყვარული.


ჩვენ ბავშვები უპირობოდ გვიყვარს თავიდან, ერთ, ან მაქსიმუმ ორ წლამდე, სანამ პატარაა და არაფერი არ მოეთხოვება. მერე უკვე ვიწყებთ შედარებას, სხვისი ბავშვი უფრო კარგად დადის, უფრო კარგად საუბრობს. მერე მოდის ბაღი, ვიღაცამ უფრო კარგად იცეკვა, ლექსი უფრო კარგად თქვა. რაც უფრო იზრდება ბავშვი, უფრო მეტი მოთხოვნები და ვალდებულებები უჩნდება. შესაბამისად მშობელიც ბევრს ელის მისგან და მეტს სთხოვს. ანუ შენ თუ მაღალი შეფასება არ მიიღე, არ მეყვარები, თუ ცუდად მოიქეცი, იცელქე, რაღაც გააფუჭე აღარ მეყვარები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი პირველ რიგში ჩვენ თვითონ გავიაზროთ და მერე ბავშვს გავაგებინოთ. მე განა შენ არ მიყვარხარ, უბრალოდ მე არ მიყვარს და არ მომწონს შენი კონკრეტული საქციელი. მაგალითად, ფანჯარა გატეხე? მე არ მომწონს უბრალოდ ეს ფაქტი, მაგრამ შენ, თუნდაც მილიონი ფანჯარა გატეხო, მაინც მეყვარები.


მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ხშირად ვუთხრათ, რაოდენ მნიშვნელოვანია ის ჩვენთვის, მიუხედავად იმისა, შეუხედავია თუ ლამაზი, ჯანმრთელი თუ არაჯანმრთელი, წარმატებული თუ წარუმატებელი. სწორედ ეს არის უპირობო სიყვარული. მე მიყვარხარ არა იმიტომ, რომ რაღაც ნიშნით გამოირჩევი, მიღწევები გაქვს, არამედ იმიტომ, რომ უბრალოდ არსებობ ჩემს ცხოვრებაში. მეორე მომენტია დრო. მერე რა, რომ დრო არ არის საკმარისი, რომ მთელი დღე მშობელი ბავშვთან ერთად იჯდეს და მასთან ერთად გაატაროს დრო. სასურველია 15-20 წუთი მაინც გაატარო ბავშვთან. მაგალითად როცა ბავშვი მიგყავთ ბაღში, ან დაძინებამდე ცოტა ადრე დაუჯდე და ესაუბრო როგორც თანასწორს. მოუყვე როგორ ჩაიარა შენმა დღემ, რა გაგეხარდა, რა გეწყინა. ამის შემდეგ მოისმინო ბავშვს რა აღელვებს, რა უნდა, ვინ უყვარს, ვინ არ მოსწონს და ა.შ. მაგრამ ამას არ უნდა ქონდეს დაკითხვის ფორმა. ეს უნდა ჰგავდეს კარგი მეგობრების ურთიერთობას, რომლებიც ერთმანეთს შთაბეჭდილებებს და გულის ნადებს უზიარებენ. ჩემი აზრით ეს ორი ძირითადი პირობა უკვე საკმარისია, რომ საკმაოდ კარგი ურთიერთობები ჩამოყალიბდეს მშობელს და შვილს შორის.

 

- მშობლებთან მეგობრული ურთიერთობა ეხმარება შვილს მომავალი ცხოვრების წარმართვაში?


- რა თქმა უნდა, მშობელთან მეგობრული ურთიერთობა ძალიან ეხმარება ბავშვს, რადგან მეგობრული ურთიერთობა ნიშნავს ნდობას. ანუ, მე შემიძლია ნებისმიერ დროს მივიდე მშობელთან და ჩემი გულისტკივილი, თუნდაც მარცხი, არასწორი ნაბიჯი გავუზიარო. მჯერა, რომ მე მივიღებ მეგობრულ მხარდაჭერას და არა კრიტიკას, სასჯელს და ა.შ. გამოდის, რომ ადამიანს ზოგადად სამყაროსადმი ნდობის, ან უნდობლობის საკითხი უყალიბდება ადრეულ ბავშვობაში. ბავშვს სწორედ ამ დროს უყალიბდება თავდაჯერებულობა, ზრდასრულ ასაკში კი მას უკვე მყარად აქვს რწმენა საკუთარი ძალების. ჩვენ ვიცით უამრავი ადამიანი, ვინც არც თუ ისე დადებითად არის განმსჭვალული ცხოვრების, სამყაროს მიმართ, სხვა ადამიანების მიმართ და ღმერთის მიმართაც კი. ეს ადამიანს კარგს არაფერს არ აძლევს, გარდა შიშისა და შოთვისა, რომელიც შემდეგ ნევროზში, სტრესში და არასასურველ გამოვლინებებში გადაიზრდება ხოლმე.


- ყველაზე ხშირად რა სწყინთ შვილებს მშობლებისგან და რას ვერ პატიობენ მათ?

 

- ასე განზოგადება ძნელია, რადგან ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია. ყველას სხვადასხვანაირად სწყინს, ან უხარია. ზოგადად არის ხოლმე, რომ ზედმეტი კონტროლი, ზედმეტი შეზღუდვა არ მოსწონთ. უკვე ზრდასრული შვილები ამას იხსენებენ და უკმაყოფილონი არიან ამით. ან ის, რომ მშობელმა არ მისცა სათანადო რესურსი, მაგალითად მატერიალური, განათლება, იგივე სიყვარული და ყურადღება... ყველა ეს წყენები უკვე ზრდასრულ ასაკში არაფერი კარგის მომცემი არ არის. ყველა ზრდასრულმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ მშობელმა მისცა ყველაფერი ის, რაც შეეძლო, რომ მიეცა. თუ კი მას შიგნიდან არ ქონდა სიყვარული, საიდან მოიტანდა ამ სიყვარულს? ყოველ ჩვენთაგანს პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით შეუძლია მხოლოდ იმის გაცემა, რაც თვითონ აქვს. რაც არ აქვს იმას ვერც გასცემს. ზრდასრულ ასაკში უკვე ჩვენ თვითონ ვართ ჩვენი თავის მშობლებიც და შვილებიც. შეგვიძლია, რაც ვთვლით, რომ მშობლებმა დაგვაკლეს ჩვენ თვითონ მივცეთ ჩვენს თავს: სიყვარულიც, განათლებაც, მატერიალური უზრუნველყოფაც. ყველა ადამიანს უნდა ახსოვდეს მთავარი: მშობლებმა ჩვენ მოგვცეს ყველაზე ძვირფასი, მნიშვნელოვანი და შეუფასებელი რამ - მათ გვაჩუქეს სიცოცხლე. დანარჩენი ყველაფერი მეორე ხარისხოვანია.

 

- როცა მშობლის და შვილის ურთიერთობაში ბზარი ჩნდება, როგორ უნდა მოხდეს ამ ბზარის აღდგენა? რა უნდა მოიმოქმედოს მშობელმა, შვილმა?

 

- ჩემი აზრით, ურთიერთობა არ უნდა მივიყვანოთ ამ ბზარამდე. 100 პროცენტი თუ არა 80 პროცენტი პასუხისმგებლობა მაინც მშობელს აკისრია. ჯერ ერთი იმიტომ, რომ შვილი არის მშობლის გენეტიკური ასლი, არაფერი ახალი მასში არ დევს. მერე- შვილი არის მშობლის აღზრდის შედეგი. ამიტომ სანამ ვინმეს დაადანაშაულებ, ჯერ შენს თავს უნდა დაუსვა კითხვა-რატომ, რანაირად მოხდა ასე? თუ ბზარი მაინც გაჩნდა და გვსურს კვლავ გავამთლიანოთ ეს ურთიერთობა, პირველ რიგში უნდა შეგვეძლოს ჩვენი მარცხის და შეცდომების აღიარება, ბოდიშის მოხდა. ჩვენ თუ შვილის წინაშე ვაღიარებთ შეცდომებს და მოვუხდით ბოდიშს, ისიც შეძლებს იგივეს გაკეთებას. ნებისმიერი ბზარის გასამთელებლად ორმხრივი სურვილია საჭირო.

 

- განსაკუთრებით რთულად გადააქვს შვილებს გარდატეხის ასაკი, უჩნდებათ პროტესტის გრძნობა და ა.შ. როგორ უნდა მოიქცნენ ამ დროს მშობლები?


- ეს მოზარდისთვის ძალიან რთული პერიოდია. ეს არის რადიკალური ცვლილების პერიოდი. წარმოიდგინეთ იყავი ბავშვი, არაფერი განსაკუთრებული, სექსუალური მოთხოვნილებები არ გაწუხებდა, ბიჭსა და გოგოს შორის განსხვავებას ვერც გრძნობდი, ერთი სიტყვით შენთვის წყნარად ცხოვრობდი. უცებ ორგანიზმში ხდება რაღაც სასწაული ცვლილებები. რა სხეულსაც მიჩვეული იყავი ის სხეული რადიკალურად იცვლება და ხდება სხვა. იცვლება ენდოკრინული სისტემა, ჩნდება სხვადასხვა მოთხოვნილებები და ა.შ. რომლებიც აქამდე არ ქონია, რომლებიც მას სირცხვილად მიაჩნია. ერთი სიტყვით, პატარა ადამიანისთვის ეს ძალიან რთული პერიოდია. იმისათვის, რომ ეს პერიოდი ადვილად გადალახოს მშობლისგან უპირველესად საჭიროა, ბავშვი იყოს ინფორმირებული, რომ მასში ეს, ეს და ეს ცვლილებები მიმდინარეობს. უნდა ვუთხრათ, რომ ეს ნორმალურია და არ უნდა შერცხვეს, არ უნდა შეეშინდეს ამის. როდესაც ადამიანი ინფორმირებულია, გაცილებით უფრო ადვილად გადაიტანს ამ ყველაფერს. მე ვიცი ბევრი ისეთი მშობელი, რომელიც გარდატეხის ასაკში კი არა, 40 წლის ასაკშიც ისე მიმართავს და ექცევა შვილს, როგორც პატარა ბავშვს. შესაბამისად ელოდება, რომ იგივენაირად დაუჯერებს, როგორც უჯერებდა 3, 5, 10 წლის ასაკში. არა, შვილები იზრდებიან და ყველა პერიოდს შესაბამისი მიმართვა და მოქცევა სჭირდებათ მათ. უნდა მივცეთ დამოუკიდებელი მოქმედების, ცხოვრებაზე დაკვირვების საშუალება. ნელ-ნელა ხდება პასუხისმგებლობის გადაბარება საკუთარ თავზე და შემდეგ შესაბამისი მოპყრობა შვილის მიმართ.

 

- მშობლების დაშორებას მტკივნეულად აღიქვამენ შვილები. ეს პროცესი მტკივნეული რომ არ იყოს შვილებისთვის, რა უნდა მოიმოქმედოს მშობლებმა?

 

- ბავშვისთვის ეს მტკივნეული იქნება ნებისმიერ შემთხვევაში, უბრალოდ ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ რაც შეიძლება ნაკლებად მტკივნეული იყოს. ამისთვის პირველ რიგში საჭიროა ბავშვს აუხსნა, რომ დედა და მამა ცილდებიან, რადგან რაღაც საკითხში ვერ მორიგდნენ, იმიტომ, რომ აღარ უყვართ ერთმანეთი, თუმცა ისინი ისევ რჩებიან მის მშობლებად. ზოგადად მშობლებს ახასიათებთ, როცა მშობლები შორდებიან, იმის მიუხედავად რა იყო გაყრის მიზეზი, ბავშვი თავის თავზე ქვეცნობიერად იღებს ამის ბრალს და ფიქრობს, რომ ეს მისი ბრალია. ის ვერ იყო სათანადოდ კარგი და ამიტომ ეყრებიან მშობლები. მნიშვნელოვანია ბავშვს თავიდანვე ავუხსნათ, რომ ის არაფერ შუაშია. ეს არის მშობლების ბრალი და ის ისევე უყვართ მათ, როგორც მანამდე უყვარდათ.

 

- რას ეტყვით იმ შვილებს, ვისაც გული აქვთ ნატკენი მშობლისგან და იმედგაცრუებას განიცდიან, ან მიტოვებულად გრძნობს თავს?

 

- ბავშვის ფსიქოლოგია სხვაა, ზრდასრულის სხვა. ბავშვობა როგორიც იყო ისეთი იყო, ამას ჩვენ ვეღარ შევცვლით, მაგრამ ჩვენს ხელთაა შევცვალოთ მის მიერ მიდგომა. ჩვენი არჩევანია ვატაროთ ის წყენა, სიმძიმე და იმედგაცრუება მთელი ცხოვრება თუ არა. თუ ადამიანს არ უნდა ამის ტარება, მაშინ არსებობს სპეციალური ფსიქოთერაპიული მეთოდები, რომელიც ამ წყენას და იმედგაცრუებას მოაცილებს ადამიანს და დადები ენერგიად გარდაქმნის.

 

- იმატა ბავშვებში აგრესიამ, როგორ ფიქრობთ რა არის ამის მიზეზი?

 

- ბავშვები თავისი მშობლების სარკეები არიან. ბავშვებში აგრესიამ იმატა იმიტომ, რომ ეს აგრესია არის მშობლებში, ზრდასრულ ადამიანებში, ჩვენს საზოგადოებაში და ბავშვები რასაც ხედავენ იმას იმეორებენ.

 

- სად ხედავთ გამოსავალს?

 

- გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ პირველ რიგში მშობელი, ზრდასრული ადამიანი მოეკიდოს თავის ცხოვრებას, მშობლის სტატუსს სერიოზულად, დაიწყოს პირველ რიგში მუშაობა საკუთარ თავზე და შესაბამისად შვილებთან ურთიერთობების გაუმჯობესება არ დააყოვნებს. არის ასეთი ბრძნული გამონათქვამი „თუ გინდა, რომ შეცვალო სამყარო, დაიწყე საკუთარი თავიდან".


მერი ბლიაძე





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი