logo_geo
ზუგდიდის საკრებულომ მიცვალებულის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვის წესი დაადგინა
- +

16 მაისი. 2018. 15:06

 

ზუგდიდის საკრებულოს დადგენილებით, საფლავის სიღრმე არ უნდა იყოს 1.2 მეტრზე ნაკლები, ხოლო გარდაცვლილის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვისას - არანაკლებ 1 მეტრისა. დადგენილება 2018 წლის 4 მაისს საკრებულოს მორიგ სხდომაზე მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reginfo ავრცელებს.

 

იმავე დადგენილების თანახმად, რომელიც სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესებს განსაზღვრავს, ყოველ საფლავზე გამოიყოფა 12 კვ.მ (3X4) ფართობის ტერიტორია, რომლის საფასური 60 ლარია. ზღვრული ნორმის ზევით გამოსაყოფ ყოველ კვადრატულ მეტრზე დამატებითი საფასური 20 ლარი იქნება.

 

მარტოხელა და უპატრონო მიცვალებულების, ასევე ლტოლვილების დაკრძალვა უსასყიდლოდ მოხდება, ხოლო ომის ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებზე გავრცელდება 50%-იანი ფასდაკლება.

 

აღსანიშნავია, რომ მიცვალებულის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვის შესახებ მითითებულია გარდაბნის, სენაკის და ქალაქ ფოთის წინა მოწვევის საკრებულოების დადგენილებებშიც.

 

„ყველგან არის განსაზღვრული დაკრძალვის ფორმა. მათ შორის არის მჯდომარეც. სხვადასხვა რელიგიური მრწამსის ადამიანებს სხვადასხვა წესით კრძალავენ. რაც ნებისმიერ ნორმატიულ აქტში წერია. მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვა საქართველოშიც და სამეგრელოშიც არსებობდა. ჩვენ კი არ შემოვიღეთ ამ წესით დაკრძალვა, არამედ ვისაც სურვილი ექნება ამ ფორმით დაკრძალოს მიცვალებული მათთვის და საერთოდ დაკრძალვის ყველა ფირმისთვის პარამეტრები მივიღეთ. ეს მიღებული აქვთ თბილისშიც“, - ასე ახსნა საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ საკრებულოს დადგენილება imedinews-თან სატელეფონო საუბარში.

 

სხვა არგუმენტი აქვს საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარეს: „არსებობს შემთხვევები, როდესაც გარდაცვლილის ბუნებრივი მდგომარეობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ის დაიკრძალოს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. ვფიქრობ, რადგან ეს მიცვალებულს ეხება არ უნდა იყოს საქილიკო თემა და შესაბამისად ვფიქრობ და მიმაჩნია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს არ დაურღვევია კანონმდებლობის მოთხოვნები. აღნიშნულ დადგენილებას გავლილი აქვს სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანოში სამართლებრივი ექსპერტიზა და ის მიღებულია ყოველგვარი შესაბამისი წესების დაცვით", - განუცხადა „ქრონიკას“ სანდრო სორდიამ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი