logo_geo
კახა კალაძე: მიკროავტობუსების კომპანიის მფლობელებს მოუწევთ თავიანთი პარკი განაახლონ!
- +

21 მარტი. 2018. 21:08



თბილისში მოძრავ მიკროავტობუსებში ფეხზე მდგომ მგზავრებთან დაკავშირებით არსებული რეგულაციების აღსრულების ნაწილი გამკაცრდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. თბილისის მერი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა სახელმწიფო აუდიტის დასკვნას დედაქალაქში მიკროავტობუსების მიერ ტექდათვალიერების ვერ გავლის შესახებ. კალაძის თქმით, ასეთი მიკროავტობუსები აბინძურებენ გარემოს და ქმნიან სერიოზულ პრობლემას.


„რეგულაციები არსებობს ამასთან დაკავშირებით, მე მგონია, რომ ჩვენ აღსრულების ნაწილში უფრო მკაცრი უნდა ვიყოთ. ეს ისევე მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით ხდება.


აუცილებელია მათი ჩანაცვლება ახალი თანამედროვე ტიპის ავტობუსებით. როდესაც ჩვენ დავიწყებთ ახალი ავტობუსების შემოყვანას აუცილებლად ყვითელი ე.წ. მარშრუტკების კომპანიის მფლობელებს მოუწევთ იმაზე ფიქრი, რომ თავიანთი პარკი განაახლონ", - განაცხადა კახა კალაძემ.


სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2016 წლის 3 ოქტომბრიდან 2017 წლის 3 აპრილამდე პერიოდში, ყვითელი მიკროავტობუსების 25% პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად არ გამოცხადდა; ხოლო გამოცხადებული -1 524 მიკროავტობუსიდან 4% უვარგისი გამოდგა.


2017 წელს თბილისში მოსიარულე 816 მუნიციპალური ავტობუსიდან 143 არ უწევდა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, დანარჩენი 673 ავტობუსიდან, 456 ავტობუსმა (68%) ინსპექტირება ვერ გაიარა.


 

big_banner
არქივი