logo_geo
9 მარტი ირაკლი კოსტავას დაბადების დღეა...
- +

9 მარტი. 2018. 01:12



9 მარტს მერაბ კოსტავას შვილის ირაკლი კოსტავას დაბადების დღეა. ირაკლი კოსტავამ 24 წლის ასაკში სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულა- თავი მოიკლა.


კონსტანტინე გამსახურდია ირაკლი კოსტავას შესახებ წერს:


მან წარუშლელი კვალი დატოვა თავის თაობაზეც და მომდევნოთა თვალშიც თავისი ნიჭიერებით, ექსტრავაგანტურობით და თვითმყოფადობით სრულიად გამორჩეულ სახედ დამკვიდრდა.


ჩვენ ფაქტობრივად, ერთად ვიზრდებოდით. ქალბატონი რუსუდანი მათემატიკაში გვამეცადინებდა ორივეს. ხშირად მივყავდით მშობლებს გაუქმებულ ქართულ ტაძრებში, სადაც ისინი ლოცვებს აღავლენდნენ, სანთლებს ანთებდნენ და გალობდნენ ქართულ საგალობლებს. დაუვიწყარია, როგორი სიწრფელით თქვა ერთხელ ირაკლიმ დიდი კონსტანტინეს ოთახში გაშლილ სუფრასთან ზვიად გამსახურდიას ლექსი "საპირისპირო გათენების სხივი ფარული...." (მიძღვნა) ხშირად სათევზაოდაც მივყავდით მშობლებს და მერაბი ბადეს ისროდა ხოლმე არაგვზე, ქსანზე, ხრამზე... ირაკლიც შეყვებოდა ხოლმე, არ ეშინოდა დინების.


80-იანებში, მერაბის პატიმრობის უმძიმეს წლებში ვმეგობრობდით ისევ, საერთო ინტერესი ბევრი გვქონდა, ლიტერატურა, ფილოსოფია, მუსიკა.... ირაკლის მამისეულ სახლში ვიკრიბებოდით ხოლმე ირაკლი ჩარკვიანთან, გეგა კობახიძესთან, დათო კოსტავასთან (მსახიობი გრიგოლ კოსტავას ვაჟი, მერაბის ბიძის, ასევე პოლიტპატიმრის), კახა თოლორდავასთან, გიორგი თოფურიასთან, დიკა ესაკიასთან, კობა წაქაძესთან, გია სიბაშვილთან და სხვებთან ერთად. სიცოცხლის ხალისი და ნიჭიერება იფრქვეოდა ირგვლივ. დღესაც 24 წლისაა ირაკლი. დაუვიწყარია უსათნოესი და უძვირფასესი მისი სახე.


თანატოსი


შავჩოხიანი შეისვენებს მგზავრობის შუა,

 

წამოიძინებს, ამის დრო თუა.

 

გზას გაუდგება ლეგა ცხენზე ამხედრებული,

 

არ შეაშინებს დაბრკოლება გზად ხვედრებული.

 

ზუსტად რომ დროზე, არც ადრე და არცა გვიან,

 

ვიღაც მესამე ნაპირს პოულობს,

 

ვენას იხლიჩავს  ალესილი სამართებლით,

 

სიკვდილს თხოულობს.

 

შავჩოხიანი შეისვენებს მგზავრობის შუა,

 

წამოიძინებს ამის დრო თუა.




1978წ.


ირაკლი კოსტავა  


 

big_banner
არქივი