logo_geo
ნუცა ბუზალაძე: ახალი წელი გამორჩეულად მიყვარს...
- +

2 იანვარი. 2017. 14:33




„ყოველ ახალ წელს, რასაც ჩავიფიქრებ, იმ წელს აუცილებლად მიხდება", - აღნიშნავს მომღერალი ნუცა ბუზალაძე და ამ ლამაზი დღესასწაულის შესახებ საუბრობს, რომელსაც წინა წელს, არც მეტი, არც ნაკლები, ბენზინგასამართ სადგურზე შეხვდა.


მომღერლის თქმით, 2016 წელი მისთვის გამორჩეული და განსხვავებული იყო. სამომავლოდ კი, ბევრი გეგმა აქვს და მუსიკალური განათლების მიღებას უცხოეთში აპირებს.  


„ჩემთვის ჯადოსნური დღესასწაულია. ახალი წელი გამორჩეულად მიყვარს. გარეთ რომ გავდივარ და ვგრძნობ, ესეც ძალიან მომწონს, მაგრამ თბილისში ისე ძალიან არ იგრძნობა... ყოველ ახალ წელს, რასაც ჩავიფიქრებ ხოლმე, იმ წელს აუცილებლად მიხდება. მაქვს სურვილი, ყოველ წელს განვვითარდე და ასეც ხდება.

 

ძალიან მიყვარს საჩუქრები, მით უმეტეს ახალ წელს. საჩუქრებს არა ახალი წლის ღამეს, არამედ მეორე დღეს ვხსნით. დეიდაჩემი სტამბოლში ცხოვრობს და ძირითადად, იქ ვხვდებოდი ამ დღესასწაულს. სწორედ იქ ჩამოგვიყალიბდა ასეთი ტრადიცია.

 

წინა წელს მე და ნოდიკო ახალ წელს ბენზინგასამართ სადგურზე შევხვდით. ნოდიკოს ახალი მანქანით ვიყავით და ბენზინი აღარ გვქონდა. „ცეკვავენ ვარსკვლავების" ფინალიდან გავრბოდით საახალწლო კონცერტზე... ერთ ახალ წელს სტამბოლიდან მოვფრინავდი და იქ ჩავრჩი, ყველა კონცერტი გამიუქმდა, რადგან ქარბუქი იყო და ვერ გამოვფრინდით. 3 იანვარს ძლივს ჩამოვაღწიე. წელს, საირმეში ვიქნები, იქ კონცერტი მაქვს და თან, ოჯახთან ერთად დავისვენებ.

 

ახლა მივხვდი, რომ გავიზარდე და პატარა გოგო აღარ ვარ. ის თვისებები, რაც ორი წლის წინ მქონდა, აღარ მაქვს. როგორც გოგო, უფრო დავიხვეწე, ჩამოვყალიბდი, სტილი მოვძებნე.

 

ამ წელს ჩემს ცხოვრებაში განსხვავებული ნაბიჯი გადავდგი - თურქულ „ვოისში" მონაწილეობა გამორჩეული პერიოდი იყო. სიმღერაც ჩავწერე,  პროდიუსერის შემოთავაზება და ხუთწლიანი ხელშეკრულება კი არ მაწყობდა და აღარ დავთანხმდი იქ კარიერის გაგრძელებას. მინდა, უცხოეთში მივიღო მუსიკალური განათლება, ამიტომ ხანგრძლივი კონტრაქტი არავისთან მაწყობს.

 

მსურს, მიუზიკლში ვცადო ბედი. სულ მინდოდა, თან მეთამაშა, თან მეცეკვა და მემღერა. ამოჩემებული არ მაქვს, რომ მაინცდამაინც ბროდვეიზე მოვხვდე, კინოში რომ გადამიღონ", - აღნიშნა ნუცა ბუზალაძემ.

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი