logo_geo
„დავიღალე... აღარ შემიძლია!“ - რატომ არის დღეს ყველაზე ძნელი, იყო მშობელი?
- +

2 აპრილი. 2018. 10:27



Mshoblebi.ge მკითხველის წერილს აქვეყნებს, რომლსაც უცვლელად გთავაზობთ:


„გუშინდელმა შემთხვევამ, როცა 13 წლის მოზარდს სრულიად უცხო, საშიში და დაუნდობელი ადამიანი შეჰყვა ლიფტში და სასტიკად გაუსწორდა, კიდევ ერთხელ დამსტრესა და გამანადგურა. ბავშვი უბრალოდ მოდიოდა სკოლიდან და მოულოდნელად ასეთი საზარელი რამ შეემთხვა...

 

მინდა ჩემი გულისტკივილი გამოვთქვა, ლამისაა გული დამეფლითოს და ტვინი გამისკდეს ამდენი ფიქრისგან. იქნებ ვინმემ იცის რაიმე საშველი და გვითხრას მე და ჩემნაირად მოფიქრალ ბევრ მშობელს. რაშია ხსნა? იმდენად დასტრესილი ვარ იმ გარემოთი, იმ დაბინძურებული და ნეგატიური სივრცით, რაც ჩვენ გარშემოა, უკვე აღარ ვიცი, რა ვქნა.

 

ამბობენ, 21-ე საუკუნეში რა უნდა მშობლობასო, ყველაფერი გაიოლებულიაო... ნეტავ მართლა ისევ ხელით ვრეცხავდეთ საფენებს, ცივ წყალში ვყოფდეთ ხელებს და ბევრი სხვა რამ გვიჭირდეს, ოღონდაც ისევ ისეთი ლაღი და ჯანმრთელი იყოს გარემო ჩვენ გარშემო. დედაჩემი ისე გვიშვებდა ეზოში, ქუჩაში, სკოლაში, სრულიად არ ღელავდა ამდენ უბედურებაზე, ისე გვაჭმევ და და გვასმევდა - იმაზე არ ფიქრობდა, რომ მეორე დღეს ამ საჭმელს და სასმელს საწამლავად მოიხსენიებდნენ. იმდენს ვმოძრაობდით, ვთამაშობდით და ვხალისობდით, ჩვენი გონება სრულიად თავისუფალი იყო ნეგატივისა და ზღვა საზიზღარი ინფორმაციისგან. ადრე მშობელი ფიზიკურად შეიძლება მეტად იღლებოდა, მაგრამ გონება და გული ჰქონდა მეტად მშვიდი და ლაღი. ახლა?

 

აღარ ვიცი, რომელ ერთზე ვიდარდო. ბავშვს რომ ვხდი და ვაცმევ გულის კანკალით ვუყურებ, რამე საშიში არ მომხვდეს თვალში, ღამით შეშინებული ვუსმენ მის სუნთქვას... იმდენი რამ მესმის, სულ თვალწინ მიტრიალებს ათასი საშინელი დაავადება - სიმსივნეები, ლეიკემია... ორსულობისას არანაკლებად ვნერვიულობდი - რამდენად ჯანმრთელი დაიბადებოდა...

 

ვცდილობ, ვიყიდო ნორმალური საჭმელი, ვაძლევ შედარებით ძვირს, ოღონდ ასე თუ ისე ვენდობოდე მწარმოებელს, მაგრამ ყოველ მეორე დღეს ახალ-ახალ პროფუქტზე, ნაწარმზე აცხადებენ, რამდენად მავნებელია, გენმოდიფიცირებულია, შხამიანია, მომწამვლელია... პრაქტიკულად ბავშვს ვაჭმევ, ვასმევ და თან იმაზე ვფიქრობ, რომ სინამდვილეში ვწამლავ...

 

გარეთ გავუშვებ და ათასი ნაძირალა დაეხეტება, ვინ რას დაუშავებს და ვის სად გადაეყრება, იმაზე ვნერვიულობ. ათასჯერ ვურეკავ დღეში, რომ დავრწმუნდე, უსაფრთხოდაა... ვიცი, ვსტრესავ მასაც და საკუთარ თავსაც, მაგრამ მართლა დავითრგუნე, სულ დაძაბული ვარ - ხან მანქანა ეჯახება ადამიანს, რომელიც შეიძლება, თავისთვის იდგეს გაჩერებაზე... ხან ზემოდან ეცემა უშველებელი შუშა ბავშვს, რომელიც უბრალოდ სკოლიდან მოდის... ხან ვიღაც ლიფტში უვარდება და ძალადობს... ხან კი თანაკლასელი ან თანატოლი იმეტებს მოსაკლავად...

 

სახლიდან არ გაუშვებ და ინტერნეტს მიეჯაჭვება. აი აქაა კიდევ საფრთხეები, თუა. მკვლელი თამაშები, მაზომბირებელი და გამოსაშტერებელი ონლაინსივრცე...

 

დღეს ყველაზე ძნელია, იყო მშობელი. ყველაზე ძნელია, გაუძლო ამ სტრესებს და შვილი თავისუფლად გაზარდო...

 

მე ვარ მშობელი, რომელიც გამუდმებულ სტრესშია, ეშინია აწმყოსიც და უფრო მეტად - მომავლის... მითხარით, როგორ მოვიქცე, გაქვთ მოძებნილი რაიმე გზა, სხვა მშობლებო, რომ არ იფიქროთ ამდენ ცუდზე და თავიდან აიცილოთ ამდენი ნეგატივი, რომელიც ჩვენ გარშემოა... ჩემთვის გამოსავალი ნამდვილად არ არის, რომ არ გავეცნო ასეთ ინფორმაციებს, არ წავიკითხო და არ ვნახო... ჯერ ერთი, ისედაც ვრცელდება, ქუჩაშიც კი ამაზე საუბრობენ მერე, და მეორეც - ეს უფრო სირაქლემას პოზიციაა, თავი ჩარგო და თითქოს არაფერი ხდება შენ გარშემო...

 

დამეხმარეთ, გავუმკლავდე ამ სტრესს, რომელიც მეც მანგრევს და ჩემს შვილსაც!!!"


ანა, 35 წლის


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი