logo_geo
ულამაზესი კოლხური ოდები გადაშენების პირას და მათი იშვიათი ბინადრების განსაცვიფრებელი ისტორიები
- +

26 აპრილი. 2018. 20:18

 

 

„საქართველო მდიდარია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, რომელიც დიდ ისტორიას ინახავს და გაფრთხლება ჭირდება. იმედია, ახლო მომავალში ოდების თემაც გადაწყდება და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს მიანიჭებენ კოლხურ ოდებს...“ - ამბობს ფოტოგრაფი გიორგი ნიკოლავა, რომელმაც ოდების გადასაღებად და მათი ისტორიის შესასწავლად 15 კილომეტრი ფეხით გაიარა...

 

- თქვენ ახლახანს სამეგრელოს სამი სოფლის ოდები გადაიღეთ... ადრე გაქვთ გადაღებული ვერიკო ანჯაფარიძის ულამაზესი ოდა...

 

- დიახ... მართლაც ულამაზესი ოდა იყო, რომელზეც ამბობდნენ რომ ვერიკო ანჯაფარიძეს ეკუთვნოდა. ეს ფოტო უნიკალურია იმით, რომ ოდა სტიქიური უბედურების შედეგად დაინგრა და მისი სილამაზე მხოლოდ ფოტოზე შემორჩა. მოგეხსენებათ ქართველი მხატვარი – რეზო ადამია ოდებს ხატავს, უკვე 40 ნამუშევარი შექმნა. მას მზად აქვს პროექტი იუნესკოში წარსადგენად, რომ ოდები გადასარჩენ ძეგლთა სიაში შევიდეს... ბატონ რეზოს ვახლდი, როდესაც ოდებს ხატავდა და შემდეგ მე თვითონაც გამიჩნდა სურვილი ოდები გადამეღო.

 

ყველაზე მეტი ოდები აბაშის რაიონშია შემორჩენილი. აბაშის რაიონის სამი სოფელი – სუჯუნა, ძველი აბაშა და ონტოფო შემოვიარე... 15 კოლომეტრი ფეხით ვიარე... საბედნიეროდ კარგად გამოიყურება კონსტანტინე გამსახურდიას ოდა. თუმცა იგი ის ოდა არ არის, სადაც ცხოვრობდა, მერე არის შექმნილი. შედარებით ახალი ოდაა, დღეს იქ მუზეუმია და მრავალი მნახველიც ჰყავს...

 

 

ოდა, რომელიც ვერიკო ანჯაფარიძეს ეკუთვნოდა

 

 

- ოდები მიტოვებულია?

 

- უმეტესობა მიტოვებულია, უკან დაბრუნებას რომ ვაპირებდი, მითხრეს, რომ სოფლის ბოლოს კიდევ იყო ერთი ოდა, სადაც 91 წლის ქალბატონი - სულიკო ჟვანია ცხოვრობს. ეს ოდა ორასი წლისაა, ქალბატონი სულიკოს ბაბუის აშენებული...

 

 

 

განმაცვიფრა ამ ქალბატონმა, როცა სახლში ვესტუმრე... წელში მოხრილმა, ძალაგამოლეულმა, ხანდაზმულმა ქალმა აკორდეონი გამოიტანა, გვერდით დაიდო და მითხრა - ამის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია, ყოველდღე ვუკრავ და ვმღერი, მეუღლე ადრე დამეღუპა, შვილებია არ მყოლია და მარტო ვარო... მას ეზოში ჩასვლა უჭირს და მთელ დღეს სახლში ატარებს. როდესაც მღეროდა, მითხრა: "ერთი წუთით ხმა არ ამოიღოთ, ყური უგდეთ! გესმით ხმა?" შორიდან ფუტკრის ბზუილი შემომესმა. ფუტკარი აქ საიდან? - გაკვირვებით ვეკითხები... ამ კედლის მიღმა არიან, ხელით შეეხო კედელს. მშობლები ცოცხლები იყვნენ, აქ რომ ფუტკარმა დაიდო ბინა. ბევრი მეფუტკრე მოსულა, უთქვამთ ფუტკარს ჩვენ წავიყვანთ, თაფლს თქვენ დაგიტოვებთო... უარი ვუთხარი ყველას. ფუტკარს სიმღერა ჰყვარებია და მე ფუტკარს ვუმღერიო...

 

 

 

სულიკო ჟვანია პროფესიით სტომატოლოგია, 25 წელი ზუგდიდში მუშაობდა. ახლა მის უბანში შემორჩენილი უკანასკნელი, უხუცესი ჟვანიაა... მის სახლში ერთხელ ზურაბ ჟვანიაც ყოფილა სტუმრად, სამახსოვრო ფოტოები მაგიდაზე უდევს.… ამბობს, სტუმარი მიყვარს, მიუხედავად იმისა რომ არაფერი გამაჩნია, მაინც გამოვნახავ რამეს რომ გავუმასპინძლდეო. სამწუხაროდ, მარტოხელა მოხუცს ცოტა ხნის წინ სოციალური დახმარება მოუხსნეს... დამშვიდობებისას მითხრა, თუ აქეთ მოხვდები აუცილებლად შემომიარე, ერთად ვიმღეროთო... იმ იმედით დავემშვიდობე, რომ მალე ისევ ვნახავ...

 

- კიდევ აღმოაჩინეთ ოდები ასეთი განსაკუთრებული მაცხოვრებლებით?

 

- ერთერთ ოდას რომ ვიღებდი, მისმა 82 წლის მაცხოვრებელმა მითხრა რომ წელს დაუბრუნდა ოდას საცხოვრებლად. მთელი ცხოვრება თბილისში გავატარე და თურმე როგორ მონატრებია აქაურობაო... შინ მიმიპატიჟა, მოდი ვისაუბროთ, ბევრი მაქვს მოსაყოლიო, მაგრამ მეზობელ სოფელში მივდიოდი გადასაღებად და მეჩქარებოდა... დილაუთენია ერთ კოხტა ოდა სახლს მივადექი, შორიდან რამდენიმე კადრი გადავიღე. უეცრად ხმა მომესმა ზურგიდან, შიგნით შებრძანდით კარი ღია არისო. შუახნის ქალბატონი შემომცქეროდა. ეს სახლი ერთხელ უკვე გადაიღეს, კომპიუტერში მანახეს შვილიშვილებმაო. სენაკელ ფოტოგრაფს გადაუღიაო. გულში გამეღიმა თუმცა, არ შევიმჩნიე...

 

 

ამ სახლის პატრონი გარდაიცვალა. ეს სახლი კი იგრევა ნელ-ნელა. ყიდიან ამ სახლს... იყიდიან, დაშლიან და საბრძელის (საძროხეს) ასაგებად გამოიყენებენ. ოდებს მიხედვა ჭირდება. რადგანაც მიტოვებული ოდების ნგრევა დაწყებულია და 20-30 წლის შემდგომ ოდებს გაქრობა ემუქრება. ძალიან მნიშვნელოვანია რა სტატუსს მიანიჭებს იუნესკო.

 

 

 

 

 

 

 

ბევრ ოდას სახურავად შიფერი აქვს, რაც უკარგავს ძველებურ სილამაზეს და ელფერს. სულ სამი ოდა იყო, სადაც მაცხოვრებლები იყვნენ, დანარჩენი მიტოვებულია. ზოგიერთი მათგანი ისე იყო ჩაკეტილი, ვერც შევედი გადასაღებად. ვნახე ძალიან ლამაზი ტყუპი ოდები, რომელზეც მითხრეს რომ მსახიობს - ანი ტყებუჩავას ეკუთვნის.

 

გეგმაში მაქვს ზემო აჭარაში მოვინახულო და იქ არსებული ტიპიური აჭარული სახლები აღვბეჭდო. რაჭაში ხუთი წლის წინ გახლდით და საოცარი სახლები გადავიღე. ერთ-ერთზე მითხრეს, რომ სტალინი აქ ისვენებდაო. მართლაც იშვიათი სახლია, რომელიც იმ ხანად დაგრევის პირას იყო. ამჟამად როგორ გამოიყურება, არ ვფლობ ინფორმაციას. საქართველო მდიდარია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, რომელიც დიდ ისტორიას ინახავს და გაფრთხილება ჭირდება. იმედია, ახლო მომოვალში ოდების თემაც გადაწყდება და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუს მიანიჭებენ კოლხურ ოდებს.

 

გიორგი ნიკოლავას ფოტოები:

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი