logo_geo
საქართველოში პლასტიკის პარკების გამოყენება მინიმუმამდე იქნება დაყვანილი
- +

20 აპრილი. 2018. 14:24

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დედამიწის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს. წლევანდელი საერთაშორისო დღის მთავარი დევიზია “პლასტიკის ერის დასასრული”.  მინისტრის პირველი მოადგილის, ნოდარ კერესელიძის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ შემუშავებული რეგულაციების ამოქმედებით, პლასტიკის პარკების გამოყენება მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს მომავალში სახელმწიფოს მიერ შემუშავებული რეგულაციის ამოქმედებით, მინიმუმამდე იქნება დაყვანილი პლასტიკის პარკების მოხმარება და შესაბამისად, ამ ტიპის ნარჩენებით გარემოს დაბინძურება. სამინისტროს მიერ შემუშავებულია მთავრობის დადგენილების პროექტი - „პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების წესი”. ეს გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ბოლო წლებში მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, პლასტიკის პარკების მოხმარება გაზრდილია, რაც მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის გარემოს. შემუშავებული ტექნიკირი რეგლამენტი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე პლასტიკის და ოქსო-დეგრადირებადი პლასტიკის პარკების, ასევე ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოებასთან, რეალიზაციასთან და იმპორტთან დაკავშირებულ ძირითად მოთხოვნებს”, – განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.

 

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, რომელიც ყოველი წლის 22 აპრილს აღინიშნება, გარემოსდაცვითი კამპანიები მთელი ქვეყნის მასშტაბითაა დაგეგმილი. ერთ-ერთია „გარემოს გულისთვის”, რომელიც მიზნად ისახავს სამთავრობო სექტორის, კერძო კომპანიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას საქართველოში სუფთა და მწვანე გარემოს შენარჩუნების ღონისძიებებში. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ აირჩიონ ნებისმიერი ადგილი, იქნება ეს პარკი, ქუჩა, სალაშქრო ბილი კი თუ სხვა ტერიტორია და 3 წლის განმავლობაში, მოს მოვლა-პატრონობაზე აიღონ პასუხისმგებლობა.

 

ასევე „დედამიწის დღის” აღსანიშნავად, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო- დავასუფთაოთ მსოფლიო” ფარგლებში, საქართველოში, წელს უკვე მესამედ გამოცხადდა კონკურსი „სუფთა რეგიონი”.

 

კონკურსის ფარგლებში, დანაგვიანებულ ადგილებს ყველა მუნიციპალიტეტში დაასუფთავებენ.

 

გამოვლინდება ყველაზე სუფთა რეგიონი, სუფთა მუნიციპალიტეტი, სოფელი, ეზო და ა.შ.

 

22 აპრილი დედამიწის დღეა, რომელიც მსოფლიოში პირველად 1970 წელს აღინიშნა. საქართველო ამ დღეს 1990 წლიდან აღნიშნავს.

 

 

big_banner
არქივი