logo_geo
„ტალღამ სამას მეტრში გადამაგდო...“ - რას ყვება მინდელის მაღაროში დაშავებული მაღაროელი
- +

7 აპრილი. 2018. 19:43

 

 

ტყიბულში, მინდელის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს დაშავებული ერთერთი მაღაროელი, 36 წლის ირაკლი კიკაბიძე, „კვირასთან” საუბრისას, უბედური შემთხვევის დეტალებს იხსენებს. ის მაღაროში ვაგონების მტვირთავად მუშაობს და სწორედ ამიტომ, ხშირად უხდებოდა ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილ ბიჭებთან ასვლაც. იმ დღეს კი, როგორც თავად ამბობს, ყველაფერი მოულოდნელად განვითარდა, ცხელი ჰაერი წამოვიდა და ტალღამ დაახლოებით სამას მეტრში გადააგდო, ძირს დაცემის შემდეგ კი გარკვეულ მანძილზე იხოხა. მიღებული ტრავმების შედეგად, მას თავზე 5 ნაკერის დადება დასჭირდა, თუმცა მისივე თქმით, სხვა, უფრო მძიმე დაზიანებები არ მიუღია.

 

„მე ვაგონების მტვირთავად ვმუშაობ, ესაა ჩემი საქმე. აქედან გამომდინარე, იმ ბიჭებთანაც მიწევდა ასვლა, რომლებიც ამ ტრაგედიის შედეგად დაიღუპნენ. იმ ღამესაც ავედი, წამალი ავუტანე და ჩამოვედი – ჩემი საქმე გავაგრძელე. ცოტა ხანში, მოულოდნელად, რაღაც ქარიშხალივით ამოვარდა, ცხელი ჰაერი წამოვიდა, ტალღამ დაახლოებით სამას მეტრში გადამაგდო და ძირს დავარდნილი რამდენიმე მეტრი მივფორთხავდი. იმ ადგილას მარტო ვიყავი. შემთხვევის შედეგად თავი გამიტყდა, 5 ნაკერი მადევს, ტვინის შერყევა მივიღე, სახეც დამეკაწრა და გვერდები მაქვს დაჟეჟილი. საავადმყოფოში დილის 8 საათზე მიმიყვანეს და იქ ერთი დღე გამაჩერეს, თუმცა მოტეხილობა და უფრო მძიმე დაზიანებები არ მიმიღია”, - ამბობს ირაკლი კიკაბიძე.

 

მისივე თქმით, ეს ისეთი შემთხვევა იყო, როცა ვერანაირ წესს ვერ დაიცავ. როგორც ირაკლი კიკაბიძე აღნიშნავს, მსგავსი სამთო დარტყმები მოულოდნელად ხდება, ხოლო რაც შეეხება ადმინისტრაციის რეაგირებას დაშავებულების მიმართ, მისი თქმით, მათგან ყურადღება და გვერდში დგომა არ აკლიათ.

 

„ეს ისეთი შემთხვევა იყო, რომ ამას ვერავინ გაითვალისწინებს და ვერც დაიცავ ვერანაირ წესს. ესაა სამთო დარტყმები, რომელიც მოულოდნელად ხდება და ნებისმიერ დროს შეიძლება განმეორდეს. წნევაა, გამომდინარე იქიდან, რომ შახტას გული აქვს “გამოღებული”, ფენების მიხედვითაა დაყოფილი და ამ დროს ზუსტად არ ვიცი, რა პროცესებთან გვაქვს საქმე, ამას უფრო დეტალურად გეოლოგები განმარტავენ. შინაურულად კი “გონიუდას” ვეძახით ამ პროცესს. ადმინისტრაცია კი ყველანაირად მეხმარება, რისი შესაძლებლობაც აქვთ, მათგან ყურადღება და გვერდში დგომა ნამდვილად არ გვაკლია”, - აღნიშნა მაღაროელმა.

 

​როგორც თავად ამბობს, ის თავის საქმიანობას მომავალში ჩვეულებრივად გააგრძელებს, რადგან ოჯახში ეს შემოსავლის ერთადერთი წყაროა.

 

„მომავალშიც ჩვეულებრივად გავაგრძელებ ჩემს საქმიანობას, სხვა გამოსავალი არც მაქვს. 36 წლის ვარ, ორი შვილი მყავს – ერთი პირველ კლასშია, მეორე – ორწლინახევრისაა, ხოლო მეუღლე დიასახლისია და ჩემზეა დამოკიდებული ოჯახი”,- ამბობს ტყიბულში, მინდელის მაღაროში მომუშავე ირაკლი კიკაბიძე.

 

შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს, გამთენიისას, ტყიბულში, მინდელის სახელობის მაღაროში უბედურ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა.

 

შსს-მ, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას, უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი