logo_geo
წელიწადში რამდენჯერ აწყობს არჩილ გამზარდია საახალწლო ნაძვის ხეს?
- +

1 იანვარი. 2017. 10:12




ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ახალ წელს მეუღლესთან და შვილებთან ერთად ხვდება. „ქართულ აზრთან" საუბარში გამზარდიამ აღნიშნა, რომ მისი მეკვლეები ყოველთვის შვილები არიან. მისივე თქმით, მიუხედავად პრობლემებისა, საზეიმო განწყობა მათ სახლში ყოველთვის არის.

 

„ბოლო წლებში, მას შემდეგ, რაც დავოჯახდი, შემეძინა შვილი, ახალ წელს ოჯახში ვხვდები, მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად. როგორც წესი, მეკვლეები ჩემი შვილები არიან, წელს უკვე ორივე შემოაბიჯებს და ამით იქნება განსაკუთრებული, რადგან მეორე შვილმაც აიდგა ფეხი.

 

შვილების გამო ჩვენს ოჯახში ახალი წელი ბევრად ადრე იწყება. დეკემბრის შუა რიცხვებში ნაძვის ხეს ვდგამთ. სანამ ბავშვები პატარები არიან, გვაქვს შესაძლებლობა, რომ 30-40-ჯერ დავდგათ ნაძვის ხე, იმიტომ, რომ როდესაც პირველი შვილი იყო 2-3 წლის, როგორც ხდება ხოლმე ნაძვის ხისადმი დიდი სიყვარულის გამო, მასთან ცეკვავდა, ამიტომ ნაძვის ხე ხშირად ძირს ეგდო ხოლმე და მერე ხელახლა ვაწყობდით. ახლა მეორე შვილია ასეთ ასაკში.

 

როგორც წესი, ჩვენი სახლი არის მთლიანად მორთული ყველა იმ რეკვიზიტით, რომელიც საახალწლოდ ითვლება და საზეიმო განწყობა ყოველთვის არის ჩვენთან, მიუხედავად პრობლემებისა", - ამბობს არჩილ გამზარდია.

 

რაც შეეხება ტრადიციებს, არჩილ გამზარდია „ქართულ აზრთან" საუბარში ამბობს, რომ მათი უცვლელი ტრადიცია ერთმანეთისთვის საჩუქრების გაკეთებაა.

 

„ჩვენს ოჯახს გააჩნია საჩუქრების ურყევი ტრადიცია, თუმცა ისევ და ისევ შვილების გამო ნაძვის ხის ქვეშ ამ საჩუქრებს უკვე ვეღარ ვდებთ და ახალი წლის შემოსვლის შემდეგ საჩუქრებს ხელში გადავცემთ. ყოველთვის ვცდილობთ, რომ გამოუცნობი საჩუქრები მივცეთ ერთმანეთს, რომელიც განსაკუთრებულია არა მატერიალურად, არამედ ჩანაფიქრის დონეზე და ყველაზე მნიშვნელოვანი ის მომენტია, როდესაც ერთმანეთს ვულოცავთ ახალ წელს", - ამბობს გამზარდია.


როგორც ბატონი არჩილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, ყოველთვის ჩართულია საახალწლო სამზადისში და მეუღლესთან ერთად კერძების მომზადებაშიც იღებს მონაწილეობას.


„საახალწლო სამზადისის მონაწილე ყოველთვის ვარ. ჩვენთან საქმიანობა არ არის გენდერული ნიშნებით დაყოფილი. კერძების მომზადებაშიც რამდენადაც არის შესაძლებლობა, იმდენად ვერთვები. ერთადერთი, რითიც განვსხვავდები ხოლმე, ის არის, რომ 6 საათი თონის პურის რიგში არ ვდგავარ და მივდივარ და ვყიდულობ იმ პურს, რომელიც მაღაზიაში იყიდება და ცივი პურით ვხვდებით ახალ წელს", - ამბობს იგი.


არჩილ გამზარდია 2017 წელს ისურვებდა, რომ ქართველმა ერმა სამშობლოს იდეა ბოლომდე იგრძნოს და ამ იდეას ემსახუროს.

 

„რაც ყველაზე მეტად მაღელვებს არის ის, რომ ჩვენ სამშობლოს იდეას ბოლომდე ვერ ვგრძნობთ და ვუსურვებდი ჩვენს ერს, რომ ეს გვეგრძნოს. თუ ჩვენ სამშობლოს იდეას ვიგრძნობთ, გვექნება იდეა, რომელსაც მოვემსახურებით ყველა ერთხმად და ერთმანეთის ცუდის დანახვის მოტივაციის ნაცვლად ჩვენი საქმე იქნება რაღაცის შექმნა. ერი, რომელიც შექმნაზე არის ორიენტირებული, ის ქმნის კარგ და ძლიერ ქვეყანას, მიუხედავად იმისა, რომ ლიდერები შეიძლება იდეალურები არ იყვნენ.

 

ჩემი ერთადერთი სურვილი არის ეს, აკვარიუმში ადამიანი ვერ იცხოვრებს. შეუძლებელია, ერი იყოს ცუდად და შენ იყო კარგად, რადგან შეხედულებებსა და დამოკიდებულებებს ყველა სხვა დანარჩენი ქმნის, ამიტომ, ჩვენ უნდა შევქმნათ ჩვენი სახელმწიფო. ეს არის, რაც მე, როგორც საჯარო პირს მინდა ვუსურვო ჩემს თავსაც, სამშობლოსაც და ხალხსაც", - ამბობს არჩილ გამზარდია.





 

big_banner
არქივი