logo_geo
დიმიტრი ქუმსიშვილი გუდაურში მომხდარ შემთხვევაზე: არსებული დასკვნის მიხედვით, ოპერატორმა დაუშვა შეცდომა
- +

23 მარტი. 2018. 11:46



საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 16 მარტს გუდაურში საბაგიროს დაზიანების დროს შეცდომა დაუშვა ოპერატორმა, რომელსაც ძაბვის ვარდნის შემდეგ არ განახორციელა სწორი ქმედებები.


როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამოღებული ჩანაწერებიდან, დადგინდა, რომ ნამდვილად 16 მარტს იყო ძაბვის ვარდნა, რომელმაც გამოწვია საბაგიროს გაჩერება, თუმცა საბაგიროს გაჩერების შემდეგ ოპერატორს უნდა ემოქმედა კონკრეტული თანმიმდევრობით.

 

„ოპერატორს უნდა მოეხდინა აღნიშნული საბაგიროს გადაყვანა დიზელ-გენერატორზე და შესაბამისად შემდგომში იქ არსებული ტურისტების მიყვანა, საიდანაც ისინი ჩამოვიდოდნენ და დაცლიდნენ საბაგიროს. სამწუხაროდ, დღეს არსებული დასკვნის მიხედვით, ოპერატორმა დაუშვა შეცდომა. რაც მან განახორციელა, არ იყო თანხვედრაში, რომელიც არის გაწერილი ინსტრუქციაში. ეს იყო ადამიანური შეცდომის ფაქტორი. დასკვნა, რომლიც ჩვენ გვაქვს, გადაეცემა უკვე შსს-ს, რომელიც აგრძელებს მოკვლევას და შესაბამისად კანონმდებლობის მიხედვით დააყენებს იმ პასუხისმგებლობებს, რომელიც უნდა დადგეს", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


მისივე თქმით, ოპერატორი, რომელიც გუდაურის საბაგიროზე მუშაობდა, უკვე ჩამოშორებულია საქმიანობას.


შეგახსენებთ, რომ გუდაურში, 16 მარტს, საბაგიროს დაზიანების შედეგად, 11 ადამიანი დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, საბაგიროს დაზიანება მუხრუჭის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია.


მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.


 

big_banner
არქივი