logo_geo
თემურ ჭკუასელი: ისეთი ამბები ხდება, რომ იტყვიან, „ძაღლი პატრონს ვერ ცნობს“
- +

13 მარტი. 2018. 14:38



საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა თემურ ჭკუასელმა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე, სადაც ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელს გიორგი ალიბეგაშვილს უსმენენ, განაცხადა, რომ რაც ქართულ ენასთან მიმართებაში ხდება, სრული კატასტროფაა.

 

„წარწერები ქუჩებში, საუბარი ტელევიზიაში თუ საგაზეთო ჟურნალისტიკაში - ისეთი ამბები ხდება, რომ იტყვიან, „ძაღლი პატრონს ვერ ცნობს". ისე მახინჯდება და თვალსა და ხელს შუა ისე იცვლება სიტყვების მნიშვნელობა... მაგალითად, თბილისი გავსებულია „ელიტ ელექტრონიქსის" რომელიღაც ტელევიზორის რეკლამით და ყველგან წერია: „მარტო შენთვის". ამ დროს უნდა იყოს „მხოლოდ შენთვის". არის რეკლამა და დღე და ღამე მღერიან ეთერში: „მიყვარს მარტო ზედაზენი". მალე ალბათ ცნობილ რომანს „მხოლოდ შენ ერთს" იმღერებენ - „მარტო შენ ერთს". გარდა ამისა, აფთიაქში შეხვალ და წერია: გაყიდული საქონელი უკან არ მიიღება. ერთხელ მწარედ ვკითხე: ქალბატონო, წინ მიიღება-მეთქი? არის წარწერა „კარები გააღეთ შიგნით". შე დალოცვილო, დაწერე „შეაღე" - ერთი სიტყვა სჭირდება ამას. არის ბევრი ისეთი წარწერა, რომელიც უცხოურიდან არის თარგმნილი და წინადადება, რომელსაც ქართულად 6 სიტყვა სჭირდება, არის 12-სიტყვიანი, რადგან თარგმნილია და თარგმნილია ცუდად", - განაცხადა თემურ ჭკუასელმა.




 

big_banner
არქივი