logo_geo
ვარკეთილში ერთ-ერთი ავარიული კორპუსის კიბე ჩამოიშალა
- +

21 მაისი. 2018. 15:39

 

 

ვარკეთილში ერთ-ერთი ავარიული საცხოვრებელი კორპუსის კიბე ჩამოიშალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

მათივე ინფორმაციით, კიბის ჩამონგრევის შემდეგ მაშველებმა სამაშველო კიბის დახმარებით, საცხოვრებელი კორპუსიდან 6 პირი ჩამოიყვანეს.

 

„ვარკეთილში, მესამე მასივში, ავარიული კორპუსიდან 17 ოჯახი გასახლებული იყო, ხოლო იმავე შენობაში უკანონოდ შეჭრილები ცხოვრობდნენ“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამგორის რაიონის გამგეობაში განუცხადეს.

 

მათივე ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ შენობაში უკანონოდ შეჭრილები ცხოვრობდნენ, გამგეობა ქირით მათ საცხოვრებელ ფართსაც უზრუნველყოფს. ამასთან, გამგეობაში აცხადებენ, რომ ავარიულ კორპუსში ისეთი ოჯახებიც ცხოვრობდნენ, რომელთაც საცხოვრებელი ადგილი ახლობელმა დაუთმო.

 

„აღნიშნული კორპუსის 17 ოჯახი უსაფრთხოების მიზნით რამდენიმე თვეა, რაც გამოსახლებულია კორპუსიდან და ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართში ცხოვრობს, რომლის ქირასაც გამგეობა იხდის. შენობაში 3-4 ოჯახი უკანონოდ იყო შეჭრილი. თუმცა მიუხედავად ამისა, ჩვენ მათ ქირით უზრუნველყოფასაც მოახდენთ, რათა ქუჩაში არავინ დარჩეს. ჩვენ გადავიხდით ასევე იმ ოჯახების ქირასაც, რომლებსაც აღნიშნულ კორპუსში საცხოვრებელი ფართი ნათესავმა დაუთმო“, - აცხადებენ გამგეობაში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი