logo_geo
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუმრობისას ქეთევან ციხელაშვილმა ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე ისაუბრა
- +

20 აპრილი. 2018. 18:05

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი ესტუმრა.

 

მინისტრს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

 

ქეთევან ციხელაშვილმა იმ საინტერესო საკანონმდებლო ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხს ეხება და მიზნად ისახავს მათ ინტეგრაციას ქართულ სახელმწიფოებრივ სივრცეში. ეს შეეხება როგორც ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას, ასევე საგანმანათლებლო სივრცეში დაგეგმილ სიახლეებს; განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“, რომელიც გულისხმობს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ პირთათვის განათლების მიღების გამარტივებას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

 

სამინისტროს მიერ ინიცირებული ახალი პროექტი სრულად არის მორგებული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და კომპლექსურადაა გააზრებული მისი იმპლემენტაცია. კერძოდ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს, რომლებსაც აქვთ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ნეიტრალური დოკუმენტების არმქონე პირებსაც, შესაძლებლობა ექმნებათ სკოლამდელ, ზოგად, უმაღლეს და პროფესიულ განათლებაში პირადი ნომრის საფუძველზე ჩართვა. შესაბამისად გამარტივდება განათლების სისტემაში ცალკეულ სახელმწიფო სერვისებზე წვდომა, სამივე საფეხურის საჯარო დაწესებულებებში ელექტრონული რეგისტრაცია და ჩარიცხვა. ასევე, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ელექტრონული რეგისტრაცია და ჩარიცხვა; საგანმანათლებლო/სამეცნიერო-კვლევითი გრანტების მიღება და ა.შ. ასევე მნიშვნელოვანია და გარკვეულწილად ამ პროექტის წარმატებას უზრუნველყოფს საქართველოს კანონში „უმაღლესი განათლების შესახებ“ ცვლილების შეტანა, რომლის მიხედვითაც, ოსურ და აფხაზურენოვან აბიტურიენტებს აღარ მოუწევთ უნარების ჩაბარება. ცნობილია, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ აბიტურიენტებს უჭირთ უნარების გამოცდების ჩაბარება აფხაზურ და ოსურ ენებზე. შესაბამისად, საქართველოს კანონში „უმაღლესი განათლების შესახებ“ ცვლილებების შედეგად, ამიერიდან უნარების ტესტის ნაცვლად, ისინი აფხაზური და ოსური ენების გამოცდების ჩაბარებას შეძლებენ და ისარგებლებენ „1+4 პროგრამით“. მომავალი წლიდან კი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ ნებისმიერ პირს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელებას სთავაზობს. რაც შეეხება ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ მკვლევარებსა და მეცნიერებს, მათ შესაძლებლობა ეძლევათ, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა კვლევით და საგრანტო კონკურსებში როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

 

შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. უნივერსიტეტის რექტორმა და პროფესორ-მასწავლებლებმა მოიწონეს მთავრობის ახალი ინიციატივა და აღნიშნეს, რომ ამ პროექტის წარმატებით განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში.

 

 

 

 

big_banner
არქივი