logo_geo
თბილისის ტურისტულ მარშრუტს აზეულას ციხის ტერიტორია შეემატება
- +

21 მარტი. 2018. 11:40




თბილისის შემოგარენში, კერძოდ, კოჯორში, აზეულას (ქოროღლის) ციხესიმაგრეზე განათების ქსელის მოსაწყობად, წინამოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.


როგორც „სითი კვირას" მთაწმინდის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, გამგეობა, აზეულას ციხის ტერიტორიის კეთილმოწყობით, თბილისის ტურისტული მარშრუტისთვის კიდევ ერთი ბილიკის დამატებას გეგმავს, რაც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან უკვე შეათანხმა.


მათივე განმარტებით, ახალი ტურისტული ბილიკის ფარგლებში, ციხის კონსერვაცია, ტერიტორიაზე განათების ქსელის მოწყობა, ტურისტული ნიშნულებისა და საინფორმაციო ბანერების განთავსება იგეგმება. ასევე, განიხილება ციხესიმაგრის მიმდებარედ არსებული იუნკერთა მემორიალის რეაბილიტაციაც.


მთაწმინდის რაიონის ხელმძღვანელობა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და „თბილსერვისის ჯგუფის" წარმომადგენლებთან ერთად, აღნიშნულ ციხეზე იმყოფებოდა, სადაც განათების ადგილების ფიქსაციისთვის განკუთვნილი ტერიტორია საფრენი აპარატით გადაიღეს.


აზეულას ციხესიმაგრე კოჯორში, თბილისიდან სამხრეთით ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ადგილას, ზღვის დონიდან 1250 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. თავდაპირველი ნაგებობა აღნიშნულ ტერიტორიაზე IX საუკუნეში აშენდა. გადმოცემის მიხედვით, ციხესიმაგრეს „აგარათა ციხეს", ხოლო შუასაუკუნეებისთვის „აზეულას" ციხეს უწოდებდნენ, დღეისთვის კი ციხე ქოროღლის სახელწოდებითაა ცნობილი.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი