logo_geo
ვაკანსიის გამოცხადებისას ასაკისა და სქესის მითითება შესაძლოა აიკრძალოს
- +

31 მარტი. 2018. 15:20



ვაკანსიის გამოცხადებისას ასაკისა და სქესის მითითება შესაძლოა, აიკრძალოს. ამის შესახებ ცვლილებების შეტანა „საქართველოს შრომის კოდექსში" იგეგმება.


როგორც პროექტის განმარტებით ბარათში წერია, კანონპროექტის მომზადება შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობების ყველა ეტაპზე პირთა თანასწორუფლებიანობის დაცვისა და დისკრიმინაციის თავიდან აცილების მექანიზმების გაუმჯობესების აუცილებლობით არის განპირობებული.


„შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, მათ შორის ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე, აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო", - აღნიშნულია ცვლილებათა პროექტში.


ცვლილებათა თანახმად, დამსაქმებელი უფლებამოსილია კანდიდატის შესახებ მოიპოვოს ინფორმაცია, გარდა იმ ინფორმაციისა, რომელიც არ არის დაკავშირებული სამუშაოს შესრულებასთან და არ არის საჭირო კანდიდატის მიერ კონკრეტული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობის შესაფასებლად და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.


ამასთან, დამსაქმებელს არ აქვს უფლება, კანდიდატისგან მოითხოვოს ისეთი სახის ინფორმაცია, რომელიც შეეხება მის რელიგიას ან რწმენას, შეზღუდულ შესაძლებლობებს, სექსუალურ ორიენტაციას, ეთნიკურ კუთვნილებას, ორსულობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული განსხვავების აუცილებლობა. კერძოდ, აღნიშნული პუნქტის მიხედვით, „დისკრიმინაციად არ ჩაითვლება პირთა განსხვავების აუცილებლობა, რომელიც გამომდინარეობს სამუშაოს არსიდან, სპეციფიკიდან ან მისი შესრულების პირობებიდან, ემსახურება კანონიერი მიზნის მიღწევას და არის მისი მიღწევის თანაზომიერი და აუცილებელი საშუალება".



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი