logo_geo
„ქართულ ხელოვნებაში „უჟანგავობა” აქვს გარანტირებული!“ - ლილი იოსელიანის დაბადებიდან 96 წელი შესრულდა!
- +

26 მარტი. 2018. 01:36


 

ლილი იოსელიანი: რეჟისორობაზე ფიქრი ყმაწვილობისას დავიწყე, მამაჩემი პროფესიით რკინიგზის ინჟინერი იყო, მაგრამ, უყვარდა მუსიკა, ხელოვანთა შორის ბევრი მეგობარი ჰყავდა. მისი მეგობრები იყვნენ ვანო სარაჯიშვილი და დათიკო ანდღულაძე. მამა ოპერის თეატრში აღამებდა, კარგად იცოდა როგორც მუსიკა, ასევე, თეატრის მძიმე კულისები, ალბათ, ამიტომაც, ძალიან აღშფოთდა, როცა გაიგო, რომ რეჟისორობა მინდოდა. ეს ქალის საქმე არაა, შენ ხათრიანი და მოკრძალებული ხასიათი გაქვს და მაგ პროფესიას ვერ გაუძლებო, - მითხრა. გავიდა დრო და მამის ყველა ნათქვამი ამიხდა.


- ერთ დღესაც, გაზეთში წავიკითხე განცხადება, რომ აკაკი ხორავამ რუსთაველის თეატრთან დააარსა თეატრთან და ხელოვნებასთან დაკავშირებული ინსტიტუტი და მე გავხდი ამ ინსტიტუტის სტუდენტი.


- ინსტიტუტის პირველი კურსები იმ სტუდიელებით დაკომპლექტდა, რომლებიც მარჯანიშვილისა და რუსთაველის სტუდიებში სწავლობდნენ, მე ამ ინსტიტუტის ერთ-ერთი პირველი სტუდენტი ვიყავი გარედან მისულ ახალგაზრდებს შორის. მე მოვხვდი გიორგი ტოვსტონოგოვის პირველ ჯგუფში... ტოვსტონოგოვი გენიალური პედაგოგი და არაჩვეულებრივი რეჟისორი იყო, მისი მოწაფეობა არ იყო იოლი. მან მასწავლა ყველა ის საიდუმლოება, რაც რეჟისორის პროფესიას ახლავს, ცხოვრების გამოცდილება ბევრ რამეს ჰმატებს ამ პროფესიას, თუმცა, ძირითად, ფუნდამენტალურ პრინციპებს გოგისგან ვეზიარე. ამბობდნენ, რომ რეჟისურა კაცური პროფესიაა და, ნიჭის გარდა, დიდ ფიზიკურ დატვირთვასაც მოითხოვს. შეიძლება, მამაკაცებს მეტი გონებრივი შესაძლებლობები ჰქონდეთ, რაშიც ყოველთვის ეჭვი მეპარებოდა, მაგრამ, ქალი რომ ცხოვრებისეულ ტკივილებს უძლებს, ამას მამაკაცი ვერ გაუძლებს. ვცდილობდი დამერღვია სტერეოტიპი და დამემტკიცებინა, რომ რეჟისურა სწორედაც რომ ქალის საქმეა. ცხოვრების შეგრძნება სცენაზე, მტკიცე ნებისყოფა და უკომპრომისობა ქალისთვის უფრო დამახასიათებელია. რა მნიშვნელობა აქვს სქესს, მაშინ, როცა რეჟისორისთვის, პირველ ყოვლისა, უსაზღვრო ფანტაზია, რეჟისურის უნარი და კარგი განათლებაა საჭირო? - ეს არის სამი ძირითადი „საიდუმლო", რასაც რეჟისურა ეფუძნება. პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა ტოვსტონოგოვმა თავის ასისტენტად დამნიშნა...


-პირადი ცხოვრება კი ტრაგიკული იყო - დავკარგე ყველა, ვინც ჩემთვის ძვირფასი იყო: ადრე გარდამეცვალა და, ძმა, მაგრამ, საკმაოდ გამძლე აღმოვჩნდი და ეს ტრაგედიები ღირსეულად გადავიტანე. საზოგადოება ჩემი ძმის, ჯაბას გამო, თითქოს სულ ჩასაფრებული იყო ჩემთან. ათას ლეგენდას თხზავდნენ ჩვენს ოჯახზე, მაგრამ, მთელი ცხოვრება მე მაინც ჩემს საყვარელ საქმეს შევალიე. ჯერ იყო მარჯანიშვილის თეატრი, მერე რუსთავი, გორი, რუსთაველი... რეგალიებიც მივიღე: რუსთაველის პრემია და სახალხო არტისტის წოდება, მაგრამ, ამის მიღმა ძალიან ბევრი ტკივილი იყო. წლების წინ დავიწყე მუშაობა ავტობიოგრაფიულ წიგნზე, თითქმის ექვსასგვერდიანი წიგნის მასალა მზად მქონდა. ღამე იყო, სინათლე ჩაქრა. სანთელზე განვაგრძე მუშაობა, მეორე სანთლით მეზობელთან გავედი - მეგონა, ჩემი ძმის გამო, მარტო ჩემს სახლში ჩააქრეს სინათლე. ოთახში რომ შემოვბრუნდი, ყველაფერი დამწვარი დამხვდა - სანთელი წაქცეულიყო და ყველაფერი ფერფლად იყო ქცეული. მას მერე აღარ მიფიქრია, კიდევ დამეწერა წიგნი, ის ყველაფერი, რაც იყო ჩემს ცხოვრებაში. ჩემს მოგონებებში, ჩემთან დარჩა...


ლილი იოსელიანი გადაღებულია ფილმებში: „დები წყვდიადში", „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა", „წყარო", „ფესვები".



„ამბობენ, რომ მასთან მუშაობა რთულია, რომ ის ძალიან მომთხოვნი და პრინციპულია. დიახ ეს ასეა, მაგრამ, ვინც მის მკაცრ სკოლას უძლებს, დიდი ხნის „უჟანგავობა" აქვს გარანტირებული ქართულ ხელოვნებაში",  - მიხეილ თუმანიშვილი.



„ლილი სათნო ადამიანია, მაგრამ, სასტიკი და დაუნდობელი ხდება, როცა საქმე პროფესიას ეხება. მასთან მუშაობა საინტერესოც არის და მტკივნეულიც. როდესაც იმ წლებზე ვფიქრობ, ის საღამოები მახსენდება, როცა ჩემს პედაგოგს ინსტიტუტიდან სახლამდე მივაცილებდი. ის მიყვებოდა თეატრზე, კინოზე, პოლიტიკაზე, თავისი ოჯახის სატკივარზე და ეს საუბრები ისეთ რეჟისორულ ანალიზს ეფუძნებოდა, რომ ჩემთვის უძვირფასეს გაკვეთილებად რჩება", - რობერტ სტურუა.

 

25 მარტს, ლილი იოსელიანის დაბადებიდან 96 წელი შესრულდა!

25.03.1922 - 14.05.2014


 

big_banner
არქივი