logo_geo
თბილისში მანანა თოდაძის ვარსკვლავი იხსნება
- +

24 აპრილი. 2018. 16:05

 

ცნობილი ქართველი მომღერლის მანანა თოდაძის საიუბილეო საღამო, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში 27 აპრილს, 20:00 საათზე გაიმართება, რის შემდეგაც გაიხსნება მომღერლის ვარსკვლავი.

 

თავის ცნობილ ჰიტებს მანანა თოდაძე ორკესტრის თანხლებით, ცოცხალად შეასრულებს. 33 მუსიკოსისგან შემდგარ ორკესტრს საფრანგეთში მოღვაწე ქართველი პიანისტი, ნიკა ნიკვაშვილი უხელმძღვანელებს, რომელმაც შექმნა მანანა თოდაძის ცნობილი სიმღერების არანჟირება ორკესტრისთვის.

 

შესრულდება დუეტები. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ანსამბლ  „ივერიას“ წევრები, ასევე ქართული ესტრადის სხვა ცნობილი შემსრულებლები.

 

შესრულდება ახალი სიმღერები და ძველი ჰიტები ახლებური ინტერპრეტაციით.

 

როგორც „სითი კვირას“ თავად მომღერალმა მანანა თოდაძემ განუცხადა, სიტყვა „ვარსკვლავს“ მისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, უპირველესად ეს ნიშნავს ხალხის სიყვარულს, აღიარებას, მრავალწლიან დაუღალავ შრომას.

 

„ვარსკვლავი რომ გახდე, ამას პირველ რიგში სჭირდება ხალხის სიყვარული, აღიარება, შრომა და რაც მთავარია, დრო. ერთ და ორ დღეში არ შეიძლება ვარსკვლავი გეწოდოს. შეიძლება კარგი მომღერალი იყო, მაგრამ ვარსკვლავობა არის გამოცდილება. ამდენი წლის განმავლობაში ხალხს რომ ვუყვარვარ, ეს ჩემთვის უფლის ჯილდო და დიდი პასუხისმგებლობაა. კონცერტის წინ სასიამოვნო ღელვა მაქვს. იმიტომ, რომ ანგარიშით უნდა წარვდგე ჩემი საყვარელი მსმენელის წინაშე, თუ რა შევქმენი, რა გავაკეთე ამ წლების განმავლობაში“, – აცხადებს მომღერალი.

 

როგორც მანანა თოდაძე ამბობს, მისთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ წლებმა ვერაფერი დააკლო მის სიმღერებს, რომლებიც მსმენელმა პირველი დღიდან შეიყვარა და დღემდე უყვართ.

 

„ყველაზე სასიხარულო ის არის, რომ ჩემი თაობის წარმომადგენლები თავიანთ შვილებს ასმენინებენ ჩემს სიმღერებს. მიხარია, როდესაც ჩემს კონცერტზე ახალგაზრდები მოდიან და სიმღერაში მყვებიან ხოლმე“, – აცხადებს მომღერალი.

 

საიუბილეო საღამოს საორგანიზაციო საკითხებს კომპოზიტორი ცირა ბზიშვილი ხელმძღვანელობს.

 

„ძალიან კარგი შემოქმედებითი ჯგუფი შეიკრა, რომელსაც „ოჯახი“ დავარქვი“, – ამბობს მანანა თოდაძე.

 

ქართული ესტრადის ვარსკვლავი მანანა თოდაძე, წლების განმავლობაში სხვადასხვა ანსამბლში მღეროდა. 1977 წლიდან ის ვია „ივერიას“ სოლისტია. ასრულებს მთავარ როლებს „ივერიას“ საუკეთესო დადგმებში. ერთნაირი წარმატებით ასრულებს როგორც საესტრადო, ჯაზურ, ისე კლასიკური რეპერტუარის ნაწარმოებებს.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი