logo_geo
„ჩემი ოცნებაა საქართველოს მთებში ქეიფი!“ - ამერიკელი ქალი, რომელიც ნიუ იორკში ქართულ კერძებს ამზადებს!
- +

1 აპრილი. 2018. 22:07



ქართული კულინარია და ქართული სუფრის ისეთი სავიზიტო ბარათები, როგორებიცაა: ხაჭაპური, ნიგვზიანი ბადრიჯანი, ხინკალი დიდი ხანია გასცდა ჩვენი ქვეყნის ფარგლებს და ბევრი უცხოელისთვის საყვარელ კერძებად იქცა.


მო კუნინგჰემი ნიუ იორკელი მოგზაურია, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ეწევა მსოფლიოს მასშტაბით, გატაცებულია კულინარიით და ერთ-ერთია იმ უცხოელთაგან, რომელიც შეყვარებულია ქართულ სამზარეულოზე. როგორც ირკვევა, მო წლების წინ დაქორწინებული იყო ქართველ მამაკაცზე, რომელთანაც დღემდე ინარჩუნებს მეგობრულ ურთიერთობებს. სწორედ მისი დახმარებით აღმოაჩინა ქალმა ქართული კულტურა, ტრადიციები და სამზარეულო. მართალია, საქართველოში ჯერ არ უმოგზაურია, თუმცა დაუსწრებლად უყვარს ჩვენი ქვეყანა და ამბობს, რომ ოცნებად აქვს ქცეული ამ პატარა ქვეყნის ხილვა.


ერთ დღესაც მშვენიერმა ქალბატონმა გადაწყვიტა საკუთარი კულინარიული შესაძლებლობები ქართული კერძების მომზადებაში გამოევლინა და ქართულ სუფრაზე საკუთარი მეგობრები მიიწვია! შემდეგ კი მის მიერ გაწყობილი სუფრა ვიდეოზე აღბეჭდა და მეგობრებს თავისი შთაბეჭდილებები გაუზიარა. აი, რას წერს ვიდეოს კომენტარში მო კუნინგჰემი:


„Didimadalopt! საქართველოს შესახებ ჩემი მეუღლის ელდარ შარაშენიძისგან შევიტყვე. ის დაიბადა და გაიზარდა თბილისში! დიდი ხანია ერთად აღარ ვართ, მაგრამ ვრჩებით დიდ მეგობრებად. პირველად ხაჭაპურის გაკეთება ვისწავლე... ის ჩემი ჩემი დისშვილებისა და ძმისშვილების საყვარელ საჭმელად იქცა და ყოველთვის მთხოვენ მის მომზადებას, როცა სტუმრად მოდიან. ამის შემდეგ კი ელდარისგან სხვა ქართული კერძების მომზადებას ვისწავლე. აქ არის ყველაფერი ქართული, რაც მე ასე ძალიან მიყვარს! საქართველოში არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ჩემს უახლოეს გეგმებში შედის ვესტუმრო ამ ქვეყანას. ეს სუფრა გავაკეთე სამეგობროს ტრადიციის ფარგლებში, როცა თვეში ერთხელ სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს ვაცნობთ ერთმანეთს. ერთხელ როცა ჩემს ამერიკელ მეგობართან ხაჭაპური ვახსენე, ის გაოცდა და მითხრა, რომ ნიუ იორკში მეგობართან ერთად აპირებდა ევახშმა ქართულ რესტორანში! მან მითხრა, რომ გიჟდება ქართულ საჭმელზე!

 

როცა სუფრა გავაწყვე და ეს ვიდეო გადავიღე, გავუზიარე ჩემს ქართველ მეგობრებს ფეისბუქზე, შემდეგ ელდარმა გაუზიარა ის თავის მეგობრებს და ასე გავრცელდა ვიდეო ათასობით ადამიანზე. ვიდეომ 40 000 ნახვა დააგროვა! გავიგე, რომ ვიდეო ქართულმა საიტმაც გააზიარა და მადლობა მათ", - წერს მო კუნინგჰემი, რომლის ვიდეოც georgianjournal.ge-ს მეშვეობით საქართველოში ათასობით ადამიანმა ნახა.


ამერიკელი მოგზაური ამბობს, რომ მალე საქართველოში სტუმრად ჩამოსვლას აპირებს:


„ვგიჟდები ქართულ სამზარეულოზე, კულტურაზე და განსაკუთრებით ქართველ ხალხზე! სხვათა შორის, ჩემი მეგობრები მეუბნებიან, რომ იმდენად კარგად ვამზადებ ქართულ კერძებს და ვცეკვავ ქართულ ცეკვებს, რომ უკვე დავემსგავსე ქართველს და თუ მართლმადიდებელი გავხდები, ჭეშმარიტი ქართველი ვიქნები! მოუთმენლად ველი იმ დღეს, როცა იმ ქვეყნის სილამაზეს ვიხილავ, რომელსაც საოცარი ამბებით და სიმღერებით ვიცნობ. ჩემი ოცნებაა, საქართველოში ჩამოსვლა და მის მთებში ქეიფი! Garmajous", - წერს მო კუნინგჰემი.


 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი