logo_geo
დედაქალაქში ცხოველთა კვებისთვის განკუთვნილი და პოლიეთილენის ბოთლების შემგროვებელი აპარატები განთავსდება
- +

24 მაისი. 2018. 12:44

 

დედაქალაქის მერია პლატფორმაზე - „შენი იდეა ქალაქის მერს“ შესული რამდენიმე საინტერესო იდეის განხორციელებაზე მუშაობას იწყებს.

 

მათ შორისაა ქალაქში ცხოველთა კვებისთვის განკუთვნილი და პოლიეთილენის ბოთლების შემგროვებელი აპარატების განთავსება.

 

აღნიშნული იდეების შესახებ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა.

 

„სულ ცოტა ხნის წინ წამოვიწყეთ ახალი პროექტი, შევქმენით პლატფორმა - „შენი იდეა ქალაქის მერს“, სადაც დედაქალაქის მოსახლეობას მივეცით შესაძლებლობა, რომ თავიანთი ხედვები, იდეები, პროექტები წარმოადგინონ, თუ რისი განხორციელებაა შესაძლებელი ჩვენს ქალაქში. აქტიურობა ძალიან დიდია. ამჟამად, ათი იდეაა განხილვის პროცესში და მათგან ორის შესახებ უკვე დადებითი გადაწყვეტილებაა მიღებული. მათ შორის, ერთ-ერთი იდეაა სხვადასხვა ლოკაციაზე ცხოველთა კვებისთვის განკუთვნილი აპარატების დაყენება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, აღნიშნული იდეის განხორციელება მიმდინარე წელს იგეგმება. აპარატების მოვლასა და ექსპლოატაციას კი, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო უზრუნველყოფს.

 

„გარდა იმისა, რომ იდეა ცხოველებზე ზრუნვითაა განპირობებული, კიდევ ერთი დადებითი მხარე აქვს - ცხოველების კვებაში მეტი მოქალაქე ჩაერთვება. ძალიან მიხარია, რომ ასეთი აქტიურობა ფიქსირდება. კიდევ ერთი საინტერესო იდეა, რომელსაც სიამოვნებით ვაქცევთ რეალობად, პოლიეთილენის ბოთლების შემგროვებელი აპარატების დაყენებაა. ეს იდეა ნარჩენების მართვის იმ სტრატეგიასთან თანხვედრაშია, რომელიც მუნიციპალიტეტს და ზოგადად, ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებიდან გამომდინარე აქვს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

 

კალაძის განცხადებით, თბილისის მერიამ აღნიშნულ იდეაზე მუშაობა უკვე დაიწყო და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, პოლიეთილენის შემგროვებელი აპარატები ეტაპობრივად, ყველა რაიონში დამონტაჟდება.

 

„კერძო სექტორთან თანამშრომლობით, რომელსაც სურს, რომ პოლიეთილენის ბოთლები გადაამუშაოს, თბილისის მასშტაბით, ყველა რაიონში ეტაპობრივად უზრუნველვყოთ ამ კატეგორიის ნარჩენების შემგროვებელი ურნების დამონტაჟებას. მგონია, რომ მართლაც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

big_banner
არქივი