logo_geo
დღეს ოტია იოსელიანის დაბადების დღეა
- +

16 ივნისი. 2018. 03:38

 

ოტია იოსელიანი 1930 წელს წყალტუბოს რაიონის სოფელ გვიშტიბში დაიბადა. ერთი წლისა და სამი თვისას მამა გარდაეცვალა. ოტიაც და მისი უმცროსი ძმა შალვაც ჯერ კიდევ აკვანში იყვნენ. ორ აკვანს შორის ქვრივად დარჩენილ დედას - ლიზა (ცუცა) ალაშვილს მეტად გაუჭირდა ობლების გაზრდა, თუმცა ოჯახში იმყოფებოდნენ მწერლის ბებია და მამიდა, რომლებმაც მომავალში დიდი გავლენა მოახდინეს მის პიროვნებად ჩამოყალიბებაზე.

 

ოტია და მისი ძმა წყალტუბოს სკოლაში ერთად შევიდნენ. მესამე კლასიდან ის მამიდამ, რომელიც რუსული ენის მასწავლებელი იყო, გვიშტიბის მეზობლად სოფელ გუბისწყალში წაიყვანა სასწავლებლად. ბავშვები ყოველ შაბათ-კვირას სოფელში ბრუნდებოდნენ და მამისეულ საკარმიდამო ნაკვეთს უვლიდნენ.

 

მწერლის დედა იმ დროისათვის წყალტუბოში ერთ-ერთ სანატორიუმში მუშაობდა და ცდილობდა, იქ აღებული ორიოდე კაპიკით დახმარებოდა ოჯახს. დედას ძალიან უჭირდა გაძღოლოდა ოჯახს.

 

მალე კეთილშობილი ნათესავების რჩევითა და თავისი გაწამებული ცხოვრებით, გადაწყვიტა ვინმე მშრომელ, პატიოსან კაცზე გათხოვილიყო. მაგრამ ოტიას დედის ეს ნაბიჯი დაგვიანებული აღმოჩნდა, რადგანაც ოტია და მისი ძმა ათი-თერთმეტი წლისანიიყვნენ. მათ კარგად იცოდნენ ბებიას მოყოლილი ზღაპრებიდან დედინაცვალი და მამინაცვალი. ბავშვები იმ ასაკში იყვნენ, როდესაც მათ შემეცნებაში ერთმანეთში ირევა მართალი და ტყუილი, ბოროტება და სიკეთე, სინამდვილე და ზღაპარი. ბავშვებმა მეტად მტკივნეულად განიცადეს დედის გათხოვება, უარი თქვეს, მასთან ერთად წასულიყვნენ ქუთაისში, ისევ მამისეულ სახლში ბებიასთან და მამიდასთან დარჩენა არჩიეს. მალე უმამობას უდედობაც დაემატა.

 

სკოლის წლებს მწერალი დიდ ადგილს უთმობს თავის შემოქმედებაში. განსაკუთრებული პატივისცემით იხსენიებს ქართული ენის მასწავლებელს ქეთევან ბალანჩივაძეს, რომელიც ოთხი წელი დამრიგებელიც იყო. ქეთევანმა წარუშლელი კვალი დატოვა ბავშვობისდროინდელ მეხსიერებაზე.

 

მწერალმა სკოლაში გაიცნო ქეთევან ფანცხავაც, რომელიც მათთან მეშვიდე კლასში გადავიდა. მოგვიანებით კი ქეთევანი მისი მეუღლე გახდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ქეთომ და ოტიამ ქუთაისს მიაშურეს და პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩააბარეს ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე.

 

მომავალი მწერალი იქ დიდხანს არ გაჩერებულა. პირველ კურსზევე მიატოვა ინსტიტუტი და თბილისის სამხატვრო აკადემიას მიაშურა. ამ დროისათვის მას უკვე ჰყავდა მეუღლე და უფროსი ვაჟი ბაჩო.

 

ერთი წელი მან მოსამზადებელ კურსებზე დაჰყო. მაგრამ მისაღებ გამოცდებზე ქართულ ლიტერატურაში ჩაიჭრა და ინსტიტუტის გარეთ დარჩა. ოტია დაბრუნდა სოფელში და გულმოსულმა სხვისთვის კი არა, საკუთარი თავისთვის რომ დაემტკიცებინა, ქართული სხვაზე ნაკლებად არც მან იცოდა, მოთხრობების წერა დაიწყო.

 

ოტიას უთხრეს: ძალიან რომ მოინდომოს, საბავშვო მწერლად იქნებ გამოდგესო.

„ვითომ საბავშვო მწერლობა პატარა ამბავი ყოფილიყოს", - ამბობს ოტია.

შედეგი, რა თქმა უნდა, განსაცვიფრებელი გამოდგა.

ამის შემდეგ იგი იწყებს ნოველების, მოთხრობების, რომანების, ზღაპრების, პიესების და სცენარების წერას.

 

ოტია იოსელიანი მწერალთა კავშირიდან გაგზავნეს საკავშირო მწერალთა კავშირის უმაღლეს ორწლიან კურსებზე. რუსეთში ყოფნისდროს გარდაეცვალა „ქვეყნის უკეთესი ბებია", რაც ძალიან განიცადა. 1961 წელს დაამთავრა სსრკ მწერალთა კავშირთან არსებულიუმაღლესი ლიტერატურული კურსები. მისი პირველი თხზულება დაიბეჭდა 1954 წელს, მოთხრობების პირველი კრებული „კარის მეზობელი" გამოსცა 1957 წელს.

 

1957 წელს ოტია იოსელიანის სამწერლო ასპარეზზე გამოჩენამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა. მისი პირველი რომანის განხილვისას(მოსკოვში) კრიტიკოსების მხრიდან ეჭვიც კი გამოითქვა, რატომ უნდა განხილულიყო ეს რომანი ტოლსტოის დონეზე, იმდენად მაღალი შეფასება მოიპოვა ამ ნაწარმოებმა. იქიდან მოყოლებული სულ უფრო ძლიერდებოდა ოტიას შემოქმედებისადმი სიყვარული. მოთხრობას მოთხრობა მოყვა, ნოველას - ნოველა, რომანს -რომანი... აღიარებას - აღიარება. სულ მალე ამ ყველფერს დაემატა დრამატურგი და სცენარისტი ოტია იოსელიანი. თეატრთან პირველი შეხება სერგო ზაქარიაძის მეშვეობით მოხდა. სწორედ ამ მსახიობისთვის დაიწერა პიესები: „ადამიანი იბადება ერთხელ", „სანამ ურემი გადაბრუნდება" და „ურემი გადაბრუნდა" (მის კინოვერსიაშიც სერგო ზაქარიაძემ შეასრულა მთავარი როლი).

 

1960 წელს გამოვიდა ოტია იოსელიანის საბავშვო სათავგადასავლო წიგნი „უთაური ბიჭის თავგადასავალი".

 

1961 წელს გამოაქვეყნა რომანი „ვარსკვლავთცვენა". იმავე წელს დაიწერა პიესა „ადამიანი იბადება ერთხელ" და დაიდგა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში.

 

2002 წელს გამოიცა მისი ახალი კრებული, რომელშიც 99 ლექსია შეტანილი.

 

ოტია იოსელიანი ავტორია ოცამდე პიესისა, რომელთაგან: „ადამიანი იბადება ერთხელ", „სანამ ურემი გადაბრუნდება", „ექვსიშინაბერა და ერთი მამაკაცი", „ურემი გადაბრუნდა" და სხვა დაიდგა საქართველოსა და საზღვარგარეთის ასზე მეტ თეატრში.

 

მწერალი ავტორია სცენარებისა: „ჩქარი მატარებლიდან" „ლევანა", „თეთრი ქალიშვილი", „აკაციის ყვავილობა", „ცეცხლთან თამაში", „ბოშას კოცნა", „მალე გაზაფხული მოვა", „ჩემი ქალაქის ვარსკვლავი".

 

ოტია იოსელიანი ცხოვრობდა წყალტუბოში, თავისივე ხელით აგებულ ლამაზ ოდა სახლში, სადაც თავს იწონებს ოტიასავე ხელით გაკეთებული ბუხარი. ოტია იოსელიანს სახლის მეორე სარული დათმობილი აქვს ლიტერატურული სალონისათვის. სალონს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან სტუმრობენ მწერლები, ხელოვნების მუშაკები და ატარებენ ლიტერატურულ საღამოებს. ო.იოსელიანს ჰყავს სამი შვილი - ბაჩო, მანო და დაჩი, რომელთა სახელები კარგადაა ნაცნობი მისი ნაწარმოების მკითხველისათვის.

 

ოტია იოსელიანი გარდაიცვალა 2011 წლის 14 ივლისს. დაკრძალულია სოფელ გვიშტიბში, საკუთარი სახლის ეზოში, მწერლის ანდერძის თანახმად.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი