logo_geo
ძველი ქართული საახალწლო ტრადიციები...
- +

3 იანვარი. 2017. 10:41




შობა-ახალი წელი ყველასთვის განსაკუთრებული პერიოდია, რომელსაც დიდი სიხარულით ველოდებით. ამ დღესასწაულებისთვის სამზადისსა და ფუსფუსს დეკემბრის დასაწყისში ვიწყებთ, თუმცა ახალი წლის თარიღს საქართველოში ხშირად ცვლიდნენ.


IV საუკუნეში ახალ წელს 6 აგვისტოს აღნიშნავდნენ, VII საუკუნიდან IX საუკუნის დამდეგამდე - სექტემბერში, შემდგომ კი, ახალი წლის აღნიშვნა მარტში გადაიტანეს. XIV საუკუნიდან კი, მისი თარიღი, ევროპული კალენდრის მიხედვით იანვარში დაწესდა.


შობა-ახალი წლის აღნიშვნა, ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების გარეშე წარმოუდგენელია, რადგან სწორედ ისინი სძენენ ახალ წელს განსაკუთრებულ ხიბლს. ამ მხრივ ჩვენი ქვეყანა გამორჩეულია. საახალწლო რიტუალები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ნებისმიერი მათგანის მიზანი ერთია - ხალხი დღესასწაულს ისე უნდა შეხვდეს, რომ ახალმა წელიწადმა თითოეულ ოჯახს ბედნიერება, ჯანმრთელობა, ხვავი და ბარაქა მოუტანოს.


როგორც წესი, ახალი წლის ღამეს სახლში, ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად ვხვდებით, რის შემდეგაც წინასწარ შეთანხმებული მიმოსვლა იწყება. თუმცა, მანამდე მეკვლეობის მნიშვნელოვანი რიტუალია ჩასატარებელი, რომლის გარეშეც ქართული ახალი წელი წარმოუდგენელია. მიუხედავად სხვადასხვა კუთხეში არსებული განსხვავებული ტრადიციებისა, მეკვლეს ტრადიცია ყველასთვის საერთოა. მეკვლე, მეფეხე, მეფეხური - ის ადამიანია, რომელიც ახალი წლის დადგომის შემდეგ პირველი შეაღებს ოჯახის კარს.


მეკვლეობის ტრადიცია საქართველოში ოდითგანვე არსებობდა. მას, ერთხანს, საკრალურ მნიშვნელობასაც კი ანიჭებდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ სწორედ პირველი სტუმრის ფეხზე იყო დამოკიდებული, მომავალი წელიწადი ოჯახისთვის რამდენად კარგი ან ცუდი იქნებოდა.


მეკვლეობა, სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციიდან იღებს სათავეს. სტუმრის მიღება, ტრადიციულად, ოჯახის ღირსებად ითვლებოდა, ხოლო მეკვლე, უპირველეს ყოვლისა, სტუმარს ნიშნავს, რომელმაც გზა უნდა გაიკვალოს ოჯახისკენ და „ბედნიერი ფეხით" ესტუმროს მას.


საქართველოში ახალ წელთან ბევრი წარმართული ტრადიცია იყო დაკავშირებული მაგალითად: "ბასილას", "ჩიჩილაკის" და სხვა კულტები... ჩიჩილაკის კულტი საქართველოში, განსაკუთრებით გურიასა და სამეგრელოში იყო გავრცელებული, თუმცა სხვადასხვა კუთხეში მისი მორთულობები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა.  


ცნობილია, რომ ჩიჩილაკს თხილის ტოტებისგან თლიან. ერთ-ერთი გადმოცემის მიხედვით, თხილი კაკალთან ერთად ერთ-ერთ ყველაზე მოსავლიან მცენარედ ითვლებოდა. სწორედ ამიტომ თლიდნენ ჩიჩილაკს თხილის ხისგან. გრძელ თეთრწვერიან ჩიჩილაკს რთავდნენ ძვირფასი სამკაულებით, ტკბილეულით და ხილით. ზედ ჩამოკიდებული სხვადასხვა ხილი და ტკბილეულიც ბარაქისა და ულევი სიტკბოების სიმბოლოდ აღიქმებოდა. ჩიჩილაკს სხვანაირად „ბასილას წვერს" ეძახიან. იგი წმინდა ბასილი დიდის სახელს უკავშირდება.


კიდევ ერთი საინტერესო ტრადიციაა დაკავშირებული წმინდა ბასილის სახელთან. ძველ საქართველოში, ჯერ კიდევ მანამ, სანამ ქრისტიანობა დამკვიდრდებოდა, ახალი წლის აღნიშვნა დაკავშირებული იყო მზის ღვთაებასთან. უკანასკნელ დრომდე ქართული საახალწლო სუფრის განუყოფელი ნაწილი იყო პურისგან გამომცხვარი „ბასილას" ქანდაკებაც. როგორც ცნობილია, თავდაპირველად ბასილა არა წმ. ბასილის, არამედ წარმართული ხანის მზის ღვთაების ქანდაკება იყო, ბასილას კვერები კი - მასთან დაკავშირებული ღვთაებები, რომლებსაც ჩვენი წინაპარნი შორეულ წარსულში შვიდ მნათობთა სახით თაყვანს სცემდნენ. მხოლოდ III საუკუნის შემდეგ, ქრისტიანულმა ეკლესიამ ახალი წლის დღესასწაული წმ. ბასილის ხსოვნას დაუკავშირა და ამ დროიდან ქართულ საახალწლო სუფრაზე არსებულ მზის ღვთაების ქანდაკებას, ბასილა ეწოდა.




წყარო: http://metra.ge/

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი