logo_geo
ზესტაფონში, „ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით, გიორგი ოვაშვილის ფილმის „ხიბულას“ პრემიერა გაიმართა
- +

26 მაისი. 2018. 17:32

 

ზესტაფონში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეული მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ზესტაფონის მერიის ორგანიზებით და „ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით, უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში რეჟისორ გიორგი ოვაშვილის ფილმის – „ხიბულას“ პრემიერა გაიმართა, სადაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ცხოვრების ბოლო დღეები იყო აღწერილი.

 

როგორც ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორმა, ვასილ გველესიანმა განაცხადა, კომპანიას საშუალება მიეცა, მონაწილეობა მიეღო ფილმის პრემიერის გამართვაში.

 

„ჯორჯიან მანგანეზს“ საშუალება მიეცა, მონაწილეობა მიეღო ფილმის პრემიერის გამართვაში. ჩვენ სიამოვნებით უზრუნველვყავით ბილეთების შეძენა და ზესტაფონელებს საქართველოს 100 წლის დამოუკიდებლობის დღეებთან დაკავშირებით, ვაჩუქეთ ეს დღე. ვულოცავ ზესტაფონს და ზესტაფონელებს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს“,- განაცხადა ვასილ გველესიანმა.

 

რეჟისორმა გიორგი ოვაშვილმა ფილმის შინაარსზე ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, მოხარულია, რომ ფილმის ჩვენებაზე ბევრი მაყურებელი მივიდა.

 

„ფილმში უშუალოდ, მოთხრობილია საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ცხოვრების ბოლო დღეები. ეს არის მხატვრული სურათი, გარკვეული იმპროვიზაციებით. მიხარია, რომ ფილმის ჩვენებაზე ბევრი მაყურებელი მოვიდა“, - განაცხადა გიორგი ოვაშვილმა.

 

როგორც კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა აღნიშნა, სასიხარულოა, რომ წარმატებული ქართველი რეჟისორის, გიორგი ოვაშვილის ფილმის „ხიბულას“ ჩვენება ზესტაფონში გაიმართა.

 

„ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, უზრუნველვყოთ მეტი ადამიანის ჩართულობა მსგავს ღონისძიებებში. ამიტომ კომპანიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ხელოვნების განვითარებაა. სასიხარულოა ისიც, რომ საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესი იყო აღნიშნული პროექტის მიმართ”, - განაცხადა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

 

აღსანიშნავია, რომ ფილმის დასასრულს, რეჟისორსა და მაყურებელს შორის ფილმის განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში შედგა.

 

ცნობისათვის, ხიბულა სოფელია, სადაც პრეზიდენტმა ცხოვრების ბოლო დღეები გაატარა. სცენარს 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქვეყანაში განვითარებული რეალური მოვლენები დაედო საფუძვლად.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი