logo_geo
ზურა გურიელიძე: ბაბუა და შვილიშვილი სეირნობდნენ და ბავშვი სპილოს ვოლიერში აღმოჩნდა...
- +

25 აპრილი. 2018. 23:22

 

თანამედროვე მშობლები ხშირად სვამენ კითხვას, თუ საიდან ჩნდება ბავშვებში ცხოველების შიში და როგორ შეიძლება მისი დაძლევა? რა უნდა ვიცოდეთ, როცა პატარა შვილები გვყავს და გვსურს გვყავდეს ცხოველი სახლში? აღნიშნულ თემასა და პირად გამოცდილებაზე MSHOBLEBI.GE-ს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურა გურიელიძე ესაუბრა.

 

- როდიდან გაგიჩნდათ ცხოველების მიმართ ინტერესი?

 

- როგორც წესი, ადამიანს ბავშვობიდან აქვს ცხოველების მიმართ ინტერესი. მერე ეს ინტერესი სუსტდება, ქრება ან უნარჩუნდება. ჩემ შემთხვევაში მოხდა ისე, რომ არ გაქრა. მათთან თამაშისა და გართობის გარდა სხვა ინტერესებიც გამიჩნდა, მომინდა შემესწავლა ისინი.

 

- როდესაც გადაწყვიტეთ ცხოვრების დაკავშირება ცხოველების სამყაროსთან, როგორ შეხვდა ამ ფაქტს თქვენი ოჯახი?

 

- არ ჰქონიათ პრობლემა. პირიქით, გვერდით მედგნენ. სკოლის ასაკიდან გამიჩნდა სურვილი შემესწავლა ცხოველები. ზოოპარკი ყოველთვის იყო ჩემი ინტერესის სფერო. სტუდენტობის დროიდან ვარ ჩართული ამ საქმიანობაში. ხან ზოოპარკის, ხან კი - ზოოპარკის გარეთ. სახლშიც მყოლია ცხოველები, მაგალითად - მგლები. ეს ჩემი სამუშაოს ნაწილი იყო... მე უნდა მესწავლა მათთან მუშაობა.

 

- მგლების სახლში მიყვანის ფაქტს როგორ ეგუებოდნენ, თუნდაც მეზობლები?

 

- მე არც მეზობლებისგან და არავისგან პრობლემა არ შემქნია. პირიქით, მეხმარებოდნენ კიდეც. მაშინ მეექვსე სართულზე ვცხოვრობდი და თუ რამე ხდებოდა ჩემთან სახლში, მატყობინებდნენ მეზობლები. ერთ ფაქტსაც გავიხსენებ, თბილისის ზოოპარკში ჩამოიყვანეს სპილო, რომელიც წამოიყვანეს ფეხით და მოხდა ისე, როცა ჩემს სახლთან გამოიარეს და სპილო დაწვა. ამ დროს გამოიარა ბიძაჩემმა და რომ ნახა, სპილო ჩემს სახლთან იწვა, ეგონა, რომ ისიც სახლში მივიყვანე და დედაჩემს დაურეკა.

 

- ხშირია შემთხვევები, როცა პატარა ასაკის ბავშვებს მშობლები ურჩევენ, რომ თავი მოარიდონ ცხოველებს...

 

- ძალიან ბევრი ქუჩის ძაღლები იყვნენ ჩემ გარშემო და სწორედ მათთან მქონდა ურთიერთობა. ჯიშიანი ძაღლი ბავშვობაში არ მყოლია, მაგრამ მყავდა ძაღლი, რომელსაც ეზოში ვუვლიდი. სახელიც კი მახსოვს მისი, რექსი ერქვა. ვფიქრობ, არ აქვს მნიშვნელობა, ცხოველი სად იმყოფება, მთავარია, მასთან რა ურთიერთობა გვაქვს. მინდა ვთქვა იმ მშობლების საყურადღებოდ, რომლებიც ფიქრობენ, რომ ბეწვი არის საშიში და ამიტომ არ აკარებენ ბავშვს ცხოველს. ბეწვი თავისთავად არ არის საშიში, თუ ძაღლი ჯანმრთელია. უფროსები უფრთხიან ექინოკოკოზს (ექინოკოკოზი გადამდები პარაზიტული დაავადებაა, რომელსაც იწვევს ლენტისებრი პარაზიტი - ექინოკოკი. დაავადება ადამიანს ცხოველისგან გადაედება, ამიტომ ცხოველებთან ურთიერთობას, სხვა საშიშროებასთან ერთად, ექინოკოკოზით დაავადების საფრთხეც ახლავს თან), თუმცა როცა ჯანმრთელია ძაღლი, ამის საშიშროება არ არსებობს. ისედაც ძალიან ცოტაა დაავადებები, რომელიც ძაღლიდან გადაედება ადამიანს.

 

- რა უნდა ვიცოდეთ უცხო ძაღლთან შეხებისას?

 

- ასეა თუ ისეა, ძაღლი მაინც მტაცებელი ცხოველია, მიუხედავად იმისა, რომ მოშინაურებულია. ასე რომ, უცხო ძაღლთან ურთიერთობა საკმაოდ საფრთხილოა. აქვე უნდა ვიცოდეთ, რომ ზოგ შემთხვევაში მოფერებაც კი სისასტიკეს წარმოადგენს მათთვის. ნებისმიერი ალერსი თუ მოფერება, ეს არის "დაპირება"  ცხოველისთვის, მერე კი ვტოვებთ მათ. ამიტომ ჯობია, რომ თავი შევიკავოთ ასეთი ქმედებისგან, ან მივხედოთ ბოლომდე.

 

 

- შეიძლება თუ არა, რომ მშობლებმა მოიყვანონ სახლში ცხოველი, როცა ჩვილი ჰყავთ?

 

- რა თქმა უნდა, შესაძლებელია. უფრო მეტსაც გეტყვით, არიან ძიძა, გადია ძაღლები, რომლებიც ყურადღებით უვლიან პატარას. ისე როგორც ოჯახის ნებისმიერ წევრს, მათაც სჭირდება მოვლა და მზრუნველობა, აცრები, რომ ჯანმრთლობის კუთხით პრობლემები არ გაჩნდეს. სხვა მხრივ ძალიან ბევრ დადებით ფაქტორთან არის დაკავშირებული ბავშვისთვის ცხოველთან ურთიერიერთობა.

 

 

- რა უნდა იცოდეს მშობელმა იმისათვის, რომ ბავშვის ცხოველთან ურთიერთობა არ გახდეს შიშის მიზეზი?

 

- როგორც წესი, პატარა ბავშვები უშიშრები არიან. შიში უჩნდებათ მოგვიანებით, გარკვეული გამოცდილების ხარჯზე, თანდაყოლილი შიში ცხოველის მიმართ არ არსებობს. პატარა მაგალითს მოგიყვებით. დაწყებითი კლასის მოსწავლეები იყვნენ ექსკურსიაზე მოსულები და შევიყვანეთ ეგზოტარიუმში, სადაც გამოვიყვანეთ არაშხამიანი გველი, რომელსაც ყველა ბავშვმა მოკიდა ხელი, მასწავლებლებისგან განსხვავებით. ეს კარგი მინიშნებაა, თუ საიდან ჩნდება შიში. შიში ჩნდება მაშინ, როცა უფროსი, ან მშობელი იწყებს კივილს. უნდა გვახსოვდეს, რომ ცხოველის მხრიდან კბენა ხშირ შემთხვევაში არ არის აგრესია, ეს არის თავდაცვა.

 

- რა უნდა ვურჩიოთ მშობლებს, რომ ცხოველების მიმართ მათი შიშები არ გადასდონ შვილებს?

 

- ამისათვის საჭიროა მშობლები აღვზარდოთ. ჩვენ გვაქვს ზოოპარკში საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის სასწავლო პროგრამის მოსმენის შემდეგ ბავშვებთან ერთად მშობლებსაც ეცვლებათ შეხედულებები. მთავარია იმის გარკვევა, საიდან მოდის პრობლემა? რატომ ეშიანიათ? - ამის მიზეზი არის არცოდნა, რაც არ იცი, სწორედ ის იწვევს შიშს. სიფრთხილის განცდა არ უნდა გადაგვეზარდოს ცხოველების მიმართ აგრესიაში. არც ერთი ჯანსაღად მოაზროვნე ცხოველი ადამიანს არ დაესხმება, რამდენიმე გამონაკლისის გარდა.

 

- როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენი ქცევა, თუნდაც მოფერება გამაღიზიანებელია ცხოველისთვის?

 

- შეიძლება ითქვას, რომ არსებობს სტანდარტული წესი, რომლის მიხედვითაც უნდა მოვიქცეთ. ურთიერთობის ინიციატივა უნდა მოდიოდეს ცხოველისგან, თუ ცხოველი გარიდებთ თავს, რა ურირთიერთობაც არ უნდა გქონდეთ მასთან, თავი უნდა მოარიდოთ.

 

 

- რა პროფესიას ეუფლება თქვენი შვილი და როგორია მისი დამოკიდებულება ცხოველების მიმართ?

 

- ძალიან უყვარს ცხოველები, თუმცა სხვა პროფესია აირჩია. მულტიმედია ტექნოლოგიების ფაკულტეტზე სწავლობს.

 

 

- ძალიან მტკივნეულია მეპატრონისთვის, როცა ძაღლი უკვდება... როგორ უნდა გადაილახოს საყვარელი ცხოველის სიკვდილით გამოწვეული ტკივილი?

 

- როდესაც მე დამეღუპა ძაღლი, არ ვიყავი თბილისში და რომ ჩამოვედი, სახლში საკმაოდ რთული სიტუაცია დამხვდა. ერთადერთი გამოსავალი ვნახე და მეორე დღესვე მოვიყვანე ლეკვი, რომელმაც ყველაფერი ყირაზე დააყენა, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ჩვენ უდა გვახსოვდეს, რომ ძაღლი ჩვენზე გაცილებით ცოტა ხანს ცოცხლობს. ასევე უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ მათთან ერთად გატარებული დრო უფრო სავსეა, ვიდრე მათ გარეშე გატარებული. ეს ისეთი მომენტია, რომ ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, ისევ იყოლიოს თუ არა ძაღლი.

 

- როგორ ფიქრობთ, მოდად იქცა ძაღლების ყოლა?

 

- ეს არის სასტიკი დამოკიდებულება ცხოველის მიმართ. მეტსაც გეტყვით, მოდა არა მხოლოდ ძაღლების ყოლაზე, არამედ გარკვეული ჯიშების ყოლაზეც არის. როდესაც მოდისთვის აგყავს ძაღლი, შენ ვერ აცნობიერებ პასუხისმგებლობას, რაც შენ გეკისრება ამ ცხოველის წინაშე. ცხოველისთვის ძალიან დიდი სტრესია, როცა შეძენიდან რამდენიმე ხანში ყიდიან, ან ასხვისებენ.

 

- რამდენად ხშირად სტუმრობენ ზოოპარკს ჩვენი მოქალაქეები და რამე განსაკუთრებულ შემთხვევას ხომ ვერ გაიხსენებთ ამ კუთხით?

 

- ხშირადაც ვერ ვიტყვი. გამუდმებით სტუმრობენ. კურიოზული კითხვები ძალიან ბევრია და გამიჭირდება გახსენება, აი რაც შეეხება კურიოზულ ფაქტებს, რამდენიმეს გაგიზიარებთ. იყო შემთხვევა, როცა ბავშვი სურათის გადასაღებად დასვეს მგლების ვოლიერთან ისე, რომ ხელები შეყო შიგნით, მგლებმა კბილებით გასინჯეს და ბავშვს შეეშინდა. ნუ, არაფერი სერიოზული არ მოყვა ამ ამბავს, მაგრამ ასეთი ფაქტის მომსწრეც ვყოფილვართ. რატომღაც ცდილობენ უფროსები, რომ ბავშვები ბარიერის იქით გადაიყვანონ, გარდა იმისა, რომ ჩვენ არ გვიჯერებენ, არ აცნობიერებენ საფრთხეებს. რამდენიმე დღის წინ, ბაბუა და შვილიშვილი სეირნობდნენ და ბავშვი აღმოჩნდა სპილოს ვოლიერში, საბედნიეროდ, სპილო შიგნით, თავის პატარა შენობაში იყო შესული.

 

 

- როგორ მოხვდა ბავშვი ვოლიერში?

 

- შეძვრა. იქვე ვიყავით და სასწრაფოდ გამოვიყვანეთ. კარებიდან შევიდა. ან უნდა გავაკეთოთ ისე, რომ საერთოდ ვერავინ ვერაფერი ვერ ნახოს, ან უნდა დაიცვან წესები, რომელი წესების დაცვაც არის აუცილებელი. ეს ფაქტი უყურადღებობის ბრალიც არ იყო, უფროსი უყურებდა, როგორ თამაშობდა ბავშვი ვოლიერში.

 

- მითები და ლეგენდები გველებზე...

 

- ადამიანებს მიაჩნიათ, რომ გველის უნდა გვეშინოდეს. აღმოსავლეთ საქართველოში, დედოფლისწყაროს რაიონში ერთადერთი სახეობის სახიფათო გველი, გიურზა ცხოვრობს, რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, სადაც რატომღაც ჰგონიათ, რომ ცხოვრობს სახიფათო გველები, ეს გაუგებარია. ასევე გვსმენია, რომ თითქოს გველი ქვაზე ტოვებს შხამს და წყალში საშიში არ არის... გარკვეულ ასეთ მოსაზრებებს საფუძველი აქვს, თუმცა შხამს რომ არ ტოვებს, ეს უნდა ვიცოდეთ, ასევე ისიც უნდა ვიცოდეთ, გველმა რომ გვიკბინოს, სჭირდება საყრდენი. თუ საყრდენი არ აქვს, ვერანაირად ვერ გვიკბენს, შესაბამისად, წყალში კბენას ვერ მოახერხებს და ალბათობაც ამის ძალიან მცირეა... პროფესიონალები, რომლებიც მუშაობენ შხამიან გველებთან და სჭირდებათ შხამის აღება, ყოველთვის სარკისებური ზედაპირის მქონე მაგიდაზე სვამენ მათ.

 

 

- მიუხედავად იმისა, რომ ცხოველების მიმართ თქვენი სიყვარული ყველასთვის ცნობილია, მაინც რომელია თქვენი ფავორიტი ცხოველი და ფრინველი?

 

- ნუ ძაღლები არიან ის ცხოველები, რომლებიც ჩვენ გვერდით ცხოვრობენ და ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ადამიანის განვითარებაში. რა თქმა უნდა, ძაღლები განსაკუთრებულები არიან. რაც შეეხება ფრინველებს, ყორანს და ყვავებს გამოვარჩევდი. თუმცა, რადგან ჩემი სპეციალობა ძუძუმწოვრებთან არის დაკავშირებული ძუძუმწოვრების შესახებ უფრო მეტის თქმა შემიძლია.

 

 

- როგორ უნდა ვასწავლოთ თუთიყუშს საუბარი, ან რა ჯიშის თუთიყუში უნდა შევიძინოთ, რომ საუბრის დაწყება შეძლოს. თუ შეგიძლიათ, ამ კითხვაზე გვიპასუხოთ?

 

- არიან თუთიყუშები, რომლებიც კარგად საუბრობენ, მაგალითად ტალღოვანი თუთიყუშები, მაგრამ რაშია საქმე, ისინი იწყებენ საუბარს, როცა იზრდებიან მარტო. ისინი მარტო არ ცხოვრობენ ბუნებაში, მათთვის საჭიროა ვიღაცასთან ურთიერთობა და ამ ურთიერთობას იწყებენ ადამიანთან. აი, ზოოპარკში თქვენ ვერ ნახავთ მოლაპარაკე თუთიყუშს. იმიტომ, რომ ისინი ცხოვრობენ თანამოძმეებთან ერთად.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი