logo_geo
Radisson Collection-ის ბრენდის სასტუმრო წინანდლის ისტორიულ მამულში გაიხსნება
- +

7 ივნისი. 2018. 03:51

 

 

აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში Radisson Collection-ის პირველი სასტუმრო – The Tsinandali Estateკახეთში 2018 წლის სექტემბერში სატესტო რეჟიმში, ხოლო ოქტომბრიდან უკვე სრული დატვირთვით გაიხსნება, ამის შესახებ ინფორმაციას რედისონის სასტუმროების ჯგუფი ოფიციალურად ავრცელებს.

 

Radisson Collection – Tsinandali Estate საქართველოში სასტუმრო მომსახურების ხარისხს ახალ საფეხურზე გადაიყვანს. თანამედროვე დიზაინის მქონე სასტუმრო, რომელიც ქართული ტრადიციების, კულტურისა და არქიტექტურული სტილის ინსპირაციით  შეიქმნა, ხელს შეუწყობს კახეთის რეგიონის ტურისტულ განვითარებას.

პროექტის უნიკალურობას მისი ადგილმდებარეობაც განაპირობებს.  სასტუმრო გარშემორტყმულია წინანდლის მამულის 18 ჰექტარზე გაშლილი ისტორიული პარკით.  რამდენიმე წუთის მანძილზეა ქართული რომანტიზმის ფუძემდებლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სასახლეც, რომელიც თავისთავად რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.

„სასტუმრო Radisson Collection – Tsinandali Estate – არაჩვეულებრივი სიახლეა, რომელიც საქართველოში ჩვენს სასტუმროების პორტფელს შეემატება.  ის სტუმრებს დაუვიწყარ მომსახურებას შესთავაზებს. ჩვენი კომპანიის მფლობელებს კი, მისცემს საშუალებას განავითარონ ორიგინალური სტილის მქონე სასტუმრო, რომლის წარმატების მთავარი საფუძველიც ადგილობრივი ტრადიციები და სასტუმროების გლობალური წარმომადგენლობის უპირატესობა იქნება.“ – განაცხადა Radisson Hotel Group-ის  ბიზნეს განვითარების ვიცე-პრეზიდენტმა, დევიდ ჯენკინსმა.

„მოხარულები ვართ, რომ საქართველოში Radisson Collection-ის გახსნის შესახებ გაფორმებული შეთანხმებით, ჩვენ კიდევ უფრო გავაღრმავებთ საქმიან ურთიერთობა Radisson Hotel Group-თან. წინანდლის მამული თავისთავად წარმოადგენს უნიკალურ ადგილს ტურიზმისა და დასვენების კუთხით. ჩვენ ვხედავთ აშკარა კავშირს მამულსა და Radisson Collection-ის ბრენდს შორის. დარწმუნებულები ვართ, ჩვენი სტუმრები მიიღებენ დაუვიწყარ გამოცდილებას, დატკბებიან საქართველოს ულამაზესი ბუნებით, ეზიარებიან თავად მამულის მდიდარ ისტორიულ მემკვიდრეობას და, რაღა თქმა უნდა, ცნობილ ქართულ მეღვინეობის კულტურას.“ – აღნიშნა Silkroad Hospitality ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ ლოსასომ.

სასტუმრო 141 მსხვადასხვა კატეგორიის ოთახს აერთიანებს. სტუმრებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ განსაკუთრებული მომსახურებით, რომელიც გულისხმობს: საცურაო აუზს სასტუმროს ბოლო სართულზე კავკასიონის მთების შთამბეჭდავი ხედით, სპა ცენტრს, რესტორნების ფართო არჩევანს, ამფითეატრს ღია ცის ქვეშ, რომელიც 1200 ადამიანს მოემსახურება, საკონფერენციო დარბაზებს, ვერტმფრენის ასაფრენ მოედანს და, რა თქმა უნდა, წინანდლის ისტორიული პარკის დათვალიერების საშუალებას.

სტუმრებს ასევე საშუალება ექნებათ გაეცნონ ალექსანდრე ჭავჭავაძის ღვინის კოლექციებს და შეუკვეთონ უნიკალური სახეობის ღვინის დეგუსტაცია წინანდლის ღვინის ბარში. ეს იქნება დაუვიწყარი გამოცდილება ღვინის და, ზოგადად, ქართული მეღვინეობის ნამდვილი დამფასებლებისთვის.

სასტუმრო Radisson Collection – Tsinandali Estate მდებარეობს თბილისიდან 104 კილომეტრის მოშორებით, წინანდალში. პროექტი ასევე მოიცავს ობიექტებს, რომლებიც განკუთვნილი იქნება სხვადასხვა სახის ბიზნეს ტურიზმის MICE  ღონისძიებებისთვის (გამოფენები, კონფენერციები, შეხვედრები, ქორწილები). ქართული არქიტექტურული სტილის მქონე სივრცეები გააფორმდება მსოფლიოში სახელგანთქმული დიზაინერის, ინგო მაუერის  და ცნობილი ქართველი მხატვრისა და მოქანდაკის თამარ კვესიტაძის მიერ.

პროექტი „თიბისი“ ბანკისა და „საპარტნიორო ფონდი“-ს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი