logo_geo
„ერთადერთი, რაც ქართველებისგან განგვასხვავებს...“ - როგორ ხვდებიან იეზიდები ახალ წელს თბილისში
- +

28 დეკემბერი. 2016. 12:24



მრავალეთნიკურ თბილისში სხვადასხვა ეთნოსისა და რელიგიის ადამიანი განსხვავებული ადათ-წესებით ცხოვრობს. განსხვავებულად აღნიშნავენ ახალი წლის დადგომას, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ცდილობენ იმ ქალაქის წეს-ჩვეულებებს მოერგონ, სადაც ისინი თავს კომფორტულად გრძნობენ.


მრავალეთნიკურ თბილისში საკმაოდ ბევრი იეზიდი ცხოვრობს. მსოფლიოში მათ სულ სამი სალოცავი აქვთ და ერთ-ერთი ჩვენს დედაქალაქშია, სადაც თავს იყრიან და საკუთარი იდენტობის, ენის, რელიგიის შენარჩუნებასა და გადარჩენაზე ზრუნავენ. თბილისში, ასევე, აქვთ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი, რომელსაც მხატვარი და პედაგოგი ბასე ჯაფაროვა ხელმძღვანელობს. იგი საქართველოში რამდენიმე ათეული წლის წინათ თურქეთიდან ჩამოვიდა.


იეზიდები, ძირითადად, ერაყის ერთ-ერთ დასახლებაში ცხოვრობენ, მაგრამ მუსლიმების გამუდმებულმა დევნამ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი აიძულა, თავიანთი საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინათ და სხვადასხვა ქვეყანაში გაფანტულიყვნენ. მე თურქეთიდან, კერძოდ, ქურთისტანიდან ვარ. უსასრულო დევნამ ჩემი ოჯახიც აიძულა, საქართველოში გადმოსახლებულიყო", - აცხადებს ბასე ჯაფაროვა.

 

თბილისში მცხოვრები იეზიდები ახალ წელს, ქართული ოჯახების მსგავსად, 31 დეკემბერს აღნიშნავენ.


სუფრაც იდენტური გვაქვს: ტოლმა, საცივი, გოზინაყი, ტკბილეული. ერთადერთი, რაც განგვასხვავებს - ეს არის შემწვარი გოჭი, რომლის ჭამა იეზიდებს გვეკრძალება," - ამბობს ბასე ჯაფაროვა.


​ქართული ახალი წლის დადგომამდე, 17-დან 19 დეკემბრამდე მარხულობენ, რასაც „როჟე ეზიდი" ეწოდება. ეს მარხვა ეძღვნება ერთიან ღმერთს, რომელსაც იეზიდები „სლტან ეზიდად" მოიხსენიებენ. სამი დღის განმავლობაში იხსენებენ გარდაცვლილ ადამიანებს, უსამძიმრებენ ახალ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ხოლო მეოთხე დღეს ზეიმობენ. მიდიან სალოცავში, სუფრას შლიან, ლოცულობენ და აღნიშნავენ თავიანთ დღესასწაულს - ეზიდესორს. ​



იეზიდების ახალი წელი, ანუ კლოჭი 15 მარტიდან იწყება და აპრილამდე გრძელდება. ამ დღისთვის ოჯახები საგანგებოდ ემზადებიან, აცხობენ ქადა კლოჭს, რომელსაც შვიდი აუცილებელი ინგრედიენტი აქვს: ფქვილი, შაქარი, მარილი, კვერცხი, მაწონი(არაჟანი), წყალი, სოდა და მონეტას ან კრიალოსანის ერთ რგოლს ათავსებენ. მეორე დილით ოჯახის წევრები ადრიანად ჯერ ლოცულობენ, შემდეგ თავს იყრიან ქადის გარშემო, ოჯახის უფროსი ახსენებს ღმერთს და ჭრის ნამცხვარს. ჯერ შუაში დაუსვამენ დანას, რასაც „გუთნის კვალს" უწოდებენ. ქადის ერთ მხარეს ექვს ნაწილად ჭრიან და წმინდანებს უძღვნიან. მეორე მხარეს კი - იმდენ ნაწილად, რამდენი წევრიცაა ოჯახში. ვისაც შეხვდება მონეტა, ძველი იეზიდური გადმოცემით, მას დოვლათიანი წელი ექნება.


იეზიდებს ბევრი ​კერპის, კერძოდ, მზის თაყვანისმცემლებად მიიჩნევს, მათ რელიგიას კი ზოროასტიზმად აღიქვამენ, რაც, ბასეს თქმით, შეცდომაა.


მისივე განმარტებით, იეზიდიზმი მონოთეისტური რელიგიაა და ერთ ღმერთს აღიარებს. მათი მთავარი ანგელოზი კი მალაქ-ტაუსია, რომელიც ფარშევანგის სახით ევლინებათ.


„გვჯერა, რომ მზის უკან ჩვენი ღმერთი - ხოდე დგას. პატივს ვცემთ მზეს, ცეცხლს, მთვარეს, მიწას, ჩრდილსაც კი, რადგან მზეს აუცილებლად მოჰყვება ჩრდილი. მსოფლიოში ჩვენ მხოლოდ სამი სალოცავი გვაქვს: გერმანიაში, სომხეთსა და საქართველოში", - აცხადებს იგი.



58 წლის გრიშა ჩარქაზიანი თბილისში დაიბადა. ქართველების ახალი წელი მისი ოჯახისთვისაც დღესასწაულია. მოსწონს ქართული ტრადიციები.


თბილისი, თითოეული ქართველის მსგავსად, დიდი სიყვარულით მიყვარს. თბილისი მრავალფეროვანი, თბილი ქალაქია. თბილისი ჩემი ბინა, ჩემი ოჯახია. თბილისს არცერთ ქალაქს არ შევადარებ, მე მიყვარს ის, მოვკდები კიდეც საქართველოს სიყვარულში. საქართველოს მსგავსი მეორე ქვეყანა მსოფლიოში არ არსებობს", - ამბობს გრიშა ჩარქაზიანი.

 

შვიდმილიარდიან მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა მიწაზე გაფანტული, დაახლოებით, ერთი მილიონი იეზიდი ცხოვრობს. მათი ერთი ნაწილია საქართველოს იეზიდები. 2002 წლის მოსახლეობის აღწერის სტატისტიკის თანახმად, მათი რაოდენობა ქვეყანაში 19 000-ს აღემატებოდა.  



კავკასიაში ისინი პირველად შუა საუკუნეებში გამოჩნდნენ, თუმცა, მასობრივად ამ ტერიტორიაზე ჩამოსახლება მე-19 საუკუნის დასაწყისიდან დაიწყეს და ეს პროცესი მეოცე საუკუნის დასაწყისამდე გაგრძელდა. პირველი ოფიციალური ურთიერთობა ქართველებსა და იეზიდებს შორის მეფე ერეკლე მეორის დროს დამყარდა. დღემდეა შემორჩენილი მიმოწერაც, რომელიც მეფე ერეკლესა და იეზიდთა ბელად ჩობან-აღას შორის გაიმართა. იეზიდების სულ ბოლო ნაკადი საქართველოში პირველი მსოფლიო ომის დროს, 1914-1918 წლებში ჩამოსახლდა.


საქართველოში სომხეთის გავლით ჩამოვიდნენ. ავლაბარში, მთაწმინდაზე, მეიდანზე დასახლდნენ. ადგილობრივმა თბილისელმა მოსახლეობამ ლტოლვილებს საცხოვრებლად სარდაფები და ნახევრად სარდაფები დაუთმო.



ავტორი: ანა ომიაძე, თამარ შელია


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი