logo_geo
სოფო ლეჟავას სოლო კონცერტი სამხრეთ აფრიკაში – ღონისძიება დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ეძღვნება
- +

26 მაისი. 2018. 14:16

 

2 ივნისს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ქალაქ პრეტორიაში საქართველოს 100 წლის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართება, სადაც მონაწილეობას 21 წლის პიანისტი, მსახიობი და მომღერალი სოფო ლეჟავა მიიღებს. აღნიშნული ღონისძიება საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ტარდება, რომლის შემდგომაც, პიანისტი სოლო კონცერტს ქალაქის მთავარ მუსიკალურ ცენტრში, ბრუკლინის თეატრში გამართავს.

 

აღსანიშნავია, რომ მის მგზავრობას კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ დააფინანსებს. როგორც პიანისტმა აღნიშნა, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მხრიდან ამგვარი თანადგომა მისთვის უმნიშვნელოვანესი იყო.

 

„კონცერტი იმართება 4 ივნისს, მაგრამ მივემგზავრები პირველ ივნისს, რადგან სხვა ღონისძიებებიცაა დაგეგმილი. მათ შორის, მთავარია საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელშიც ვიღებ მონაწილეობას. იქ გამგზავრება კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ უზრუნველყო, რითაც ძალიან დამეხმარნენ, მონაწილეობა მიმეღო ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაში. 10 დღე დავრჩები და სხვა საქველმოქმედო აქტივობებშიც მივიღებ მონაწილეობას“,- აღნიშნა სოფო ლეჟავამ.

 

როგორც კომპანიის სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა აღნიშნა, „მანგანეზისთვის“ მნიშვნელოვანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობას, რაც საქართველოს პოპულარიზაციას ემსახურება.

 

„ვფიქრობ, რომ მომავალ თაობებს ხელი უნდა შევუწყოთ განვითარებაში, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი ღონისძიება საქართველოს სახელს წარმოაჩენს მის ფარგლებს გარეთ. მოხარული ვარ, რომ მცირე წვლილი შევიტანეთ სოფო ლეჟავას კარიერულ წინსვლაში“,- განაცხადა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

 

ცნობისათვის, სოფო ლეჟავას დამთავრებული აქვს ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა, ნიჭიერთა ათწლედი. ამჟამად კი ის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამსახიობო ფაკულტეტზე აგრძელებს სწავლას. პიანისტი 12 წელია კონცერტებს მართავს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მისი ერთ-ერთი ბოლო წარმატებული ვიზიტი გახლდათ ნიუ-იორკში, სადაც ლეჟავამ საქველმოქმედო კლასიკური მუსიკის კონცერტი გამართა.

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი