logo_geo
რუსუდან შარაძე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვს
- +

19 მაისი. 2018. 02:21

 

რუსუდან შარაძე მამის, გურამ შარაძის მკვლელობის საქმის გარემოებებთან დაკავშირებით შეხვედრას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან ბიძინა ივანიშვილთან ითხოვს.

 

შარაძე აცხადებს, რომ გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში არსებობს მოწმე, რომელსაც აქვს მტკიცებულებები. მისი თქმით, სწორედ ეს მტკიცებულებები ადასტურებს, რომ მკვლელობა მიხეილ სააკაშვილისა და დათა ახალაიას შეკვეთით მოხდა.

 

„მამაჩემის სისხლში ცურაობა არ დამვიწყებია და სანამ პირში სული მიდგას, არავის დავავიწყებ. ყველამ დაივიწყა სამართლიანობა და გადავიდნენ საკუთარი თავის კეთილდღეობაზე. აქ მოვედი, რომ ჩემი ხმა გავაგებინო მთელ ქვეყანას! სხვადასხვა გზებით ბლოკავენ ჩემს პრესკონფერენციებს. არ მაქვს საშუალება, პრესკლუბიდან მოგაწვდინოთ ხმა.

 

გასული აპრილში პრესკლუბში მარტო ვიჯექი, ამან სააკაშვილის მკვლელების ბანდები გამახსენა, როგორ უშლიდნენ მამაჩემს ხელს. მოვედი აქ, რადგან ხმა მივაწვდინო ხელისუფლებას და ბატონ ბიძინა ივანიშვილს! უმორჩილესად ვთხოვ ბატონ ბიძინას, გამოყოს რამდენიმე წუთი, შემხვდეს პირადად. წარმოვადგენ მტკიცებულებებს. გამოჩნდა მამაჩემის მკვლელობის „ოქროს მოწმე“, რომელიც მზად იყო, მტკიცებულება მოეტანა, რითიც დამტკიცდებოდა, რომ გურამ შარაძე ბარათელს არ მოუკლავს, რომ მისი მკვლელი არის დათა ახალაიას ბანდა. მოწმეს ეს მტკიცებულება გააჩნდა, თუმცა...

 

ზურაბ ჟვანიას და გურამ შარაძის მკვლელობები, არც მეტი, არც ნაკლები, მიხეილ სააკაშვილამდე მიდის“, – განაცხადა რუსუდან შარაძემ.

 

გურამ შარაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა გიორგი ბარათელმა სასჯელაღსრულების დაწესებულება 2017 წელს დატოვა. აკადემიკოსი და პარლამენტარი გურამ შარაძე 2007 წლის 20 მაისს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მოკლეს. ცეცხლსასროლი იარაღიდან 3-ჯერ ნასროლი ტყვიით მიყენებული ჭრილობების შედეგად გურამ შარაძე ადგილზე გარდაიცვალა.

 

 

 

 

big_banner
არქივი