logo_geo
დიმიტრი ქუმსიშვილი: ეს ძალიან დიდი მიღწევა იყო ჩვენი ქვეყნისთვის
- +

26 მაისი. 2018. 12:51

 

დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ულოცავს.

 

„მინდა, საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე - 100 წლის წინ 1918 წლის 26 მაისს საქართველო გამოცხადდა დამოუკიდებელ, დემოკრატიულ რესპუბლიკად და, ეს რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მიღწევა იყო ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ უკვე მაშინ, გამომდინარე ჩვენი ათასწლეული ისტორიიდან გვქონდა ღირებულებები, რომელიც იყო ნამდვილად დემოკრატიული“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, რომელიც რუსთაველის გამზირზე ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფება და სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობს.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სადღესასწაულო ღონისძიებებში რამდენიმე სივრცითაა წარმოდგენილი, მათ შორის ტექნოპარკის, „აწარმოე საქართველოში“, საქართველოს ფოსტის და ბათუმის საზღვაო აკადემიის. ამასთან, სამინისტრო აქტიურ მონაწილეობას იღებს სადღესასწაულო ღონისძიებებში მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ქუთაისში, გორში და სხვა ქალაქებში.

 

დიმიტრი ქუმსიშვილმა სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად რუსთაველის გამზირზე დაათვალიერა სამეწარმეო მარკეტი, სადაც  პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარების და ქართველი სტარტაპერების მიერ შექმნილი პროდუქციაა წარმოდგენილი. 

 

„ჩვენ გვყავს სიმბოლურად მოწვეული 100 მონაწილე „აწარმოე საქართველოდან“. ასევე „საქართველოს ფოსტა“ არის წარმოდგენილი რუსთაველის გამზირზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის  ფოსტის ისტორიის და ასევე თვითონ მარკის ისტორიის განვითარებას გაგვაცნობს. წარმოდგენილია საზღვაო აკადემია და, რა თქმა უნდა, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო. მე დარწმუნებული ვარ, რომ რუსთაველზე მოსული სტუმრები ძალიან ბევრ ძალიან საინტერესოს ნახავენ და ისიამოვნებენ დღევანდელი ზეიმით“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

 

 

 

big_banner
არქივი